logo_geo
თანამედროვე ეტიკეტის 18 წესი
- +

18 ნოემბერი. 2016. 15:21



თავაზიანობის გამოვლენა რთული სულაც არ არის. ეს, პირველ რიგში, პატივისცემის გამოხატვაა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელთა შესახებ ყველამ არ იცის. B2P.GE შეეცადა, თავი მოეყარა იმ წესებისთვის, რომლებსაც ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ.


1. სტუმრად, წინასწარ დარეკვის გარეშე, არასდროს წახვიდეთ.


სტუმარი თუ მოულოდნელად გეწვიათ, შეგიძლიათ, საკუთარ თავს მისცეთ უფლება, ხალათსა და თმის სახვევებში იყოთ. ერთი ბრიტანელი ლედი ამბობდა, რომ დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენისას, ყოველთვის იცვამს ფეხსაცმელს, იფარებს ქუდს და იღებს ქოლგას. სტუმარი თუ მისთვის მისაღები აღმოჩნდება, ეუბნება: „ოჰ, როგორ გაგიმართლათ, ეს წუთია მოვედი!" ხოლო არასასიამოვნო სტუმარს კი, ეუბნება: „რა სამწუხაროა, მე უნდა წავიდე!"


2. ქოლგა, გაშლილ მდგომარეობაში, არასდროს გააშროთ, არც ოფისში და არც სტუმრად ყოფნისას. ის უნდა დაკეცოთ და ჩამოკიდოთ ან სპეციალურ სადგამზე დადოთ.


3. ჩანთა არ უნდა დაიდოთ მუხლებზე ან იმ სკამზე, რომელზეც ზიხართ.


პატარა, კლაჩის ტიპის ჩანთის დადება მაგიდაზე შეგიძლიათ. მოცულობითი ჩანთა კი სკამის საზურგეზე უნდა ჩამოკიდოთ. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ჩანთის სპეციალური საკიდი ან დასადები არ არის, შეგიძლიათ, ის იატაკზეც დადოთ.  პორტფელს კი აუცილებლად იატაკზე დებენ.

 

4. ჩანთების ჩანაცვლება ქაღალდის საფირმო ჩანთებითა და პოლიეთილენის პარკებით, დაუშვებელია. მათი გამოყენება მხოლოდ სუპერმარკეტებიდან გამოსვლის დროს ან ბუტიკიდან დაბრუნებისას შეიძლება.


5. მამაკაცი არასოდეს ატარებს ქალის ჩანთას. მის ლაბადას კი მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ გასახდელამდე მიიტანოს.

 

6. საშინაო ტანსაცმლად ითვლება შარვალი და სვიტერი, რომლებიც აუცილებლად მოსახერხებელი უნდა იყოს. ხალათი და პიჟამა კი, დილით სააბაზანომდე მისასვლელადაა განკუთვნილი, საღამოს კი, - სააბაზანოდან საძინებლამდე.

 

7. იმ მომენტიდან, როდესაც ბავშვს სახლში ცალკე ოთახს მიუჩენთ, მიეჩვიეთ მის კარზე დაკაკუნება. ეს მისთვის იქნება მაგალითი, რომ შესვლის წინ, თქვენს კარზეც დააკაკუნოს.

 

8. ქალს, შენობაში შესვლისას, შეუძლია ჰქონდეს ხელთათმანები და თავსაბურავი, თუ ისინი ბეწვის არ არის. 

 

9. აქსესუარების საერთო რაოდენობა, საერთაშორისო პროტოკოლის მიხედვით, 13 საგანს არ უნდა აღემატებოდეს. აქსესუარებში შედის აგრეთვე საიუველირო ღილებიც. ხელთათმანზე ბეჭდის გაკეთება დაუშვებელია, სამაჯური კი დასაშვები. ქალბატონებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რაც უფრო ბნელა ქუჩაში, მით უფრო ძვირფასია აქსესუარები. ადრე, ბრილიანტები, გათხოვილი ქალების საღამოს მორთულობად ითვლებოდა, თუმცა, ბოლო დროს, მისი დღისით ტარებაც დასაშვები გახდა. ახალგაზრდა გოგოსთვის კი, 0.25 კარატიანი ბრილიანტით გაწყობილი საყურეების გაკეთება სრულიად საკმარისი იქნება.


10. რესტორანში შეკვეთის საფასურის გადახდის წესი: თუ თქვენ წარმოთქვამთ ფრაზას „გეპატიჟებით", ეს ნიშნავს, რომ ფულსაც თქვენ იხდით. იმ შემთხვევაში, თუ ქალი საქმიან პარტნიორს რესტორანში ეპატიჟება, მაშინ ფულს თავად იხდის. ფორმულირება - „მოდი, რესტორანში შევიდეთ", ნიშნავს, რომ შეკვეთის საფასურს ყველა თავად იხდის. მამაკაცი თუ ქალს თანხის გადახდას შესთავაზებს, ქალი უნდა დათანხმდეს.

 

11. ლიფტში მამაკაცი ყოველთვის პირველი შედის. გამოსვლისას კი, პირველი ის გამოდის, ვინც კართან უფრო ახლოსაა.


12. ავტომანქანაში ყველაზე პრესტიჟულ ადგილად, მძღოლის უკანა სავარძელი ითვლება და ქალიც სწორედ აქ იკავებს ადგილს. მის გვერდით მამაკაცი ჯდება. მან მანქანიდან გადმოსვლისას ქალს კარი უნდა გაუღოს და ხელი გაუწოდოს.


13. დიეტის დაცვის შესახებ ხმამაღლა საუბარი ცუდ ტონად ითვლება. ასევე ცუდი ტონია, მის გამო უარის თქმა იმ კერძებზე, რომლებსაც სტუმართმოყვარე დიასახლისი გთავაზობთ. ასევე უნდა მოიქცეთ ალკოჰოლთან მიმართებაშიც. არ არის საჭირო, ყველას გააგებინოთ, რატომ ვერ სვამთ. მოითხოვეთ თეთრი მშრალი ღვინო და ცოტა მოსვით.


14. მაღალი წრის საზოგადოებაში საუბრისას, პოლიტიკა, რელიგია, ჯანმრთელობა და ფული ტაბუდადებული თემებია. უადგილო შეკითხვაა: „ღმერთო, რა კარგი კაბაა! რა ღირდა?" თუ ვინმემ მაინც გკითხათ, თქვენი რეაქცია თავაზიანი ღიმილი და პასუხი: „ეს საჩუქარია" უნდა იყოს. ამის შემდეგ კი საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეთ. მოსაუბრე თუ დაჟინებით კვლავ ამ თემაზე აგრძელებს საუბარს, უპასუხეთ, რომ ამ თემაზე საუბარი არ გსურთ.


15. ყველა ადამიანს, 12 წლის ასაკიდან, „თქვენ"-ობით უნდა მიმართოთ.


ამაზრზენია იმის მოსმენა, როდესაც ადამიანები მიმტანებს ან ტაქსის მძღოლებს „შენ"-ობით მიმართავენ. მიმართვის ეს ფორმა, მხოლოდ პირად საუბრებში და მეგობრული ურთიერთობის დროს არის დასაშვები. და მაინც, რა რეაქცია უნდა გქონდეთ, როდესაც თანამოსაუბრე უტაქტოდ იქცევა? - უნდა ჩაეკითხოთ, ნამდვილად თქვენ მოგმართავთ თუ არა. არსებობს მეორე ვარიანტიც: მხრები აიჩეჩეთ და უპასუხეთ, რომ „შენ"-ობით მიმართვაზე ჯერ არ გადასულხართ.


16. სხვების განსჯა და ჭორაობა დაუშვებელია. ახლობლებსა და მით უმეტეს, ქმრებზე ცუდად საუბარი ცუდ ტონად ითვლება. თქვენი მეუღლე თუ ცუდი პიროვნებაა, რატომ არ გაეყრებით მას? დაუშვებელია ასევე სიძულვილის ენით საუბარი საკუთარ ქვეყანაზე, რომ აქ ყველა მატყუარა ცხოვრობს. ასეთ შემთხვევაში, თქვენც იგივე გამოდიხართ.

 

17. კინოში, თეატრსა თუ საკონცერტო დარბაზში, პირველი მამაკაცი შედის. საკუთარ ადგილამდე კი ისე უნდა მიხვიდეთ, რომ უკვე იქ მჯდომ მაყურებელს ზურგი არ შეაქციოთ.

 

18. საიდუმლოდ ცხრა რამ უნდა შეინახოთ: ასაკი, სიმდიდრე, სახლში საიდუმლო გასასვლელი, ლოცვა, წამლის შემადგენლობა, სასიყვარულო კავშირი, საჩუქარი, ჯილდო და უბედურება.


და ბოლოს, ჯეკ ნიკოლსონი კარგი ტონის წესების შესახებ: „მე სიფრთხილით ვუდგები კარგი ტონის წესებს, როგორ მივაწოდო თეფში, არ ვიყვირო ერთი ოთახიდან მეორეში გასაგონად, დახურული კარი დაკაკუნების გარეშე არ გავაღო და შესვლა, პირველ რიგში, ქალს დავუთმო. ამ უბრალო წესების მთავარი მიზანი, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაა. ჩვენ არ შეგვიძლია მშობლებთან ქრონიკულ ომში ვიცხოვროთ - ეს სისულელეა. მე ზედმიწევნით ვაკონტროლებ საკუთარ მანერებს. ეს არ არის რაიმე აბსტრაქტული, არამედ ეს ყველასთვის გასაგები ურთიერთპატივისცემაა".









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი