logo_geo
რატომ უჩნდება საზოგადოებას სიმპათია მოძალადეების მიმართ – რას ამბობს ფსიქოლოგი
- +

23 ოქტომბერი. 2020. 20:49

 

 

ზუგდიდის სპეცოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე საათში პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა საკუთარ კომენტარებში დამნაშავის გაიდეალება დაიწყო. ბანკის გაძარცვა რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა ,,უზადოდ განხორციელებულ ოპერაციად“ შეაფასა, რასაც სოციალურ ქსელში არანაკლები აღფრთოვანებით შეხვდა მოქალაქეთა ერთი ნაწილი.

 

,,კვირა“ დამნაშავის გაიდეალებისა და ,,სტოკჰოლმის სინდრომის“ ფენომენთან დაკავშირებით ფსიქოლოგიის დოქტორს, მარიამ ჭუმბურიძეს ესაუბრა:

 

-რატომ უჩნდებათ ადამიანებს მოძალადის მიმართ სიმპათია, რა ფენომენია ,,სტოკჰოლმის სინდრომი?

 

ზოგადად, საზოგადოებას ყოველთვის უყვარდა ძლიერი ადამიანები.

საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ ისინიც, ვიზეც უშუალოდ განხორციელდა ძალადობა. ასეთები იყვნენ ზუგდიდშიც, ბანკში დარჩენილი მოქალაქეები, რომლებიც დიდი სიმპათიით საუბრობდნენ შეიარაღებულ მძარცველზე, რომელმაც, თურმე, ,,იზრუნა“ მძევლებზე, ხაჭაპურით გაუმასპინძლდა დამშეულებს და მზად იყო, მათ კომფორტზეც ეზრუნა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს სიცხე შეაწუხებდა, კონდიციონერსაც ჩართავდა. ერთი შეხედვით დაუჯერებელიც კია, როგორ შეიძლება, აღგაფრთოვანოს მოძალადის საქციელმა, რომელსაც ხელში გახსნილი ხელყუმბარა უჭირავს და მზადაა, ადამიანების სიცოცხლე გასწიროს საკუთარი კეთილდღეობისთვის. თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს; თითოეულ ჩვენგანს გვაქვს აუსრულებელი ოცნებები, რომელთა განხორციელებისთვის ან ძალა არ გვყოფნის ან ფინანსები. ძლიერი ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს სწირავს თავის ოცნებების ასრულებას, საზოგადოების ნაწილის თვალში გმირია. მან, პრაქტიკულად, განახორციელა თავისი ნატვრა, ვაჟკაცია, არაფერს უშინდება, ამიტომაც, ადამიანების ნაწილში ის გმირი ხდება, სამაგალითო ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ მძარცველის სურვილების განხორციელებას შესაძლოა, ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლოს. დადგენილია, რომ ,,სტოკჰოლმის სინდრომი“, ძირითადად, ქალებს ემართებათ, რომლებიც მთელი ცხოვრება ძლიერ მამაკაცს ეძებენ, მათ ცხოვრებაში კი ასეთი კაცები ნაკლებად არიან.

 

-რატომ ხდება, რომ მოძალადე მძარცველები საზოგადოებაში მეტად პოპულარულები არიან, ვიდრე – პოლიციელები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ ადამიანების გადასარჩენად?

 

საზოგადოებას უყვარს გამარჯვებული, უყვარს ძლიერი. ვინ იქნება ამ შემთხვევაში გამარჯვებული: მძარცველი თუ ძალოვანი უწყება, ადამიანთა სიმპათიაც მისკენ გადაიხრება. რატომ უყვარდათ ყველა დროსა და ყველა სახელმწიფოში ყაჩაღები, აბრაგები, ხშირად მოძალადეებიც კი? ყველა ერს ჰყავდა უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი კანონგარეშე ადამიანები. ასეთი იყო კაკო ყაჩაღი, რობინ ჰუდი, არსენა ოძელაშვილი, რომლის ძეგლი დღესაც დგას საქართველოს ძველ დედაქალაქში? გავიხსენოთ ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში. მათი სახელი იცოდა საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათ ლამის ჩურჩულით მოიხსენიებდნენ და დიდ ავტორიტეტებად თვლიდნენ. ისინი იმარჯვებდნენ კანონსა და კანონიერებაზე, არღვევდნენ საზოგადოებისთვის დაწესებულ კანონებს, არად აგდებდნენ დაკანონებულ წესრიგს. გამარჯვებულებს არ განიკითხავენ, ასე იყო წარსულშიც და ასეა დღესაც.

 

-შესაძლოა მსხვერპლს გაუჩნდეს ,,სტოკჰოლმის სინდრომი“ , მაგრამ როდესაც პოლიტიკური ლიდერები ეკრანიდან მოძალადის მიმართ აშკარა სიმპათიას გამოხატავენ, ამ მოვლენას რა დავარქვათ?

 

ამას ადამიანის გონების სიბნელე უნდა დავარქვათ. მაშინ, როდესაც ადამიანების აზროვნება ამაღლდება იქამდე, რომ კრიმინალური ძალმომრეობა მათთვის გმირობად აღარ ჩაითვლება, ,,სტოქჰოლმის სინდრომიც“ გაქრება. ზოგიერთი პოლიტიკოსის სმენისას მომეჩვენა, რომ ისინი გარიგებულნი იყვნენ მოძალადესთან. მომეჩვენა ისიც, რომ მძევალთა შორის შესაძლოა, მძარცველის თანამზრახველებიც ყოფილიყვნენ. ხომ არ იყო კავშირში ბოლო საარჩევნო კვირა და ,,საქართველოს ბანკის“ ასეთ ფართომასშტაბიან ძარცვა? ეგებ, ზოგიერთ პარტიას აწყობდა კიდეც არეულობის მცდელობა, სისხლი, ტერორისტული აქტი ქულების ჩასაწერად? მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ, ყველაფერს გამოძიება იტყვის. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ინტერესშია, უსწრაფესად გახსნას ,,საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმე, რათა წერტილი დაუსვას ზოგიერთი პოლიტიკოსის პროგნოზებსა და განაწყენებული ადამიანების უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს. მეცინება იმ გულუბრყვილო ადამიანების განაწყენებაზე, რომლებიც კითხულობენ: რატომ არ ჩაუდო პოლიციამ ჩიპი ფულით სავსე ჩანთაში მოძალადეს? როგორ ფიქრობთ, ჩვენ, რიგითი მოქალაქეები ვართ ასეთი ჭკვიანები, რომ ეს ხერხი მოვიფიქრეთ და პროფესიონალი პოლიციელები ისეთი გულუბრყვილოები არიან, რომ ჩიპის ჩადება ვერ მოიფიქრეს? მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს დანაშაულიც უახლოეს დღეებში გაიხსნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი