logo_geo
დაკარგული „ვეფხისტყაოსნის“ ახალი სიცოცხლე
- +

5 მარტი. 2017. 21:10


 

„ემანუილ მიტაფიდისმა „ვეფხისტყაოსანი" სრულად თარგმნა. ამ ნაშრომისთვის მას არანაირი ანაზღაურება არ მიუღია და დაბეჭდილის ნახვასაც ვერ მოესწრო - საცდელი გამოცემა, რომელიც ორ ეგზემპლარად დაიბეჭდა, მხოლოდ მის პანაშვიდზე მიიტანეს".


მსოფლიო კულტურის საგანძური „ვეფხისტყაოსანი" ათეულობით ენაზეა თარგმნილი. თითოეულს თავისებური ისტორია აქვს, მაგრამ განსაკუთრებულია ბერძნულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის" ამბავი. მთარგმნელი ემანუილ მიტაფიდისი საქართველოში, აფხაზეთში ცხოვრობდა, სადაც ომმა მის სხვა ნაშრომებთან ერთად კინაღამ ბერძნული „ვეფხისტყაოსანიც" იმსხვერპლა.


ემანუილის, მისი ოჯახისა და „ვეფხისტყაოსნის" ამბავი ჩემმა კოლეგამ, საბერძნეთში ქართული მედიასაშუალებების აკრედიტებულმა ჟურნალისტმა ნინო ბაჯელიძემ მიამბო.


- 20 წელი ვცხოვრობდი საბერძნეთში, უნივერსიტეტში ვმუშაობდი და სულ მიკვირდა, რომ ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ღრმა ფესვების მიუხედავად, "ვეფხისტყაოსანი" ბერძნულად არ იყო თარგმნილი. 2016 წელს, საქართველოში, "ვეფხისტყაოსნის" 850 წლის იუბილეზე, მოულოდნელად შევიტყვე მისი არსებობის შესახებ. თურმე, რამდენიმე ათეული წელია, არსებობდა შესანიშნავი თარგმანი, მაგრამ დაკარგული ეგონათ. წიგნის და მისი ავტორის თავგადასავალი ემანუილ მიტაფიდისის შვილიშვილმა - გრიგორი კირიაკოსმა მიამბო, 2016 წელს მანვე გამოსცა თარგმანი.



არდაკიდადან სოხუმამდე


საოცარია, ემანუილ მიტაფიდისის თავგადასავალი. თითქოს განგებამ მოიყვანა სოხუმში, რათა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა მშობლიურ ენაზე ეთარგმნა.


კონსტანტინოპოლის მახლობლად, ქალაქ არდაკიდაში, შეძლებულ ოჯახში დაბადებულმა ემანუილმა (მამა ქალაქის მერი იყო) განათლებაც შესანიშნავი მიიღო და მისი ცხოვრებაც მშვიდად და წარმატებით გაგრძელდებოდა, რომ არა 1918-19 წლების მოვლენები, თურქების თავდასხმები ბერძნებზე და მათი განდევნა ამ ტერიტორიებიდან. მშობლებმა ვაჟი ოდესაში, ბიძებთან გაგზავნეს. ძველი ბერძნულის, ლათინურისა და ფრანგული ენების ბრწყინვალედ მცოდნე რუსულ ენასაც სწრაფად დაეუფლა. კარგად იცოდა ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა, შესანიშნავად ხატავდა და თარგმნიდა... თურქეთში ბერძნების დევნის დროებით შეწყვეტისთანავე კი კონსტანტინოპოლში დაბრუნდა, რუს კლასიკოსებს ბერძნულად თარგმნიდა; 1920-21 წლებში ბერძნებზე თავდასხმების განახლების გამო, კვლავ ოდესას მიაშურა.


ერთხელ ემანუილი სოხუმში ნათლობაზე მოხვდა. იქ მომავალი მეუღლე გაიცნო. მალევე დაქორწინდნენ და საცხოვრებლად სოხუმში დარჩნენ. მალე ერთ-ერთ ბერძნულ სკოლაში ჯერ პედაგოგად მიიწვიეს, შემდეგ კი დირექტორად დანიშნეს.


თითქოს ცხოვრება სულის მოთქმას არ აცდიდა. 1937-38 წლების რეპრესიების დროს სოხუმში ბერძნული სკოლები დაიხურა, ბერძნების უმეტესობა კი გადაასახლეს. ემანუილი მახლობელ სოფელ აგანდაში ბუღალტრად გადაიყვანეს. ამ სოფლის მიდამოებს მაშინ რუსი არქეოლოგები თხრიდნენ. ანტიკური ხანის უნიკალური ბერძნული ნივთების აღმოჩენის გამო ემანუილი ექსპონატებზე წარწერების წასაკითხად და გასაშიფრად მიიწვიეს. 1941 წელს კი სოხუმში დაბრუნების საშუალება მისცეს.



მერე ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა თავს - გერმანელების მიერ სოხუმის დაბომბვისას ემანუილის 15 წლის ქალიშვილი დაიღუპა. შვილის დაკარგვის გამო იარები ჯერ არ მოშუშებოდა,­ ახალი სატკივარი რომ გაუჩნდა, 1949 წელს, სოხუმიდან ბერძნები მასობრივად გაასახლეს. ემანუილის ცოლ-შვილს საბჭოთა პასპორტები ჰქონდა და მათ ეს საშიშროება არ ემუქრებოდათ, მაგრამ უფროსი ქალიშვილის მეუღლე შუა აზიაში, ყაზახეთში გადაასახლეს. მშობლებმა ქალიშვილი მარტო არ გაუშვეს და თან გაჰყვნენ. მოგვიანებით ემანუილი ტაშკენტში ბერძენ პოლიტემიგრანტებთან სამუშაოდ გადაიყვანეს, 1956 წელს კი ოჯახთან ერთად სოხუმში დაბრუნების ნება დართეს.


უკვე 60 წლისას, დაღლილს, მაგრამ გაუტეხელს, სოხუმში მის მიერ დანატოვარი აღარაფერი დახვდა და ცხოვრების დაწყება თავიდან მოუხდა; მალევე ინსულტი დაემართა და მარჯვენა ხელს თითქმის ვეღარ იმორჩილებდა, თუმცა, თარგმანებზე მუშაობა არ შეუწყვეტია.


თარგმანში ერთი კაპიკიც არ გადაუხდიათ


1966 წელს, შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილეს სამზადისთან დაკავშირებით, სოხუმის პედაგოგიურმა ინსტიტუტმა ემანუილს "ვეფხისტყაოსნის" 200 სტროფის ბერძნულად თარგმნა სთხოვა, თარგმანი კი ცნობილ ბიზანტიოლოგს, ელინისტს და ძველი ბერძნულის სპეციალისტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ სიმონ ყაუხჩიშვილს გაუგზავნა, რომელსაც ისე მოსწონებია ნამუშევარი, რომ ავტორს პოემის სრულად თარგმნა შესთავაზა.



ემანუილ მიტაფიდისმა "ვეფხის­ტყაოსანი" სრულად თარგმნა. ამ ნაშრომისთვის მას არანაირი ანაზღაურება არ მიუღია და დაბეჭდილის ნახვასაც ვერ მოესწრო - საცდელი გამოცემა, რომელიც ორ ეგზემპლარად დაიბეჭდა, მხოლოდ მის პანაშვიდზე მიიტანეს. ერთი წიგნი ოჯახს დაუტოვეს, მეორე კი საჯარო ბიბლიოთეკისთვის გადაუციათ, რის შესახებაც ოჯახმა არაფერი იცოდა. ამიტომაც, როდესაც სოხუმი დაეცა, იფიქრეს, "ვეფხისტყაოსნის" ერთადერთი ბერძნული თარგმანიც სამუდამოდ დაიკარგაო.


- 1990 წელს საცხოვრებლად საბერძნეთში, ათენში გადავედი, სადაც 1992 წელს დედა მესტუმრა. ამ დროს დაიწყო ომი აფხაზეთში და დედაც ათენში დარჩა. სამწუხაროდ, ომის დროს პაპაჩემის მთელი არქივი დაიკარგა. რამდენიმე წლის წინ კი გავიგე, რომ თარგმანი ომის შემდეგ პეტერბურგში გადასახლებულ ჩემს ბიძაშვილს წაუღია. სასწრაფოდ გადავფრინდი და წიგნი წამოვიღე... პაპაჩემმა - ემანუილ მიტაფიდისმა ზედმიწევნით კარგად იცოდა როგორც ძველი, ისე ახალბერძნული ენა და ყველა დიალექტი, ამიტომ პოემის რედაქტირებისთვის ძალიან გამიჭირდა კარგი ფილოლოგის პოვნა. როგორც იქნა, ვიპოვე ქალბატონი თალია კაფენიდი, რომელსაც არა მარტო გრამატიკული შეცდომები და სასვენი ნიშნები უნდა შეესწორებინა, კარგად უნდა გაეგო და გადმოეცა ნაწარმოების აზრი, მე კი რუსულ თარგმანებს ვუდარებდი, როდესაც ზუსტ შინაარსს ვიგებდი, მერე ერთად ვასწორებდით. წელიწად-ნახევრის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომა დაგვჭირდა, რომ წიგნი დასაბეჭდად მოგვემზადებინა. საბედნიეროდ, პაპაჩემის შრომა არ დაიკარგა, დღეს უკვე არსებობს და ხელმისაწვდომია "ვეფხისტყაოსნის" ბერძნულენოვანი გამოცემა, რაც ჩვენი ხალხების ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, - მითხრა გრიგორი კირიაკოსმა, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და მეუღლეც ქართველი ჰყავს. ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი გაცნობით. პაპამისის ამბავი ბერძნულ პრესაშიც დავწერე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვფიქრობ, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ამ ამბავს, რადგან "კვირის პალიტრა" საბერძნეთში, არა მხოლოდ ქართველებში, ქართულენოვან ბერძნებშიც ძალიან პოპულარულია.


ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ "ვეფხისტყაოსნის" ბერძნული თარგმანის დაბეჭდვა სწორედ 850 წლის იუბილეზე გახდა შესაძლებელი, 2016 წელს, რომელიც იუნესკომ "ვეფხისტყაოსნის" წლად გამოაცხადა.


ეკა ლომიძე


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი