logo_geo
მიხეილ ქორქიას მუშტისა და ზურაბ საკანდელიძის მარჯვენის სადღეგრძელო...
- +

26 იანვარი. 2018. 14:45



1972 წლის სექტემბერია. მიუნხენის ოლიმპიადა სადაცაა დასრულდება, ახალი მინავლებულია ტერორისტების მიერ მოკლული ისრაელი  მოჭიდავეების მკვლელობით გამოწვეული აჟიოტაჟი. გადაჭედილ მიუნხენის „შპორტჰალეში", კალათბურთელთა ფინალში საბჭოთა გუნდი ხვდება ამერიკის უძლიერეს ნაკრებს, რომელსაც ოლიმპიადებზე არასოდეს წაუგია. საბჭოთა ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველია - ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია. განგებამ ინება, რომ ორივეს მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა იმ დრამაში, რომელიც იმ დღეს დატრიალდა. მიშას ამერიკელთა უძლიერესი მოთამაშის დუაიტ ჯონსონის განეიტრალება ევალებოდა, ეს არც ისე იოლი გახლდათ; შეხვედრის შუაწელს, ამერიკელმა იდაყვი მოარტყა ქართველს სახეში, ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო და აბა, მიშა რის ქართველი იყო, ეს შეერჩინა. მოკლედ, მოედანზე ლამის მუშტი-კრივი გაიმართა და მსაჯებმა ორივე შეხვედრის დასრულებამდე გასახდელში მიაბრძანეს. ამერიკელებმა დაკარგეს გუნდის ხერხემალი, საბჭოთა ნაკრებში კი კიდევ ერთი ქართველი რჩებოდა, რომლის საოცარმა ნახტომმა ბოლო წამებზე, გუნდს თამაშის გადარჩენის შანსი დაუტოვა. უფრო ზუსტად- საფინალო სასტვენამდე 8 წამით ადრე ანგარიში იყო 49:48 საბჭოელების სასარგებლოდ და ბურთიც მათ ჰქონდათ. ალექსანდრ ბელოვს ეს ბურთი თუნდაც „შპორტჰალეს" გუმბათისკენ რომ ესროლა, მოგებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა, მაგრამ მან მოულოდნელად ბურთი მოედნის საკუთარ ნახევარზე გადმოაგდო, სადაც უკვე წაგებას შეგუებული დაგ კოლინზი დახვდა და უმალ მოწინააღმდეგის კალათისკენ გაექანა, მაღალი ნახტომი და... საიდანღაც გამოჩენილმა ვიღაცის მძლავრმა მარჯვენამ ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ მოისროლა, მსაჯებმა ჯარიმა დააფიქსირეს. კოლინზმა ორივე საჯარიმო აუღელვებლად გამოიყენა და შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე, ახლა ამერიკელები გადიან წინ ერთი ქულით. პაულაუსკასმა ბურთი თამაშში დააბრუნა, იქვე გაისმა სასტვენის ხმა, ამერიკელები ზეიმობენ, საბჭოთა გუნდის მესვეურები აპროტესტებენ და სამართლიანადაც, რადგან წესით, ბურთი თამაშში შეყვანილად ითვლება მას შემდეგ, რაც მას კალათბურთელი შეეხება. მთავარმა არბიტრმა შეცდომა აღიარა, წამზომი 3 წამზე დააყენეს და ამჯერად ივან ედეშკოს პასმა მთელი მოედანი გადაკვეთა და ამერიკელთა ფარქვეშ სწორედ ის ალექსანდრ ბელოვი მოძებნა, ვისმა უხეირო პასმაც მთელი ეს აურზაური გამოიწვია. ბელოვმა ბურთი ამერიკელ მცველებთან ჭიდილში დაიჭირა და ხელმეორე ნახტომით კალათში გადაგზავნა. ეს უკვე გამარჯვება იყო. ამერიკელთა საპასუხო პროტესტმა არ გაჭრა. განაწყენებულმა ოკეანისგაღმელებმა მოგვიანებით ვერცხლის მედლების აღებაზე უარი განაცხადეს და მედლების ეს კომპლექტი დღესაც შვეიცარიაში, ლოზანას ოლიმპიურ მუზეუმში ინახება. ახლა,  რაც შეეხება იმ მარჯვენას, რომელიც ზურაბ საკანდელიძეს ეკუთვნოდა. საზეიმო ბანკეტზე ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ კონდრაშინმა სადღეგრძელო დალია: ქორქიას მუშტს და საკანდელიძის მარჯვენას გაუმარჯოსო... ამათ გარეშე ჩემპიონები ვერ გავხდებოდითო. თუ მიხეილ ქორქიასთვის ოლიმპიადის ჩემპიონობა პირველი დიდი აღიარება იყო, საკანდელიძეს კალათბურთის სამყაროში კარგად იცნობდნენ - 1967 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალთან ერთად საუკეთესო მცველის ტიტულიც მოიგო და სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს, ამას დაუმატეთ საბჭოთა ნაკრების ცნობილი ტურნე შეერთებულ შტატებში. პროფესიული კალათბურთით განებივრებულ ამერიკაშიც კი, ზურაბ საკანდელიძის საოცარი ნიჭი დააფასეს და ქალაქ სიეტლის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.


ორივე დიდი ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებებით იყო შემკული, ბედმა ორივეს დიდი განსაცდელიც არგუნა, ორივე 2004 წელს 13 დღის ინტერვალით გარდაიცვალა. ზურა 25 იანვარს, მიშა 8 თებერვალს, რიცხვი ცამეტი კი მიშას უცვლელი ნომერი იყო კალათბურთის მოედანზე. ორივესთან მქონდა ხშირი შეხვედრები, ახლა მინდა, ერთი შემთხვევა გავიხსენო, სადაც ორივე მათგანი ფიგურირებს.


80-იანი წლების დასაწყისში თბილისის „დინამომ" ისე ცუდად დაიწყო ჩემპიონატი, რომ გუნდი პირველად ისტორიაში უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დადგა. სრულიად კალათბურთის თემმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ამ ორი კაცის ავტორიტეტი და ცოდნა თუ გადაგვარჩენდა და ზურა და მიშა გუნდის მწვრთნელებად დაინიშნენ. ჩემპიონატის მიწურულს, თბილისში კიევის „სტროიტელი" ჩამოვიდა სათამაშოდ. ჩვენებს აუცილებლად უნდა მოეგოთ, მაგრამ იმ კიევურ გუნდში მაშინ ცენტრის პოზიციაზე თამაშობდნენ ტკაჩენკო და ბელოსტენი, ორი გიგანტი; ერთის სიმაღლე 220 სანტიმეტრი იყო მეორის - 214, ორივე საბჭოთა ნაკრების ლიდერი იყო და მათი შემჩერებელი იმ დროის „დინამოში" უბრალოდ არავინ იყო. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მისულ საკანდელიძე-ქორქიას მეც ვახლდი.

სწორედ ამ ორთან დალაპარაკებას აპირებდნენ. ადგილზე მისულებს გვითხრეს, თქვენი მეგობარი იყო მოსული და იმან წაიყვანა სადილადო. მალე გამოირკვა, რომ ეს მეგობარი, კარგი ქალაქელი თენგიზ ყალიჩავა გახლდათ, რომელსაც მიშასთვის უთქვამს, ტკაჩენკოს და ბელოსტენის მე მოვუვლი და ნახავთ, თამაშის თავი თუ ექნებათო. მიშას მაშინ ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ ახლა საქმე  უკვე არა „დინამოს" , არამედ თენგიზის „გადარჩენას" ეხებოდა. რატომ-მეთქი, რომ ვიკითხე, მიპასუხეს: ბიჭო, ეგენი ერთ დალევაზე 6-6 ბოთლ არაყს სვამენ და მერე გადიან სათამაშოდ, არიქა, იქნებ მივასწროთ, თორემ ჩააკვდებათ თენგო ხელშიო. საბედნიეროდ, მალე მივაგენით, სოფელ დიღმის შესასვლელში იმ დროს პოპულარულ რესტორანში შესულებს ასეთი სურათი დაგვხვდა - ეს ორი ვეებერთელა კაცი არყით სავსე ე. წ. „მალენკოვის" ჭიქებს უჭახუნებენ ერთმანეთს, თენგიზ ყალიჩავას კი 12 ცარიელ „სტალიჩნის" გარემოცვაში მშვიდად ეძინა მაგიდაზე თავჩამოდებულს.


ბევრი იწვალა იმ დღეს თბილისის „დინამომ", ბევრი უყვირა კიეველთა მწვრთნელმა ტკაჩენკო-ბელოსტენის წყვილს, გაინძერით, მოედანზე ნუ გძინავთო, ორივენი რაც ძალა და ღონე ჰქონდათ, აცილებდნენ ბურთს ჩვენს კალათს, მაგრამ... ის თამაში მაინც წავაგეთ. საბედნიეროდ, ვერც ჩვენმა უშუალო კონკურენტებმა ივარგეს და იმ წელს „დინამო" შერცხვენას რომ გადაურჩა, არა ამ ამბის, არამდე საკანდელიძე-ქორქიას დამსახურება გახლდათ. ამ ორ ადამიანზე ბევრის თქმა შეიძლება, ამიტომ ეს არ გახლავთ მათი საქმიანობის სრული სურათი, ამის პრეტენზია არც მაქვს. უბრალოდ, ეს კიდევ ერთი სპორტული ისტორიაა, რომელიც კალენდარმა შემახსენა, 25 იანვარი ზურა საკანდელიძის გარდაცვალების დღეა, 13 დღის მერე კი, 8 თებერვალს -  მიხეილ ქორქიას გახსენების დღე.

 

 

 

 

 

 







 

big_banner
არქივი