logo_geo
„თბილისობა“, ტრადიციულ-ქალაქური „ყეენობა“ და „ისპანახობა“ - მსგავსება და განსხვავება
- +

10 ოქტომბერი. 2018. 11:51

 

 

თბილისობის პირველი დღესასწაული, მოგეხსენებათ, 1979 წელს გაიმართა. როგორც იმხანად არსებული ერთადერთი ტელევიზიის თანამშრომელს, ყოველ წელს (ვიდრე 1985 წლამდე) მიწევდა ამა თუ იმ უბანში მომხდარის გაშუქება.

 

 

როგორი იყო „თბილისობა“ წარსულში

 

თავიდან საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ტერიტორია ჰქონდა განსაზღვრული, სადაც ამ კუთხის დამახასიათებელი წარმოდგენებიც იმართებოდა და გლეხების მოწეული სანოვაგეც იყიდებოდა. ბუნებრივია, სახელდახელო მცირე ქეიფებიც იმართებოდა.

 

ზედიზედ მიწევდა დიდუბეში, გამოფენის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენების გაშუქება, სადაც ლაგოდეხის, ყვარლისა და ახმეტის რაიონები იყო წარმოდგენილი. სიუჟეტის მომზადების შემდეგ, აბა, კახელები ისე როგორ გამოგვიშვებდნენ, მათი ნაამაგარი არ დაგველოცა? ჩვენც დიდ თავპატიჟს არ ვიდებდით და დღემდე თბილად მახსენდება ამ ალალ კაცებთან გატარებული დრო.

 

ერთხელაც, თუ არ ვცდები 1981 წელს, ცოტა ზარხოშმორეულმა წიწკანაანთსერელმა შაქრომ (გვარი არ მახსოვს) დაბალ ხმაზე „მრავალჟამიერი“ წამოიწყო, სხვებიც ლაზათიანად აჰყვნენ და მალე ურემზე თათარიახნად გაშლილი სუფრის გარშემო გვარიანი ხალხი მოგროვდა.

 

 

საქართველოს ერთადერთი ტელევიზიის კამერა „თბილისობაზე“ 1985 წელს

 

ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ მოგვიახლოვდა ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფი გრიგოლ აბაშიძის მეთაურობით. ის იყო, სიმღერა ჩაათავეს კახელებმა და ბატონმა გრიგოლმა იკითხა:

- თქვენ აქ დიდი ყეენობის კუდი გაგიმართავთ და სტუმრებს არ მიიღებთ?

 

ერთმა ასაკოვანმა უპასუხა: 

- ყეენობაც გადავარდა, იმის კუდიც და აღარც ისპანახობაა, ერთი სტუმარ-მასპინძლობა შეგვრჩა და დაილოცე, პატივცემულო.

 

ამ ნათქვამიდან მაშინ მხოლოდ სიტყვა „ყეენობა“ მეცნო, აი, დანარჩენის შესახებ უკვე მოგვიანებით შევიტყვე და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ.

 

„ყეენობის“ არსის გადმოსაცემად უმჯობესია, გენერალ ერმოლოვის დროს გაზეთ „კვალში“ დაბეჭდილი მასალა გაგაცნოთ:

 

 

„ყეენობის კუდი“, ანუ „ისპანახობა“. 1894 წელს „ისპანახობაში“ მონაწილეობა ილია ჭავჭავაძესაც მიუღია, რაზეც ეს ფოტო მეტყველებს

 

„მთელი ქალაქი გაყოფილი იყო ორ უბნად: ერთი იყო ისანი და მეორე - ნარიყალა. ნარიყალას ემხრობოდნენ ვერის მხრის მცხოვრებნი, ახალი სოლოლაკის უბანიც ამათკენ იყო. ისნის მხარეს შეადგენდა: ავლაბარი, ჩუღურეთი და გარეთუბანი, ანუ, კუკიის მხარე. ნარიყალის მცხოვრებნი იყვნენ: მუხრან-ბატონი, ორბელიანი, ბარათაშვილი და ერისთავი. ისნის მხარეზედ იყვნენ: კახეთის მებატონეები - ჭავჭავაძე, ჩოლოყაშვილი, ვახვახიშვილი, ჯანდიერი, ჯორჯაძე და სხვები. ერმოლოვს ნარიყალელების მხარე ეჭირა.

 

ყეენი უნდა გამოსულიყო ისნელებიდან და შემოსეოდა ქალაქს, დაეპყრა დილით მთელი ქალაქი და გზების გზაჯვარედინზე ჩაეყენებინა თავის მოხელეები, ჯარის უფროსები, რომ გამვლელ-გამომვლელებისთვის ხარჯი გამოერთმიათ. ამ დროს ნარიყალის მომხრენიც საიდუმლოდ ამზადებდნენ თავიანთ ჯარებს. ტფილისის ქალაქის დუქნები დაიკეტა და მცხოვრებნი ნახევარი ყეენისკენ იყვნენ, ნახევარი – სოლოლაკის ხევში დაიმალა.

 

ყეენმა დაიდგა ტახტი სეიდაბადის მაღლობზე, სადაც დღეს ბოტანიკურ ბაღთან ძველი ციხის ნანგრევია: მისი მოხელენი იჭერდნენ გამვლელ-გამომვლელებს და მიჰყავდათ ყეენთან თაყვანის საცემლად. ამ სახით განაგრძო ყეენმა თავისი უფლება მთელ ტფილისს ქალაქზედ შუადღემდის. ნაშუადღევს ყეენს მოახსენეს, რომ ქვეყანა აჯანყდაო, რომ ერი განუდგა მას და ქართველები სოლოლაკის მაღლობს გადმოდგნენო. მაშინვე ყეენი გაემგზავრა საომრად, მაგრამ, უკვე გვიან იყო: ყეენი საქართველოს ჯარებს ტყვედ ჩაუვარდა ხელში“.

 

 

ყეენობა გორში

 

„ყეენობა“ იმართებოდა დიდმარხვის პირველ დღეს, ე.წ. მძიმე ორშაბათს. ზოგი მოსაზრებით, „ყეენობა“ მურვან-ყრუს შემოსევის დროიდან მოდის, „ივერია“ მეჩვიდმეტე საუკუნეს აკუთვნებს, „კავკაზი“ - შაჰ აბასის ხანას, ალექსანდრე ხახანაშვილი კი „ყეენობას“ წარმართული დროების ნაშთს უწოდებს.

 

„ყეენობის” ზეიმის დასასრული ასეთი იყო: ნაშუადღევს წაიყვანდნენ ყეენს და პირდაპირ მტკვარში გადაისროდნენ, ოღონდ ისე, რომ არ დამხრჩვალიყო. მერე, მოქალაქეთაგან მოგროვილი ფულით, „ყეენობის“ მონაწილენი ყიდულობდნენ ხორაგს და მთელი ერთი კვირის განმავლობაში დაუსრულებელი ქეიფი ჰქონდათ ორთაჭალაში, მტკვრის პირას, ვერის ბაღებსა და დიდუბეში.

 

ეს თითქოს თეატრალიზებული წარმოდგენა, თავისი პირვანდელი სახით, ომის მისტიფიკაციას წარმოადგენდა. რუსეთის მთავრობას აჯანყების გათამაშება, მიუხედავად იმისა, რომ სახუმარო ხასიათს ატარებდა, არ მოსწონდა და, ამიტომ, ამ სახით „ყეენობა“ აკრძალა  1880 წელს. ხალხი ასე იოლად არ შეელია დიდი ხნის ტრადიციას, ამიტომ, სახელიც შეუცვალეს, ფორმაც და „ისპანახობად” მონათლეს. უცვლელი დარჩა „ყეენობის“ ბოლო ნაწილი - ქეიფი. ამიტომაც, მას სხვაგვარად „ყეენობის კუდი“ უწოდეს.

 

 

ყეენობა ყაზბეგში

 

სახელი „ისპანახი“ კი იმ შუაშია, რომ საქეიფო სუფრაზე მხოლოდ სამარხვო საჭმელი იყო. „ისპანახობის“ აუცილებელი წესი იყო ქაღალდის გვირგვინების, ჩაჩების ტარება და ტანზე მასხარის ტანსაცმლის ჩაცმა.

 

დრომ და ცხოვრების ყოფის შეცვლამ თავისი ქნა და ბოლო წლების „თბილისობა“ აღარც „ყეენობას“ ჰგავს და აღარც „ისპანახობას“, თუმცა, რაღაც ელემენტები ძველი ქალაქური ტრადიციიდან მაინც შემორჩენილია - სახალხო ქეიფებს, ქუჩებში გაშლილ სუფრებს და ქართულ სიმღერასა და ცეკვას ვგულისხმობ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი