logo_geo
შექმნილია ახალი კამერა, რომელიც ადამიანის სხეულში ყველაფერს დაინახავს
- +

7 სექტემბერი. 2017. 21:32



ადამიანის სხეულს შიგნით შეხედვის სამედიცინო ტექნოლოგიებმა გრძელი გზა გაიარა. თუმცა, როგორც ჩანს, მომავალში ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ დაინახონ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კანს მიღმა ხდება.


მკვლევრებმა გამოიგონეს ახალი ტიპის კამერა, რომელიც ხედავს ადამიანის სხეულის შიდა სტრუქტურებს და სინათლის წყაროებს სხეულის ქსოვილებში 20 სანტიმეტრის სიღრმეშიც გამოავლენს.


ამჟამინდელი პროტოტიპი ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს და განკუთვნილია ენდოსკოპთან ერთად მუშაობისათვის. ენდოსკოპი გრძელი, წვრილი ინსტრუმენტია, რომელიც ხშირად აღჭურვილია კამერით, სენსორებითა და სინათლით, რათა კარგად ჩაიხედოს ადამიანის სხეულის ღრუებში.


ენდოსკოპი ღირებული ინსტრუმენტია მრავალი სამედიცინო პროცედურისათვის, მაგრამ ამ დრომდე, რთული იყო გარეგნულად იმის დადგენა, თუ სხეულის ზუსტად რომელ შიდა ნაწილს ათვალიერებდა ინსტრუმენტი, რისთვისაც საჭირო ხდებოდა რენტგენული სკანირების გამოყენება. 


დღეიდან, ეს უკვე პრობლემა აღარ იქნება, რადგან ახალ კამერას აქვს სხეულს შიგნით სინათლის წყაროს დაფიქსირების უნარი, მაგალითად, შეუძლია გამოავლინოს ენდოსკოპის გრძელ, მოქნილ თოკზე მიბმული განათების წყარო.


კამერაში ინტეგრირებული ფოტონის ათასობით დეტექტორის წყალობით, მოწყობილობას შეუძლია დააფიქსიროს ადამიანის ქსოვილებზე დაცემული სინათლის ინდივიდუალური ნაწილაკი. 


როდესაც ფოტონები სხეულის ქსოვილებთან კონტაქტში შედის, როგორც წესი, სინათლე ქსოვილზე მიმოიფანტება ან სხლტება, თუმცა, კამერა საკმაოდ მგრძნობიარეა, რათა მისი ნებისმიერი კვალი დააფიქსიროს.


მიმოფანტული ფოტონებიდან პირდაპირ კამერასთან მისული სინათლის სიგნალების დალაგების გზით, რომლებმაც მასთან მისაღწევად დიდი მანძილი გაიარეს - მოწყობილობას შეუძლია განსაზღვროს, კონკრეტულად სად არის სხეულში მოთავსებული სინათლის გამომყოფი ენდოსკოპი.


ამ ტექნიკას, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებს მიმოფანტულ და ბალისტიკურ (პირდაპირ) ფოტონებს - ბალისტიკურ ვიზუალიზაციას უწოდებენ. მას შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს ექიმებს სხეულის ინტერიერის ენდოსკოპით დათვალიერებისას, რასაც თავის მხრივ შესაძლოა უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდეს სწორ მკურნალობაში.


მოცემულ ფოტოზე ხედავთ კამერის მიერ დაფიქსირებული სინათლის მაგალითს, რომელსაც ცხვრის ფილტვებში მოთავსებული ოპტიკური ენდომიკროსკოპი გამოყოფდა.


მარცხენა სურათზე ასახულია თუ რას ხედავს პროტოტიპი, როგორ ავლენს ბალისტიკური ვიზუალიზაცია ინსტრუმენტის ზუსტ ადგილმდებარეობას ფილტვებში.


მარცხენა ფოტოზე კი ასახულია თუ რას ხედავს ჩვეულებრივი კამერა; სენსორი აფიქსირებს დიდი ოდენობით მიმოფანტულ სინათლეს, მაგრამ ვერ ადგენს ფოტონების წყაროს, რადგან სინათლის ნაწილაკები ფილტვის სტრუქტურის გარშემო ხტუნაობს.


„ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს შევიხედოთ ადამიანის სხეულში", - ამბობს უფროსი მკვლევარი კევ დჰალივალი.


„მოწყობილობის ადგილმდებარეობის ზუსტად დანახვა გადამწყვეტია ჯანდაცვის სფეროს ძალიან ბევრი დავალების შესასრულებლად, რადგან ჩვენ მივისწრაფით დაავადებების მკურნალობის ინვაზიური მიდგომების მინიმალიზაციისკენ".


დჰალივალი მულტიინსტიტუციონალური თანამშრომლობის პროექტ Proteus-ის მკვლევარია. ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების კვლევა, რათა მოხდეს მანამდე უხილავ ბიოლოგიურ საიდუმლოთა გამოვლენა, განსაკუთრებით ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების კუთხით.


ამ შემთხვევაში, როგორც ექიმები აცხადებენ, კამერის მიერ უზრუნველყოფილი გაუმჯობესებული ხედვა ექიმებს საშუალებას მისცემს მოახდინონ მათ მიერ გამოყენებული მთლიანი ენდოსკოპის ვიზუალიზაცია. 


ჯერჯერობით უცნობია თუ როდის ვიხილავთ ამ კამერას კლინიკურ გამოყენებაში, თუმცა იგი ნამდვილად არის იმედისმომცემი მოწყობილობა ვიზუალიზაციისა და დიაგნოსტიკის ტექნოლოგიებში.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი