logo_geo
რატომ მოკლა ბერიამ თავის კაბინეტში სომეხი თანამდებობის პირი?
- +

4 დეკემბერი. 2016. 13:42



მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას მტრებიც და მოყვარეებიც ძალიან გაწონასწორებულ კაცად ახასიათებდნენ, რომელიც ემოციებს არ ჰყვებოდა, მასაც ჰქონდა შემთხვევები, როცა გააფთრებულ ვეფხვს ემსგავსებოდა და ამ დროს მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ისტორიკოსი იოსიფ აგაფონოვი წერდა: - ამიერკავკასიის ცკ-ის პირველ მდივნად ბერიას დანიშვნა სტალინის იდეა იყო, რომელსაც დიდად ანაღვლებდა ამ სამი კავკასიური რესპუბლიკის ბედ-იღბალი, ის მათ ყველაზე ჭირვეულად მიიჩნევდა და მათ მოსარჯულებლად დანიშნა სწორედ ბერია. ახალგაზრდა და ენერგიულმა ქართველმა ჩინოვნიკმა მალევე დაამყარა წესრიგი რეგიონში.


16-მილიონიან კავკასიაში მას პატივს სცემდნენ, თუმცა მისმა მოჩვენებითმა რბილმა ხასიათმა სომხეთის ცკ-ის პირველი მდივანი შეაცდინა. ძველი, გამობრძმედილი ბოლშევიკი თბილისში ეახლა თავის პირდაპირ უფროსს და ერთგულების ნიშნად სპარსული ხალიჩა მიართვა. აგასი ხანჯიანს სამი ადამიანი ახლდა, რომლებმაც ხალიჩა კაბინეტში შეიტანეს და გავიდნენ. ბერიამ ხალიჩას შეხედა და ხანჯიანს ჰკითხა: ეს რა არის, რომ სამ ადამიანსაც ემძიმა მისი შემოტანა?

 

- ეს, ლავრენტი პავლოვიჩ, ძველებური სპარსული ხალიჩაა და სომეხი ხალხი მთელი სულითა და გულით გჩუქნით, - უპასუხა ხანჯიანმა.


- ალბათ ძალიან ძვირფასია...


ხანჯიანმა იქედნურად ჩაიღიმა და უპასუხა:


- მეგობრობას ფასი არ აქვს, ლავრენტი პავლოვიჩ...


- მართალი ხართ, ამხანაგო აგასი, და ეს საჩუქარი, როგორც ჩვენი ხალხის მეგობრობის სიმბოლო, მუზეუმში დაიდებს ბინას, - მოკლედ მოუჭრა ბერიამ სტუმარს და ამით აგრძნობინა, ქრთამს არ ვიღებო. შემდეგ გამოჰკითხა სომხეთში მიმდინარე პროცესებზე. ხანჯიანმა ყველა კითხვაზე უპასუხა და საუბრის ბოლოს ისევ სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობის თემას დაუბრუნდა. ბერია არავისზე ნაკლები დიპლომატი არ იყო და მიხვდა, რომ სტუმარი სერიოზული საუბრისთვის ნიადაგს ამზადებდა. უეცრად ხანჯიანი ტერიტორიების თემას შეეხო:


- ლავრენტი პავლოვიჩ, სომხებს მცირე და უნაყოფო მიწები გვაქვს, სომეხი ხალხის სახელით მინდა გთხოვოთ, ამხანაგ სტალინთან გვიშუამდგომლოთ, რომ ჯავახეთის მიწები დაგვითმოს, რათა უფრო ერთგულად და პროდუქტიულად ვემსახუროთ სამშობლოს.


ამ ფრაზის წარმოთქმისას კაბინეტში შევიდა სერგო გოგლიძე, რომელიც ბერიას ახლო მეგობრად ითვლებოდა და უფლება ჰქონდა, დაუკაკუნებლად შესულიყო მასთან. მოგვიანებით, როდესაც ბერიას საქმეზე ჩვენებას მისცემს, ის იტყვის:


„ლავრენტი პავლოვიჩი წამოწითლდა და სიბრაზისგან აკანკალდა, შემდეგ სომხურ ენაზე უყვირა ხანჯიანს:


- ნაძირალა! ქართული მიწები მოგინდა? თან სტალინისგან გინდა მიიღო ჩემი მეშვეობით?


ხანჯიანი გაფითრდა, ოფლმა დაასხა, ლავრენტი პავლოვიჩმა დამცინავად გახედა, მაგიდის უჯრიდან შავი „ნაგანი" ამოიღო,  ორჯერ ესროლა ხანჯიანს და დაამატა: „მოკვდი, შე ძაღლის გაგდებულო!" მერე უეცრად დამშვიდდა და მითხრა:


- სერგო, გვამი იმ ხალიჩაში გაახვიე, ღამე გაიტანეთ ქალაქიდან და სადმე ორმოში ჩააგდეთ...


მე და ჩემმა თანამშრომლებმა ზუსტად შევასრულეთ ბრძანება და გვამი სოღანლუღში დიდ ორმოში ჩავაგდეთ"...


გოგლიძის სიტყვებით, უკვალოდ გაქრა ხანჯიანის სამი თანმხლებიც, რომლებიც სასტუმროში ელოდნენ თავის უფროსს.


ისტორიული არქივები ადასტურებენ, რომ „ხანჯიანის საქმე" შეთანხმებული იყო პირადად სტალინთან. რამდენიმე დღეში სომხეთში ახალი მდივანი თავად ბერიამ წარადგინა, ხანჯიანი კი ხალხის მტრად გამოცხადდა.


ცხადია, ბერიას შეეძლო ამ საქმის მკვლელობის გარეშე მოგვარება, მაგრამ როგორც ეტყობა, ემოციებს ვერ მოერია და ქართული მიწების ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილი აგასი ხანჯიანიც ამას ემსხვერპლა.




 

big_banner
არქივი