logo_geo
სესილია თაყაიშვილის ერთადერთი სიყვარული და მარტოობის საიდუმლო
- +

15 იანვარი. 2017. 18:41



სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში, თეატრისა და კინოს დიდი მოტრფიალის, დიმიტრი თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა. თაყაიშვილების ცნობილ ოჯახს იმ დროის ბევრი გამოჩენილი ადამიანი სტუმრობდა. პატარა სესილია სტუმრების მეტყველებასა და მანერებს აკვირდებოდა და მათი წასვლის შემდეგ საკუთარი ინტერპრეტაციით იმეორებდა. რვა წლის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. მალე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ გოგონა მსახიობის პროფესიას აირჩევდა. ასეც მოხდა. 1926 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია, სადაც მომავალ მეუღლეს - ვასო გოძიაშვილს შეხვდა. სტუდიის შემდეგ, სესილიამ რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა, თუმცა, როგორც კი ვასო გოძიაშვილი რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა, ახალგაზრდა მსახიობმაც მარჯანიშვილის თეატრს მიაშურა. 


ვასო გოძიაშვილი სესილიაზე ერთი წლით უფროსი იყო. წლინახევრისას მამა გარდაეცვალა და მარტო დარჩენილმა დედამ ექვსი შვილი წვალებით გაზარდა. სესილიას მსგავსად, ვასოც ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა მეზობლების რჩევით, დედამ სასულიერო სასწავლებელში მიიყვანა. მალე უნაკლო სმენისა და კარგი ხმის წყალობით, ვასო სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდში ჩარიცხეს. ხელმოკლე ოჯახს ათასი ხარჯი და საზრუნავი ჰქონდა. მცირე შემოსავალი ბინის გადასახადისა და პურის ფულსაც ძლივს სწვდებოდა, ამიტომ წვრილშვილიანმა დედამ, სასწავლებლის ნაცვლად, შვილი საზეინკლო სახელოსნოში მიაბარა შეგირდად. ზეინკლობას შიკრიკად მუშაობა მოჰყვა. 13-14 წლის, მიმზიდველი გარეგნობის ბიჭი იძულებული იყო, ორიოდე გროშისთვის მთელი დღე სულმოუთქმელად ერბინა, თუმცა მისმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და გიმნაზიის მოსწავლე გახდა. ამ პერიოდიდან, ვასო ქართული დრამატული თეატრის დასის ერთგული მაყურებელი და მონაწილეა.


აკაკი ფაღავას დრამატული სტუდიის შემდეგ სესილიასა და ვასოს ურთიერთობა რუსთაველის თეატრში გაგრძელდა და როდესაც გოძიაშვილი რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა, თაყაიშვილსაც გულმა მისკენ გაუწია. წყვილი მალე დაქორწინდა და ვაჟიც შეეძინა, მაგრამ ოჯახურ ბედნიერებას დიდი დღე არ ეწერა. მიუხედავად იმისა, რომ სესილია ძალიან უყვარდა, სიმპათიური ვასო ლამაზი ქალების მოტრფიალე და გამოუსწორებელი მექალთანე აღმოჩნდა. ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სესილიამ მეუღლეს ღალატის ფაქტზე მიუსწრო. ერთგული ბუნების ქალმა ღალატის პატიება ვერ შეძლო, რაც ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მიზეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სესილიას პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარდა, სიამაყით აღნიშნავდა ხოლმე: „მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო". წლების შემდეგ ვასო გოძიაშვილი ამ ფაქტს შვილიშვილებთან ღიმილით იხსენებდა: „ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა? კინაღამ არ მამკლა, კაცო, ძლივს გამოვასწარი!"


სესილიასთან განქორწინების შემდეგ, ვასო გოძიაშვილი კიდევ რამდენიმეჯერ იყო დაქორწინებული. მისი ბოლო მეუღლე ევგენია აკაბეკოვა გახლდათ.


მიუხედავად იმისა, რომ ღალატის პატიება ვერ შეძლო, სესილიამ მეუღლის სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე შეინახა. აღარ გათხოვილა და ერთადერთი შვილი მარტომ აღზარდა. მსახიობის პატიოსნებაზე, ზნეობრივ სისპეტაკესა და გულწრფელობაზე თბილისში ლეგენდები დადიოდა.  რატომღაც, ბედმა სესილიას უმეტესად ხნიერი ქალების როლის თამაში არგუნა: 26 წლის იყო, როცა ამალია კარლოვნას როლი შეასრულა, 29 წლისამ შამილის მოხუცი დედა განასახიერა, 42 წლის ასაკში კი ჯულიეტას მოხუცი ძიძის როლი ითამაშა. აღარაფერს ვიტყვით ზურიკელას უკვდავ ბებიაზე ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". თავის ერთ-ერთ ინტერვიუში სესილიამ ეს ასე ახსნა: „საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი - ძნელი. მირჩევნია, სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოა".

 

ვასო გოძიაშვილი 1976 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.


სესილიამ ყოფილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რვა წელი იცოცხლა და 1984 წლის 21 მაისს გარდაიცვალა. თავის ანდერძში მსახიობმა დაიბარა, რომ გასვენებაც ისეთივე უბრალო და არაპომპეზური ჰქონოდა, როგორიც მისი ცხოვრება იყო:


„ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.

 

დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს, იმიტომ, რომ ჩემ გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა.

 

რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!

 

ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება! იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას".

 

 

Description: C:UserslivenewsDesktop1462521763_63938.jpg

 

 

Description: C:UserslivenewsDesktopSesilia Tayaishvili-1.jpg

 

 

Description: C:UserslivenewsDesktop617.jpg

 

 

Description: C:UserslivenewsDesktop606.jpg

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი