logo_geo
ფიდელ კასტროს ავტომობილები - კომანდანტე და მისი კაბრიოლეტები
- +

6 დეკემბერი. 2016. 17:30


 


ცოტა ხნის წინ ფიდელ კასტრო გარდაიცვალა. კომანდანტე არა მარტო დიდი რევოლუციონერი იყო, არამედ ავტომობილების საკმაოდ კარგი კოლექციაც ჰქონდა.


ფიდელს ძალიან უყვარდა საჭესთან ჯდომა. ის არაერთხელ უნახავთ თვით ტრაქტორების საჭესთანაც. ავტომობილების უმეტესობა კი საჩუქრად სოციალისტური ქვეყნების ლიდერებისგან მიიღო - უმეტესად, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირიდან.

კასტროს განსაკუთრებით კაბრიოლეტები იზიდავდა, რაც კუბის ცხელი კლიმატის გათვალისწინებით, ნამდვილად არ არის გასაკვირი. საინტერესოა, რომ კაცს, რომლის მოკვლაც დაახლოებით 600-ჯერ სცადეს, ხალხში კაბრიოლეტით გასვლის არ ეშინოდა.

საბჭოთა კავშირში პირველი ვიზიტისას, 1963 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვმა ფიდელს ახალი კაბრიოლეტი, ЗИЛ-111В აჩუქა, რომელსაც 200-ცხენისძალიანი V8 ძრავა და ავტომატური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა.

მალევე, კუბის ლიდერის გარაჟში უფრო თანამედროვე, ЗИЛ-111Д გამოჩნდა, რომელსაც აღლუმებზე წლების მანძილზე იყენებდნენ.

ფიდელ კასტროს ძალიან მოსწონდა ГАЗ-13 „ჩაიკაც". ასევე კაბრიოლეტი, რაღა თქმა უნდა. კომანდანტე თავის დროზე სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდა კიევში. ხრუშჩოვმა მას, რა თქმა უნდა, ეს მანქანაც აჩუქა.


ფიდელი უსაჩუქროდ, რა თქმა უნდა, არც ლეონიდ ბრეჟნევმა დატოვა, რომელსაც ასევე ძალიან უყვარდა ავტომობილები. მან თავის კუბელ კოლეგას ახალი ГАЗ-14 „ჩაიკა" აჩუქა და, გარდა ამისა, 300 ცხენის ძალის მქონე ლიმუზინი ЗИЛ-117, რომელიც 200 კმ/სთ-ს ავითარებდა.

ფიდელის ერთ-ერთი უსაყვარლესი მანქანა იყო ყველგანმავალი ГАЗ-69. კომანდანტე ამ მანქანას უმეტესად თვითონ მართავდა ხოლმე და სწორედ ამ მანქანით გაასეირნა ბრეჟნევი.

აღსანიშნავია, რომ ფიდელის ავტოფარეხში იტალიური სპორტული სედანი, Alfa Romeo Giulia 1750-იც იდგა. ასევე უაღრესად ორიგინალური, თეთრი ფერის Tatra T603. „ტატრას" ძრავა უკან ჰქონდა და მისი V8 აგრეგატი 105 ცხენის ძალას ავითარებდა. სპეციალურად კასტროსთვის, ამ მანქანას ძლიერი კონდიციონერი ჩაუდგეს.


ფიდელ კასტროს უკანასკნელი ავტომობილი დაჯავშნილი Mercedes S (W126) გახლდათ, რომლითაც კუბის ლიდერი 80-იანი წლებიდან ამ დრომდე სარგებლობდა.

როდესაც ფიდელი „დიდ საქმეებს" ჩამოშორდა, თავისი ავტოპარკი ჰავანის ტაქსის სამსახურს გადასცა და დღეს მისი „ჩაიკები" და „ზილები" ტურისტებს დაატარებენ...


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი