logo_geo
„ბიტლომანია“ - შეყვარებული მსმენელის გულის წასვლისა და გონების დაკარგვის მიზეზი
- +

22 იანვარი. 2020. 18:14

 

„The Beatles“ - 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან, დღემდე, მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება.

 

ჯგუფის ოთხეულში 1962 წლიდან შედიოდნენ: ჯონ ლენონი (რიტმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნი (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონი (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარი (დასარტყმელი საკრავები, ვოკალი). დაიწყო რა სკიფლით, ბიტით და 1950-იანი წლების როკ-ენ-როლით, ჯგუფმა საკუთარი მუსიკა მოგვიანებით აქცია ექსპერიმენტად, პოპულარული ჟანრის ბალადებთან ფსიქოდელიურ და მძიმე როკამდე, რასაც კლასიკური მუსიკა ნოვატორული სახით ერწყმოდა.

 

„The Beatles“ იმთავითვე, სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა. მათდამი ინტერესი და მანიაკური სიყვარული თაყვანისმცემლებმაც უმალვე გამოავლინეს. ჯგუფისადმი განსაკუთრებული აღფრთოვანების აღსაწერად, დამკვიდრდა ტერმინი „ბიტლომანია“.

„ბიტლომანია“ 1960-იან წლებში წარმოიშვა და ჯგუფ „The Beatles“-ის მიმართ განსაკუთრებულ და მანიაკალურ სიყვარულს აღნიშნავდა.

 

ტერმინის წარმოშობას თავისი ისტორია აქვს, რაც 1963 წლის 13 ოქტომბერს იწყება. ამ დღეს „The Beatles“ ლონდონის დარბაზ „პალადიუმში“ კონცერტით წარსდგა. მიუხედავად იმისა, რომ სრული რეპერტუარი  ინგლისის მასშტაბით გადაიცემოდა, საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ქუჩები ათასობით ადამიანმა იმ იმედით დაიკავა, რომ თუ კონცერტზე ვერ მოხვდებოდნენ, საოცნებო ჯგუფის წევრებს საკუთარი თვალით მაინც დაინახავდნენ.

 

მთელი კონცერტის მსვლელობის განმავლობაში, დარბაზში გულშემატკივართა გამაყრუებელი ხმაური ისმოდა, რომელიც მუსიკასაც კი ფარავდა. კონცერტის დასრულების შემდეგ, როდესაც მუსიკოსები ტოვებდნენ დარბაზს, ქუჩაში მყოფმა თაყვანისმცემელთა ბრბომ, თავიანთ კერპთა ნახვის წყურვილით, ჭყლეტა მოაწყო. „The Beatles“-მა მანქანამდე მხოლოდ პოლიციის დახმარებით მიაღწია...

 

ორი დღის შემდეგ, 1963 წლის 15 ოქტომბერს, გაზეთ „The Daily Mirror“-ში დაიბეჭდა სტატია „The Beatles“-ის მიერ ჩელტნემში ჩატარებული კონცერტის შესახებ. თაყვანისმცემელთა მოქმედების აღწერისას გამოყენებულ იქნა სიტყვა „ბიტლომანია“. ეს ტერმინი სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმაც აიტაცეს, თუმცა „ბიტლომანია“ რეალურად უფრო ადრე, „The Beatles“-ის 1963 წლის საგაზაფხულო კონცერტების დროს გამოიკვეთა, როდესაც ჯგუფის თაყვანისმცემლები (უმეტესწილად, მდედრობითი სქესის) ყიჟინითა და ისტერიული შეძახილებით ხვდებოდნენ სათაყვანებელ მუსიკოსებს, რაც ხშირად შეყვარებული მსმენელის გულის წასვლითა და გონების დაკარგვითაც სრულდებოდა.

 

მას შემდეგ კი, რაც „The Beatles“ 1964 წლის თებერვალში აშშ-ში საგასტროლოდ გაემგზავრა, ყველასათვის ნათელი გახდა, რომ „ბიტლომანიამ“ გადაკვეთა ოკეანე. მალე კი ჯგუფის მიმართ მანიაკურმა სიყვარულმა ევროპა და ყოფილი საბჭოთა კავშირი მოიცვა.

 

 

P.S. ფოტოზე ასახულია, როგორ ასულიერებს ექიმი „The Beatles“-ის ფანებს 1964 წელს გამართული კონცერტის შემდეგ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი