logo_geo
ვის უძღვნა იოსებ ნონეშვილმა თავისი ლექსი „შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა“?!
- +

23 დეკემბერი. 2016. 21:19


 

 

ცეკვის დედოფალი - ასე უწოდებდნენ სუხიშვილების ანსამბლის სოლისტს, რომლის ფიზიკური და სულიერი მშვენება ქართველი მწერლებისა თუ მხატვრების მუზად არაერთხელ ქცეულა...


ლატავრა ფოჩიანს მიუძღვნა პოეტმა იოსებ ნონეშვილმა თავისი ცნობილი ლექსის სტრიქონები:


„შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა..  დაგმშვენდებოდა და რარიგად დაგმშვენდებოდა,  შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა  და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი..."


ლატავრა ფოჩიანს ეძღვნებოდა მისი სასცენო პარტნიორის თენგიზ ურთმელიძის მშვენიერი ლექსი:


„დედოფლურ ეშხით ცეკვავს ლატავრა, ქართული გენი, ქართული სული, მსოფლიოს გზებზეკდემით ატარა".


ცეკვის დედოფლის სცენური სახეები ასახულია სახვით ხელოვნებაში:


კორნელი სანაძე - „ცისფერი ლატავრა", „ლატავრა დაირით", ტრიპტიქი - „შოთა რუსთაველი", ესმა ონიანი - „ლატავრა" და სხვ.


ლატავრა ფოჩიანი 1939 წლის 16 ივლისს ლენტეხის რაიონის სოფელ ლექსურაში დაიბადა. თბილისის პირველ საშუალო სკოლაში სწავლის პარალელურად, ცეკვის ხელოვნებას სკოლის მეზობლად მდებარე პიონერთა სასახლის ქორეოგრაფიულ წრეში ეუფლებოდა.


1965-1982 წლებში საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის პრიმა-ბალერინა იყო, 1965 წლიდან 1982 წლამდე საქართველოს სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში ცეკვავდა, შემდგომ კი ილიკო სუხიშვილის სახელობის სახელმწიფო ანსამბლში გაიშალა მისი შემოქმედებითი შესაძლებლობები.


ლატავრა ფოჩიანს შესრულებული აქვს ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში არსებული ქალის ყველა სოლო პარტია. მათ შორის: „ქართული", „მთიულური", ნესტან-დარეჯანის სოლო პარტია („ქაჯეთის ციხის აღება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" მიხედვით), „სიმდი", „აჭარული", „ცეკვა დაირით" და ა.შ.


ცეკვის დედოფლის სოლო პარტიები გადაღებულია მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში: „შეხვედრა მთაში", „ტრიუმფი ლა-სკალაში", „საქართველოს ლეგენდები და სინამდვილე", „ძველი თბილისის მელოდიები", „კორნელი სანაძე", „რუსთაველი-800", „ცეკვავს ლატავრა ფოჩიანი" და სხვ.


მსოფლიო საოპერო ხელოვნების ციტადელის - მილანის „ლა-სკალას" თეატრის სცენას დიდი ხანი არ დაავიწყდება უწყვეტი ტაშის თანხლებით შესრულებული, ლატავრა ფოჩიანისა და ფრიდონ სულაბერიძის ცეკვა „ქართული".


საცეკვაო ხელოვნებაში მიღწეული უზარმაზარი წარმატების მიუხედავად, ცეკვა ლატავრას ერთადერთი გატაცება არ ყოფილა.


პროფესიით ექიმმა 1978 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხი მიენიჭა. სწორედ მეცნიერებამ აპოვნინა ცეკვის დედოფალს ერთგული მეუღლე და მეგობარი - ცნობილი მეცნიერი, რადიოლოგი კიაზო ნადარეიშვილი.


ლატავრა ფოჩიანი მეუღლის გაცნობის ისტორიას ასე იხსენებდა: „ერთმანეთი გავიცანით მაშინ, როდესაც სუხიშვილებთან ორწლიანი მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, თავი მეცნიერებაში მომესინჯა. კიაზომ ცოლად მოყვანამდე მიიღო ჩემგან მტკიცე პასუხი, რომ სცენას აღარასოდეს დავუბრუნდებოდი, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, სუხიშვილებთან ერთად, ავსტრალიაში საგასტროლოდ გავემგზავრე. ვფიქრობდი, რომ კიაზოსთან ვეღარ დავბრუნდებოდი, თუმცა სამთვიანი გასტროლის ბოლოს მისგან მომივიდა ბარათი, სახლში მოუთმენლად გელოდებიო...

 

და ასე გაგრძელდა 10 წელი. დილიდან 2 საათამდე ინსტიტუტში, 2 საათიდან 7 საათამდე რეპეტიცია, შემდეგ ოჯახში საქმიანობა, ღამე გადაღებები, გასვლითი კონცერტები, ისევ გასტროლები, კვლავ ჩხუბი, შერიგება...

 

1982 წელს შემოქმედებით ზენიტში მყოფმა ცეკვას თავი გავანებე. ეს იყო ჩემგან დიდი მსხვერპლის გაღება, მაგრამ კიაზოს სიყვარული ამად ღირდა. თანაც თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მოცეკვავემ თავი სცენას მაშინ უნდა გაანებოს, როცა ჯერ კიდევ პროფესიული მაყურებლის აღტაცებას იწვევს..."


ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის ლატავრა ფოჩიანი 1967 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით დააჯილდოვეს. 1971 და 1980 წლებში მოცეკვავეს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდებები მიენიჭა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის  ქვეყნიდან განდევნისა და ეროვნული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შემდეგ, ლატავრა ფოჩიანი ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ საპროტესტო მანიფესტაციებში აქტიურად მონაწილეობდა. ამის გამო, წლების მანძილზე მისი და მისი ოჯახის წევრთა მიმართ საშინელი ტერორი ხორციელდებოდა.


ცეკვის დედოფალი 2011 წლის 28 ოქტომბერს 72  წლის ასაკში გარდაიცვალა. 2015 წლის 26  ოქტომბერს კი თბილისში ქართველი მოცეკვავის, საქართველოს სახალხო არტისტის, მედიცინის დოქტორის ლატავრა ფოჩიანისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის კიაზო ნადარეიშვილის მემორიალური დაფები გაიხსნა.


„შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა...  დაგმშვენდებოდა და რარიგად დაგმშვენდებოდა. შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა  და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.  ერთი შეხედვით ვაჟკაცების გულებს დაჰკოდდი  და მზის ათინათს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.  დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვას გამგონებს,  არ ექნებოდათ სპასთა შენთა მტერთან ზიანი... "


 

 

 

 



„ლატავრა არის ფართო დიაპაზონის მოცეკვავე, ნამდვილი ხელოვანი, შემოქმედი, ფანატიკურად შეყვარებული თავის ხელოვნებაში. მისი განუმეორებელი სვლა-დავლა, სისწრაფე, არაჩვეულებრივი შრომისმოყვარეობისა. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ის დიდი ბუნებრივი ნიჭი, რომელიც მხოლოდ ერთეულთა ხვედრია... მისი პიროვნება სინთეზია სიმართლისა და პატიოსნების, სიყვარულისა და ლმობიერების, ზვიადობისა და ქალური ღირსების... ლატავრას სცენაზე გარდასახვა არ სჭირდება. იგი თვითონვე მიისწარაფვის გარდასახვის მაქსიმუმისაკენ",- იხსენებს ნინო რამიშვილი.



 

 

 



ლატავრა ფოჩიანი : „ხშირად მეკითხებიან, რა არის ჩემთვის ბედნიერება. ალბათ, მოელით, რომ ვიტყვი - ცეკვა, მაგრამ არა. ბედნიერებაა, რომ არსებობს ღმერთი, რომელმაც სულიერი მდგომარეობიდან ადამიანი ამ მატერიალურ სამყაროში დაუშვა „მე" ცნობიერების გასავითარებლად და მოგვცა სრული თავისუფლება არჩევანში ბარაბასა და ქრისტეს შორის. ჭეშმარიტების, სიყვარულის არჩევაში, რის შედეგადაც მოგვეცემა უფლება სამუდამო სასუფეველში დამკვიდრებისა. ესაა დედამიწაზე ადამიანის მოსვლის მისია და მისი ბედნიერებაც!"  


 

 

 

 

„სცენაზე ხომ დედოფალი იყო, მაგრამ არანაკლები დედოფალი იყო ოჯახში. ყოველდღიურობაშიც მიხვდებოდი, რა დიდებულ ქალთან გქონდა საქმე. ჩაის დასხმა და ადამიანისთვის ხელის გაწოდებაც კი ისეთი იცოდა, როგორც დედოფალს ეკადრება. მართალია, ცეკვა შეწყვიტა, მაგრამ მისი დედოფლობა ამით არ დასრულებულა. მისი გული და მისი ცხოვრება მუდამ ამ დარგით არსებობდა. გარშემომყოფებს ხელოვნება და ცეკვა შეაყვარა, მათ შორის - მეც. სულ სხვა საქმიანობას ვეწევი, მაგრამ ცეკვა ძალიან მიყვარს. როცა დედაშენი ცეკვავს, ამას სხვანაირად აფასებ. ასე ვიყავი მეც. ძალიან მომწონდა მისი პროფესია", - იხსენებს დავით ნადარეიშვილი.


 

 

 

 



„დედობილთან დაკავშირებით ბევრი მოგონება მაქვს. საზოგადოება მას მხოლოდ სცენიდან იცნობდა, მაგრამ ის მხოლოდ გამორჩეული მოცეკვავე კი არა, ძალიან განათლებული ადამიანი და კარგი მეცნიერიც იყო. სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული და ამ პროფესიით მუშაობდა კიდეც. აინტერესებდა თანამედროვე ცხოვრება, თანამედროვე მედიცინა და ამ კუთხით სულ ახალ-ახალ ინფორმაციებს იღებდა. ძალიან ერუდირებული პიროვნება გახლდათ და, რაც მთავარია, საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი იყო. მედიცინა და ხელოვნება - ეს იყო ის სფეროები, რომელთა მიმართაც უდიდესი სიყვარული ჰქონდა",- იხსენებს დავით ნადარეიშვილი.


 

 

 

 

 


ნესტან-დარეჯანი - ლატავრა ფოჩიანი, ტარიელი - თენგიზ უთმელიძე


„1966 წელს დაიდგა ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქაჯეთის ციხის აღება", რომელიც რუსთაველის დაბადებიდან 800 წლისთავის იუბილეს მიეძღვნა. ილიკო სუხიშვილმა, ნინო რამიშვილმა და სულიკო ვირსალაძემ ამ კომპოზიციის მთავარი გმირების შემსრულებლები შეარჩიეს. ნესტან-დარეჯანი ლატავრა იყო, მე - ტარიელი, ფრიდონი - ფრიდონ სულაბერიძე. ეს იყო ბრწყინვალე დადგმა, რომელშიც ლატავრა ფოჩიანმა მართლაც შექმნა ნესტან-დარეჯანის სახე. ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სცენას გავიხსენებ: როდესაც „ქაჯეთის ტყვეობიდან" გათავისუფლებული ნესტან-დარეჯანი - ლატავრა „გამარჯვებული რაინდების" მხრებზე გადადებულ ფარებზე ამაყად გადმოაბიჯებდა, მის შესახვედრად, ხელგაშლილი ვუმზერდი და თვალწინ, ჩვენი სათაყვანებელი თამარ დედოფალი მესახებოდა" , - იხსენებს თენგიზ უთმელიძე.



 

 

 

 

 


ლატავრა ფოჩიანის ცეკვის ფურორმა დააწერინა ავსტრიის დედაქალაქში პოეტ იოსებ ნონეშვილს მშვენიერი ლექსი - „ვენის ტყეში ქართველები ცეკვავენ" : „მოგოგმანობს გოგნი, გოგნი, გოგონა, მოაქვს მთელი საქართველოს ეშხი და გოგონას თვალთა ჭიაკოკონა, ლამის ცეცხლად აბრიალდეს ტყეში..."


 

 

 

 

 

 

ესმა ონიანის ნახატი - „ცისფერი ლატავრა"



 

 

 

 


ცეკვა „ქართული", ლატავრა ფოჩიანი, ფრიდონ სულაბერიძე



 

 

 

 

 

 


კორნელი სანაძის ნახატი „ლატავრა"


„სულ სხვების დახმარებაზე ფიქრობდა. იცოდა, რომ ადამიანებთან ოქროს შუალედი უნდა დაეცვა. ურთიერთობაც ლამაზი იცოდა. მისგან სცენაზე ხომ უდიდესი ემოციები მოდიოდა, მაგრამ იყო კიდევ რაღაც ემოციები, რასაც ცეკვის მიღმა ამჟღავნებდა. მის თავაზიანობაში, ბუნებრივ სილამაზეში, დახვეწილ ჟესტებში ჩანდა პიროვნება და მისი გრძნობები. ჩემი აზრით, ლატავრამ თავისი სულიერი სილამაზე იმ ადამიანებსაც აჩუქა, ვისთანაც ურთიერთობდა", - იხსენებს დავით ნადარეიშვილი.

 

 

 

 

 

 

 


ლატავრა ფოჩიანის მეუღლე კიაზო ნადარეიშვილი


„არაჩვეულებრივი ცოლქმრობა ჰქონდათ. ერთმანეთის გაგება შეეძლოთ და ეს იყო მათი მყარი ოჯახის მთავარი საფუძველი. ლატავრას სილამაზე და მისი პიროვნება ძალიან ბევრ მამაკაცს იზიდავდა, მათ შორის - მამაჩემსაც", - იხსენებს დავით ნადარეიშვილი

 

 

 

 

 

 

 




„დედაჩემი ძალიან ადრე გარდაიცვალა. ლატავრა რომ გავიცანი, უკვე მოზრდილი ბიჭი ვიყავი. თავიდანვე მოვიხიბლე ამ ქალით და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ბოლო წლებში კი კიდევ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს და მისი მესაიდუმლე გავხდი. როგორც შვილს, ისე მენდობოდა და დედასავით მექცეოდა. მას საკუთარი შვილი არ ჰყოლია და დედობრივ ინსტინქტს მთლიანად ჩემ მიმართ ავლენდა. მეტსაც გეტყვით, ჩემთვის ფულს აგროვებდა. მეტყოდა, ახალგაზრდა ხარ და რამეში გამოიყენებო. ჩემთვის ოჯახი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რადგან დედისერთა ვარ. მადლობელი ვარ მამაჩემის და ჩემი დედობილის, რომ უდედმამიშვილობას და უდედობას ნაკლებად მაგრძნობინებდნენ",- იხსენებს დავით ნადარეიშვილი.


 

 

 

 

 

 

 

 


ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქაჯეთის ციხის აღება".  ნესტან-დარეჯანი - ლატავრა ფოჩიანი, ტარიელი - თენგიზ უთმელიძე


 

 

 

 

 

 

 


„ლატავრას ქროლვა ჰაეროვანი, როკვის გვირგვინი - ჩვენი „ქართული", მადლით ცხებული ერის ხატება, გასაოცარი და შემართული. მშვენიერების შორს მოსაფენად, დედოფლურ ეშხით ცეკვავს ლატავრა, ქართული გენი, ქართული სული, მსოფლიოს გზებზე კდემით ატარა!" ,- ლექსი თენგიზ უთმელიძისა.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი