logo_geo
მიშელ მუსხელი - ქართველი იურისტი, რომელიც ევროკავშირამდე ევროგაერთიანებისთვის იბრძოდა!
- +

19 აპრილი. 2018. 00:05

 

 

 

მიშელ მუსხელი (მიხეილ მუსხელიშვილი) სტრასბურგში მცხოვრები ქართველი იურისტი იყო, რომელიც ერთიანი ევროპის შექმნას ევროკავშირის ჩამოყალიბებამდე მხარს უჭერდა და მიაჩნდა, რომ გაერთიანებით ევროპის ქვეყნები უფრო გაძლიერდებოდნენ.

 

მიშელ მუსხელის სახელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს დაუკავშირდა. საქართველოს მთავრობას სურს, რომ ერთიანი ევროპის მხარდამჭერი ქართველი მოაზროვნის წარმოჩენით საქართველოს ევროპულ ფასეულობებსა და მისწრაფებებს ხაზი გაუსვას.

 

 

მიშელ მუსხელი “ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის წარმომადგენლის მანდატი”, 1952

 

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა „ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მიშელ მუსხელი ერთ-ერთი პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც ერთიანი ევროპის შექმნა იწინასწარმეტყველა: მუსხელი იყო ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელიც 1950–იან წლებში იურისპრუდენციის გამოყენებით ასაბუთებდა, რომ ევროპის ფედერაციული მოწყობა ევროპას გააძლიერებდა. ასაბუთებდა, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ დასუსტდებოდა.

 

„ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის სახით ევროპას, სადაც თითოეული წევრი სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე იყო გასული საუკუნის 50–იან წლებში”, – ამბობს ელჩი.

 

როგორ მივიდა მუსხელი გაერთიანებული ევროპის აუცილებლობამდე და როგორ პოლიტიკურ და მეცნიერულ კონტექსტში მუშაობდა სტრასბურგში, ეს კვლევის საგანია. ირაკლი გივიაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის მუხსელი ცნობილია.

 

ელჩის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს მისი ნაშრომების თარგმნას ქართულ ენაზე, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს ქართულენოვანი მკვლევრებისთვის.

 

საელჩომ გადაწყვიტა, გამოსცეს ბუკლეტი, რომელშიც თავმოყრილი იქნება მიშელ მუსხელის ბიოგრაფია, ნაშრომების ბიბლიოგრაფია და თეზისები ფრანგულ ენაზე, და გააცნოს ევროპის საბჭოში არსებულ დიპლომატიურ კორპუსს, სტრასბურგის მერიას და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს.

 

2017 წლის შემოდგომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან მიღებული დავალების საპასუხოდ, წარმომადგენლობამ მოიძია სტრასბურგის უნივერსიტეტის საცავში დაცული პირადი არქივი და ბიბლიოგრაფია, ქალაქის ბიბლიოთეკაში დაცული ნაშრომები, სტრასბურგის ქვედა რაიონის არქივში დაცული ცნობები. ასევე- ბუკინისტებში მუსხელის 3 ნაშრომი.

 

 

 

მიშელ მუსხელის წიგნი “სსრკ-ს მთავრობა”. 1961 წელი.

 

ელჩი იშველიებს წყაროს, რომლის მიხედვით მუსხელის დაკრძალვაზე კოლეგამ, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, ალექს ვეილმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში თქვა:

 

„ჩვენი მეგობარი მიშელ მუსხელი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი იყო. ის იმ პირველ მოაზროვნეთა შორის იყო, ვინც ევროკავშირის შექმნის იდეა შემოიტანა და ამ იდეის შექმნისთვის იბრძოდა კიდეც სტრასბურგში.“

 

ედიშერ ჯაფარიძე, პოლიტიკის მეცნიერი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, რამდენიმე წელია იკვლევს მიშელ მუსხელის ბიოგრაფიას და წიგნის გამოსაცემად ემზადება.

 

„სადოქტორო ნაშრომზე მუშაობის პერიოდში საარქივო მასალებში სრულიად შემთხვევით შემხვდა ჩანაწერი, სახელწოდებით: „Michel Mouskhely, Gaston Stefani, “Draft of a European Federal Constitution” 1948″. აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება”, – ამბობს ედიშერ ჯაფარიძე.

 

ედიშერ ჯაფარიძის თქმით, კვლევის შედეგად გამოვლინდა 4 ახალი მნიშვნელოვანი ფაქტი მიხეილ მუსხელიშვილის შემოქმედებიდან:

 

1948 წელს მან ფრანგ კონსტიტუციონალისტ სტეფან გასტონთან ერთად შექმნა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პროექტი, რომლის მნიშვნელოვანი დებულებები ასახულია თანამედროვე ევროკავშირის სამართალში. კონსტიტუციის პროექტში დეტალურად გაწერილია პოლიტიკური და სოციალური დემოკრატიის პრინციპები, რაც დაფუძნებულია მშვიდობაზე და სოციალურ სამართალზე ფედერაციის ერთიანობაში და ფედერაციული სახელმწიფოების განსხვავებულობაში.

 

ერთიანი ევროპული ბაზრის შექმნისა და ევროგაერთიანების ინსტიტუციების დაარსების იდეა.

 

ევროპაში საზღვრების მოშლის კონცეფცია, რაც დღეს  განხორციელდა „შენგენის ზონის” სახით, რამაც ევროკავშირში ფაქტობრივად საზღვრები მოშალა.

 

ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მოდერნიზაცია და ევროპული საგანმანათლებლო სისტემების და პროგრამების ჰარმონიზაცია, რისი ანალოგიც არის ,,ბოლონიის პროცესი’’ .

ედიშერ ჯაფარიძის თქმით, მიხეილ მუსხელმაც შეიტანა გარკვეული კულტურული, პოლიტიკური და საგანმანათლებლო წვლილი ევროკავშირის ჩამოყალიბებაში და მისმა შრომამ დღეს საქართველოსთვისაც გამოიღო შედეგი.

 

ჰქონდა თუ არა მიშელ მუსხელს კავშირი იმ პოლიტიკურ პირებთან, რომლებიც აქტიურობდნენ ევროპის ქვეყნების გაერთიანებისთვის, ედიშერ ჯაფარიძის თქმით, ჯერჯერობით ჩვენამდე მოღწეული არქივებით არ დასტურდება, თუმცა არც გამორიცხავს, რადგან მიშელ მუსხელი ძალიან ცნობილი იურისტი და არაერთი გაერთიანების წევრი და ხელმძღვანელი იყო: ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, ფედერალური ევროპის მოძრაობის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ევროპის ფორმირების ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის დამაარსებელი და გენერალური მდივანი.

 

ჯაფარიძემ განსაკუთრებით აღნიშნა მუსხელის ისტორიული გამოსვლა 1950 წლის 6 აგვისტოს ევროკონფერენციაზე სტრასბურგში, რომელიც ჩატარდა მისი ინიციატივით. ევროკონფერენციის გახსნის წინა დღეს ევროპის 8 ქვეყნის 300-ზე მეტმა სტუდენტმა, მიშელ მუსხელის და სამი სხვა მომხრე პროფესორის წინამძღოლობით, მოშალა საფრანგეთ-გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა.

 

,,ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ, დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს,” თქვა მაშინ მ. მუსხელიშვილმა”, – წყაროზე დაყრდნობით გვიყვება ედიშერ ჯაფარიძე.

 

ბიოგრაფია

 

მიშელ მუსხელის ძმის, არქეოლოგ ლევან მუსხელიშვილის შვილმა, აკადემიკოსმა, ისტორიკოსმა დავით მუსხელიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მიშელს შვილები არ ჰყოლია. თბილისში მის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ, რადგან ევროპაში წასვლის შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა და მშობლებთან და ოჯახთან იშვიათი კომუნიკაცია ჰქონდა.

 

დავით მუსხელიშვილის თქმით, 1903 წელში დაბადებული მიშელ მუსხელი 1918 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გერმანიაში გააგზავნა მამამ, ოფთალმოლოგმა ვახტანგ მუსხელიშვილმა. მუსხელმა განათლება გიოტინგენის, მიუნჰენის, ლიონისა და პარიზის უნივერსიტეტებში მიიღო.

 

როგორც დავით მუსხელიშვილი იხსენებს, მიშელ მუსხელმა დედას ერთხელ მისწერა წერილი, ზუსტად როდის, არ ახსოვს. თუმცა ხშირი კომუნიკაცია ოჯახთან არ ჰქონია. დაახლოებით 1937 წელს მუსხელის დეიდამ მოსკოვში საბჭოთა კავშირის მთავრობას „მიამიტური” წერილი მისწერა, რომ საფრანგეთში მცხოვრებ დისშვილს ჩამოსვლას სურს და გთხოვთ, ნება მისცეთო:

 

„ცნობა მოუვიდა, სხვათა შორის, რომ არავითარი სურვილი არ აქვს თქვენს დისწულს აქ ჩამოსვლისო”, – ამბობს დავით მუსხელიშვილი.

 

ისტორიკოსი ასევე იხსენებს, რომ 1960–იანი წლების დასაწყისში ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი ილია ტაბაღუა მუსხელს შეხვდა და საქართველოში დაბრუნება შესთავაზა.

 

„ბიძაჩემმა დიდი ნდობით არ შეხედა ამ კაცს და არ ჩამოვიდა. იმ წლებში დაიღუპა კიდეც.  ბიძაჩემი არ ენდო, როგორც ჩანს”, – ამბობს დავით მუსხელიშვილი.

 

1960–იანი წლების დასაწყისში მიშელ მუსხელი სტრასბურგში ცხოვრობდა, სადაც 1948 წლიდან სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი იყო. 1959 წელს საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევითი ცენტრი დააარსა და ამ ცენტრს ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე.

 

1953–64 წლებში მიწვეული პროფესორის სტატუსით აშშ–ის უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდა. მას გერმანიაში, შვეიცარიასა და სკანდინავიის ქვეყნებშიც იწვევდნენ.

 

სტრასბურგში დასახლებამდე, 1940–45 წლებში მიშელ მუსხელი ეგვიპტეში ცხოვრობდა და ლექციებს ქაიროს ფუადის უნივერსიტეტში კითხულობდა. მიშელ მუსხელს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი 1931 წელს მიენიჭა და პარიზის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ინსტიტუტის პროფესორად მუშაობდა.

 

მიშელ მუსხელი, რომელიც ამავე დროს ალპინიზმით იყო გატაცებული, 1964 წლის 11 ივლისს ვალ დ’აოსტში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მუსხელი ფედერალისტური კვლევების საუნივერსიტეტო კოლეჯის სტუდენტების ექსპედიციას გაჰყვა მთაში, სადაც ფეხის დაცურების გამო რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმის ხევში გადაიჩეხა.

 

მწირი კონტაქტის მიუხედავად, მუსხელიშვილებმა გაიგეს, რომ მიშელ მუსხელი 1964 წელს დაიღუპა, მუსხელიშვილების ოჯახს მისი დაღუპვა საფრანგეთში მცხოვრებმა ნათესავებმა გააგებინეს.

 

დავით მუსხელიშვილმა გვიამბო, რომ საფრანგეთში მცხოვრებმა ბიძაშვილმა გამოუგზავნა მიშელ მუსხელის დაღუპვასთან დაკავშირებით საგაზეთო პუბლიკაციები და ნეკროლოგები, მათ შორისაა გაზეთ “ლე ფიგაროს” ჩანაწერი, რომ 1965 წელს ორი იტალიელი სტუდენტი ავიდა მონბლანზე და მიხეილ მუსხელის სახელზე ევროკავშირის დროშა ააფრიალა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი