logo_geo
გახსოვდეს! - 1991 წლის 22 დეკემბერს თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო
- +

22 დეკემბერი. 2016. 21:37



ზუსტად 25 წლის წინ, 1991 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით დილის 8 საათზე, თბილისის ცენტრში ტყვიის გასროლის ხმა გაისმა. მთავრობის სახლში მყოფ საქართველოს პირველ პრეზიდენტსა და მის მომხრეებს, ძირითადად, სასტუმრო „თბილისში" და მხატვრის სახლში გამაგრებული მათივე თანამემამულეები, სხვადასხვა სახეობის იარაღიდან, მათ შორის, ქვემეხებიდანაც ესროდნენ.


შემონახულია უნიკალური კადრები, თუ როგორ ემუქრება 22 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას თენგიზ სიგუა, რომელიც მას ტელეფონით ელაპარაკება:


„ახლა თქვენი ერთადერთი ხსნა არის, რომ ასწიოთ თეთრი დროშა და ჩაგვბარდეთ, თუ არადა, ამოგბუგავენ მანდ, თქვენ ცუდადა ხართ კი არა, თქვენ კარგა ხანია, უკვე ცუდად ხართ და, კარგა ხანია, უნდა გადამდგარიყავით... თქვენი შეცოდება აწი აღარ იქნება", - ყოფილი პრემიერის ამ სიტყვებს სასტუმრო „თბილისში" შეკრებილები ოვაციით შეხვდნენ.


არსებობს კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი, სადაც ეროვნული გავრდიის იმდროინდელი სარდალი თენგიზ კიტოვანი გამსახურდიას გარემოცვის წევრებს ელაპარაკება. ეს საუბარი უფრო ადრეა ჩაწერილი, ვიდრე სიგუასა და თავად გამსახურდიას სატელეფონო დიალოგი.


საუბრის დროს თენგიზ კიტოვანი გამსახურდიას მომხრეებს, რომლებიც თბილისში რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, „სოფლელებად" მოიხსნიებს და ამბობს:

 

„წავიდნენ ესენი, რომ ჩამოყარეთ და გაავსეს მთელი რუსთაველი ამ მამაძაღლებმა. წავიდნენ და მე მაშინვე გავბრუნდები და წავალ უკან (თენგიზ კიტოვანი, სავარაუდოდ, თბილისის ზღვას გულისხმობს, სადაც სამოქალაქო ომის დაწყებამდე გვარდიის ნაწილი იყო გასული)".


მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, რომლის პირველი ეტაპი, თბილისის მასშტაბით, 16 დღეს გაგრძელდა.


ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დაემხო, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა, ძალაუფლება კი „სამხედრო საბჭოს" ხელში გადავიდა.


სამხედრო გადატრიალებას მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტა, ძარცვა, ყაჩაღობა, გამსახურდიას მომხრეების არნახული დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი