logo_geo
განაჩენად ქცეული ცოლის სილამაზე - რატომ დახვრიტეს „რიონჰესის“ მშენებელი?
- +

17 ნოემბერი. 2016. 15:44


 


ის აგებდა ელექტროსადგურებს და გაჰყავდა გზები, აშენებდა სახლებს და აძლევდა სამუშაოს ყველას, ვისაც მუშაობა შეეძლო, ოცნებობდა ქართული ჯარის შექმნაზე და იყო სულით და ხორცით ქართველი. საქართველოს ვლადიმერ ჯიქიას მსგავსი ლიდერი სჭირდებოდაო, ამბობდა მის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია და მის სადღეგრძელოს სვამდა, თუმცა... 1937 წელს „რიონჰესის" მშენებლის, ინჟინერ-ჰიდროლოგ ვლადიმერ ჯიქიას გასამართლების მიზეზი ის გახდა, რომ იგი იმ დროის ულამაზეს ქალზე თინათინ ჯიქიაზე იყო დაქორწინებული - ქალზე, რომელიც მასობრივი რეპრესიების ავტორს თვალში მოუვიდა. ეს არის კიდევ ერთი უდანაშაულო წყვილის ტრაგედია, რომელიც ლავრენტი ბერიას სახელს უკავშირდება...


Description: http://funtime.ge/img/uploads/news/prev/2016-11/1478779082_24195.jpg

 


ვლადიმერ ჯიქია 1937 წელს, შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე, დახვრიტეს, ხოლო თინათინმა ბერიას საყვარლობას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა არჩია...


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში შემონახული მასალების მიხედვით, ვლადიმერ ჯიქია 1893 წელს ზუგდიდში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. მისი მეგობარი, ქართველი მეცნიერი-ბიზანტინოლოგი, აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი იხსენებდა: „ვალოდია მოსწავლეთა თავკაცი იყო, ყველას ქომაგი და მომხმარე. ეჯავრებოდა მეფის ბიუროკრატი მოხელეები".

მრავალმხრივი მიდრეკილებების მქონე ახალგაზრდამ პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. მისი დამთავრების შემდეგ კი სწავლა არტილერიის უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო.



სამხედრო სასწავლებლის შემდეგ ვლადიმერ ჯიქიამ პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრომშენებლობის  ფაკულტეტი დაამთავრა და 1919-1921 წლებში პეტროგრადის ოლქის სამხედრო კომისრად დაიწყო მუშაობა. 1924 წლიდან ვლადიმერი საბოლოოდ გადავიდა სამოქალაქო სამსახურში.



რუსეთში ცხოვრებამდეც, იქ ყოფნის დროსაც და მის შემდგომაც ვლადიმერ ჯიქია სულით ხორცამდე ქართველად დარჩა. ცნობილია, რომ ის ქართული ეროვნული ჯარის შექმნასა და ქართულის სახელმწიფო ენად გამოცხადებაზე ოცნებობდა. ისიც ცნობილია, რომ ოპერის თეატრში გამართულ ყრილობაზე საქართველოს ეროვნული ჯარის შექმნა ხმამაღლა მოითხოვა და საბჭოთა მთავრობის წარმომადგენელს, რომელმაც განუცხადა, საქართველო რუსეთის საკურორტო ადგილია და ჯარი არ სჭირდებაო, პასუხად სილა გააწნა.



ამბობენ, რომ ამ ინციდენტს ხშირად იხსენებდა კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც აღნიშნავდა, საქართველოს ვლადიმერ ჯიქიას მსგავსი ლიდერი სჭირდებოდაო და მის სადღეგრძელოს სვამდა.



დიდი კონსტანტინეს ლექსის მუზად იქცა ინჟინრის მშვენიერი მეუღლე. ყველა ქართველმა ზეპირად იცის კონსტანტინე გამსახურდიას ლექსი: „ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას", თუმცა, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.



1930 წელს ვლადიმერი საქართველოში გამოაგზავნეს, რათა „რიონჰესის" მშენებლობას სათავეში ჩასდგომოდა.


1934 წელს, რიონის ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებისთანავე, „საქენერგოს" მშენებლობა დაიწყო, რაც იმ დროისთვის უდიდეს მიღწევად მიიჩნეოდა.


დაპატიმრების დღემდე ვლადიმერ ჯიქია „საქენერგომშენის" მმართველად და „ხრამჰესის" მშენებლობის ხელმძღვანელად მუშაობდა და ქვეყნის ენერგომომარაგების გაფართოებაზე ზრუნავდა.


თანამედროვეების გადმოცემით, ჯიქია მთელი თავისი მოღვაწეობით საქართველოს გაძლიერებასა და ქართული სულიერების გაღვივებას ემსახურებოდა. მეგობრობდა სანდრო ახმეტელთან, როცა ბევრი მასთან მისალმებას ვერ ბედავდა. მოგვიანებით, საპატიმროში მყოფი რეჟისორი დაკითხვაზე ვლადიმერ ჯიქიას შესახებ იტყვის:



ჯიქიამ საქართველოში მოღვაწეობით უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა. ის ხელმძღვანელობდა რიონჰესის მშენებლობას, ქუთაისის კეთილმოწყობას და ამ ქალაქის უდიდესი მეცენატი გახლდათ. ჯიქია აგებდა ელექტროსადგურებს, გაჰყავდა გზები, აშენებდა სახლებს და მფარველობდა უამრავ ორგანიზაციას. აძლევდა სამუშაოს ყველას, ვისაც მუშაობა სურდა და შეეძლო. ეს არის სიკეთით სავსე ადამიანი, რომელიც დახმარებაზე მთხოვნელს უარს არასდროს ეუბნება. ჯიქია აგვარებს სამგორის პრობლემებს, აწარმოებს მოლაპარაკებას მოსკოვთან, რაც მას ავტორიტეტს ჰმატებს. საქართველოს საჭიროებები ჯიქიას, სხვებისგან განსხვავებით, ყოველთვის გულთან ახლოს მიჰქონდა".

 


არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა ამ პატრიოტი და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის ცხოვრება, ბედს რომ დიდი კონსტანტინეს ლექსის მუზასთან არ შეეხვედრებინა.


Description: C:UsersREP11Desktoptxt2.jpg

 

 

 


შეუძლებელი იყო, სილამაზის მოტრფიალე და ბუნებით ესთეტ ადამიანს არ შეჰყვარებოდა ქალი, რომელსაც უამრავი ადამიანი უიმედოდ ეტრფოდა. თინათინიც არ დარჩენილა გულგრილი რომანტიკული წარსულის მქონე, სიმპათიური და ვაჟკაცური გარეგნობის მამაკაცის მიმართ.



ვლადიმერი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც მშვენიერი თინათინის გულის მონადირება შეძლო.



1932 წელს წყვილი დაქორწინდა და მალე ორი უმშვენიერესი გოგონა შეეძინათ. თანამედროვეები იხსენებენ, რომ, თუ ოპერის თეატრში წარმოდგენას თინათინ ჯიქია ესწრებოდა, მაყურებლები წარმოდგენის ყურების ნაცვლად, ამ ქალის სილამაზით ტკბებოდნენ.



რაც შეეხება საბედისწერო ნაცნობობას, რომელმაც ვლადიმერ ჯიქიასა და მისი მეუღლის ბედნიერ ცხოვრებას წერტილი დაუსვა...



თინათინმა ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ გათხოვებამდე, ნათესავების სახლში გაიცნო. ბერია, რომელიც ცნობილი მექალთანე გახლდათ, მაშინვე მოიხიბლა ქალის სილამაზით და მასთან დაახლოება სცადა ხან კინოში და ხან რესტორანში მიპატიჟებით. ამ დროს ბერია უკვე ნინო გეგეჭკორზე იყო დაქორწინებული, ამიტომ თინათინი ცოლიან მამაკაცთან შეხვედრებს გაურბოდა და მიპატიჟებაზე კატეგორიულ უარს ამბობდა.



ახლად დაქორწინებული ვლადიმერი და თინათინი ბერიას მეზობლად დასახლდნენ და ლავრენტიმაც ძველებურად გააგრძელა თინათინზე ზეწოლა, თუმცა ქალი კვლავინდებურად არ ნებდებოდა. ცნობილია, რომ ბერია ერთხელ მის სახლში ძალით შეიჭრა. ისიც ცნობილია, რომ ქალს მუხლებზე დაჩოქილი სთხოვდა სავახშმოდ გაყოლას, თუმცა მისი დაყოლიება მაინც ვერ შეძლო.




1936 წელს ჯიქია მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსკოვში გამოიძახეს. დედაქალაქში ის სტალინმა მიიღო, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა. ჯიქიამ შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც ლენინის ორდენით დააჯილდოვეს. ამან ბერია გააცოფა... ის მიზეზს ეძებდა, რომ ინჟინერი, რომელშიც მხოლოდ მეტოქეს ხედავდა, თავიდან მოეცილებინა.



1936 წლის ზაფხულში ვლადიმერ ჯიქია, ოჯახთან ერთად, კიკეთში ისვენებდა. მას იმდროინდელი ცეკას მეორე მდივანი პეტრე აღნიაშვილი ეწვია. ტრადიციულად, მცირე პურობა გაიმართა, სადაც აღნიაშვილმა ჯიქიას ბერიას სადღეგრძელო შესთავაზა. ჯიქია უკვე საკმაოდ შეზარხოშებული იყო და განსხვავებული სასმისის დალევა ვერ შეძლო. აღნიაშვილმა ეს ბერიას აცნობა.



1936 წლის შემოდგომაზე ვლადიმერ ჯიქია დააპატიმრეს.



ქმრის მოსანახულებლად მისულ თინათინს ინჟინერმა უთხრა, რომ ცამდე მართალია და ბერიასთვის რამის თხოვნით თავი არ უნდა დაიმციროს.



1937 წელს თინათინი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს,  5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და აკმოლინსკის ქალთა ბანაკში გადაიყვანეს. სამი წლის შემდეგ თინათინმა შეწყალება და შვილებთან დაბრუნების უფლება ითხოვა.



1940 წელს თინათინი გაათავისუფლეს და მოსკოვში ბერიას მიჰგვარეს. ლავრენტიმ ქალს გერმანიის წინააღმდეგ აგენტურულ საქმიანობაში  ჩართვა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ  თანხმობის შემთხვევაში, ქმრის შესახებ სრულ სიმართლეს უამბობდა. თინათინი დასთანხმდა...



ომის შემდეგ ქალი ბერიას შეხვდა და პირობა შეახსენა. ბერიამ ცინიკურად უპასუხა, რომ ვლადიმერი დახვრიტეს, როგორც ხალხის მტერი.


არსებითად, ეს ბერიას პირადი შურისძიება იყო.



გავიდა წლები და რეპრესირებულების შურისძიების დროც დადგა.


ლავრენტი ბერიას სამშობლოს ღალატის, უდანაშაულო ადამიანების მასობრივად განადგურების, შპიონაჟისა და დოკუმენტების გაყალბების  ბრალდება წაუყენეს. სასამართლო პროცესები მოსკოვის სამხედრო შტაბში იმართებოდა. ვერდიქტის გამოცხადებამდე, ბერიამ სიტყვა ითხოვა: „მესმის, რომ საშინელი დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ მე ნიჭიერი ორგანიზატორი ვარ და პარტიასა და ხელისუფლებას კიდევ გამოვადგები". ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. მას სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი მალევე მოიყვანეს სისრულეში.



1937 წელს რეპრესირებულთა მსგავსად, ვლადიმერ ჯიქიას საფლავიც უცნობია.

60-იანი წლების თბილისში საბურთალოზე ერთ-ერთი ქუჩა სახელოვანი ჰიდრომშენებლის ვლადიმერ ჯიქიას სახელს ატარებდა. მოგვიანებით, ქუჩას სახელწოდება შეუცვალეს და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა უწოდეს.



რაც შეეხება მრავალჭირგამოვლილ ქალს, რომელსაც საყვარელ მეუღლესთან ცხოვრება არ დასცალდა, თინათინ ჯიქიამ ღრმა სიბერემდე იცოცხლა, თუმცა სილამაზე ბოლომდე არ დაუკარგავს.


Description: C:UsersREP11Desktoptxt3.jpg

 

 


ხელოვნებათმცოდნე ნინო ზაალიშვილი იხსენებს:



„ქალბატონ თინათინს, პირველად და უკანასკნელად, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2001 წელს შევხვდი. ამ დროისთვის ის ოთხმოც წელს გადაცილებული იყო, თუმცა ასეთი ღვთაებრივი სილამაზე არასდროს მინახავს".


„ზღვის ფერი გაქვს თვალები და... თავად ჰგავხარ... ზღვას...

თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას...

მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას;

გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს

ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს; შენს სიყვარულს ქარს

და მოგიკლავ მოღალატე მაგ ნაფერებ ქმარს!

ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას".

კონსტანტინე გამსახურდია




ავტორი: ნელი თორდია


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი