logo_geo
სად არიან 90-იანების ტოპ მოდელები ახლა?
- +

16 მარტი. 2019. 21:31

 

 

ნაომი კემპბელი

 

 

არის საჭირო ნაომის მიღწევებზე საუბარი? უამრავი ჟურნალის გარეკანი, ასობით კამპანია, ჩვენებები და კიდევ ძალიან ბევრი რამ, რის ჩამოთვლასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. სამოდელო სამყაროში 16 წლის ასაკში შემოაბიჯა - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფერადკანიან მოდელებს პოდიუმზე ძალიან იშვიათად იხილავდით. დღეს კი ის ლეგენდაა, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ მის კარიერას. ქემპბელი უკვე 48 წლისაა და ჯერ კიდევ საუკეთესოა სამოდელო სამყაროში. გასულ სეზონზე გაიარა ვალენტინოს პოდიუმზე. ამასთან ერთად, 2015 წელს ითამაშა სერიალშიც-American Horror Story: Hotel. ნაომი იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო მოძრაობებშიც.

 

 

 

სინდი კროუფორდი

 

 

ნაომის მსგავსად, სინდიც 16 წლის ასაკში აღმოაჩინეს. მშობლიურ ქალაქ დეკალბში, ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა შენიშნა და ფოტო გადაუღო, რაც კროუფორდისთვის ცხოვრების შემცვლელი აღმოჩნდა. 1986 წელს VOGUE-ს გარეკანზე დაიბეჭდა, რამაც ტოპ მოდელობისკენ მიმავალი გზა გაუხსნა. 90-იანების ბოლოს, უკვე სუპერმოდელმა სინდიმ სამოდელო კარიერა დაასრულა, მაგრამ გეგმებში შესვენება არ ჰქონია. ავეჯის რამდენიმე ხაზი, საავტორო წიგნი, კოსმეტიკური ხაზი, ფილმები, ტელე გადაცემები და კიდევ უამრავი რამ, რითაც კროუფორდი დაკავებული იყო გასულ წლებში. ხანდახან პოდიუმზე გამოსვლაზეც არ ამბობს უარს, მაგრამ სამოდელო კარიერა თავის შვილს, კაია გერბერს გადაულოცა.

 

 

კლაუდია შიფერი

 

 

1987 წელს, 17 წლის კლაუდია ტოვებს გერმანიას და სამოდელო კარიერას პარიზში იწყებს. მალევე შანელის სახე გახდა და ნელ-ნელა ტოპ მოდელადაც ჩამოყალიბდა. შანელის შემდეგ უამრავ ბრენდთან ითანამშრომლა. რაც შეეხება ჟურნალის გარეკანებს, მისი სახე დაბეჭდილია ყდების რეკორდულ რაოდენობაზე- დღევანდელი მონაცემებით, შიფერის ხილვა ათასზე მეტ გარეკანზე შეგიძლიათ. 90-იანების ბოლოს მსახიობობა სცადა და ფილმ „Black and White”-ში ითამაშა. მას შემდეგ დაქორწინდა, დღეს სამი შვილი ჰყავს და ინგლისში ცხოვრობს. სამოდელო კარიერა მისი ცხოვრების ნაწილი დღემდეა და ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბრენდებთან თანამშრომლობს.

 

 

 

ლინდა ევანჯელისტა

 

 

ლინდა 16 წლის იყო, როდესაც „Elite New-York“-მა აღმოაჩინა. 1984 წელს საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და მოდელობა დაიწო. სამოდელო ინდუსტრია არ მოსწონდა, კამერის წინ გაშიშვლებაზე უარს ამბობდა და მისი წინსვლა შენელდა. კარიერაში პირველი „აფეთქება“ (დადებითი მნიშვნელობით) მისი თმის სტილის შეცვლას მოჰყვა-გრძელი თმა შეიჭრა და მოკლე სტილი მოიხდინა. ამ ყველაფერს მოჰყვა „VOGUE“-ს გარეკანები, „Versace“-სა და კიდევ ძალიან ბევრი ბრენდის ჩვენებები და იმ ეტაპს მიაღწია, რომ საწოლიდან არ დგებოდა, თუ $10.000-ზე ნაკლებს უხდიდნენ (ასე დაახასიათა ტოპ მოდელმა თავისი ცხოვრება 1990 წელს ჩაწერილ ინტერვიუში). ახლა ლინდა 54 წლისაა, ისევ იღებს ბრენდების კამპანიაში მონაწილეობას და კოსმეტიკური ბრენდის, „Erasa Skin Care“-ს ვიცე-პრეზიდენტია.

 

ქეით მოსი

 

 

ქეითს შეგვიძლია სამოდელო ინდუსტრიის გადატრიალება დავაბრალოთ. მისი გარეგნობა ძალიან უჩვეულო, იშვიათი და „შეუფერებელი“ იყო ამ სფეროსთვის და ვერავინ იფიქრებდა, რომ იგი მალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი გახდებოდა. 14 წლის ასაკში ერთ-ერთ აეროპორტში შეამჩნიეს და სააგენტოში გაწევრიანება შესთავაზეს. პირველი ფოტოსესია ბრიტანული VOGUE-სთვის ჰქონდა და გარეკანზეც დაბეჭდეს. ხალხის დიდი ნაწილი უარყოფითად განეწყო მის მიმართ-ფიქრობდნენ, რომ ზედმეტად გამხდარი, ბიჭისთვის დამახასიათებელი ტანი ჰქონდა და ზედმეტად ბავშვური იყო. ამ ყველაფერს ქეითისთვის ხელი არ შეუშლია და მალე შანელისა და დიორის ჩვენებაზე გამოვიდა. საერთო ჯამში დაამშვენა 300-ზე მეტი ჟურნალის გარეკანი. დღეს მოსი 44 წლისაა და ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. თანამშრომლობს ბრენდებთან და დიზაინერულ ასპექტშიც იღებს მონაწილეობას, შექმნა კოლექცია ტოპშოპისთვის.

 

ქრისტი ტურლინგტონი

 

 

 

ქრისტის სამოდელო კარიერა ორი დეკადის მანძილზე მიმდინარეობდა. 14 წლის ასაკში, ცხენზე ჯირითისას, ფოტოგრაფმა ფოტო გადაუღო, რომელიც შემდეგ სამოდელო სააგენტოს ხელში მოხვდა და ქრისტის მოდელობა შესთავაზეს. 16 წლისას ფოტოსესია ჰქონდა „Calvin Klein“-ისთვის და მას შემდეგ უამრავ დიდ ბრენდთან ითანამშრომლა. მეტროპოლიტენის ხელოვნების სახლმა მას „მეოცე საუკუნის სახე“ უწოდა. ქრისტის, ლინდასა და ნაომის საზოგადოება „ტრიოდ“ მოიხსენიებდა. საბოლოო ჯამში, მას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, 50 წლის ტურლინგტონს სპორტული სამოსის ბრენდები აქვს, Nuala და Mahnuala. ასევე კანის მოვლის ხაზი აქვს, სახელად Sundari.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი