logo_geo
დადგინდა, რა აზიანებს COVID-19-ის დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემას
- +

23 ოქტომბერი. 2020. 22:09

 

COVID-19–ით დაავადებულ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ცნობიერების აღრევა, ფსიქიკის მწვავე მოშლა - ილუზიებითა და ჰალუცინაციებით, პიროვნების გაორება და მეხსიერების პრობლემები

 

კორონავირუსული დაავადება COVID-19–ის დროს, ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემა უფრო მეტად არა თავად ვირუსისგან, არამედ ორგანიზმის იმუნური პასუხისგან ზიანდება, აცხადებენ შვედი მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც ჟურნალ Neurology–ში გამოქვეყნდა.

COVID-19–ით დაავადებულ პაციენტებში ექიმები ხშირად აღნიშნავენ ნერვული სისტემის დაზიანებას — ცნობიერების აღრევას, დელირიუმს (ფსიქიკის მწვავე მოშლა, თან სდევს ილუზიები, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები ან ზედმეტი აგზნებადობა), პიროვნების გაორებასა და მეხსიერების პრობლემებს. ყველა ეს სიმპტომი, როგორც წესი, დაავადების მწვავე ფაზის დროს ვლინდება მძიმედ დაავადებულებში და დროებითი ხასიათი აქვს.

 

აღსანიშნავია, რომ მეცნირებისთვის აქამდე უცნობი იყო, აქვს თუ არა კორონავირუს SARS-COV-2–ს უნარი, პირდაპი დააინფიციროს ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა.

 

შვედმა ნევროლოგებმა ავსტრიელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად გამოიკვლიეს COVID–19–ით ზომიერად და მძიმე ფორმით დაავადებული ექვსი პაციენტი, რომლებიც გეტებორგის საავადმყოფოში იყვნენ ჰოსპიტალიზებული და რომლებსაც თავის ტვინის დაზიანება აღენიშნებოდათ.

 

ექიმებმა მათ ზურგის ტვინის სითხე აუღეს და იმ ბიომარკერებზე შეამოწმეს, რომლებიც ტვინის რეაქციას ასახავს ინფექციაზე.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დაგვედგინა, როგორ გავლენას ახდენს COVID-19 ნერვულ სისტემაზე, რათა განგვესაზღვრა, რა სახის მკურნალობა უნდა გამოვიყენოთ ტვინზე SARS-COV-2–ით ინფიცირების შედეგების შესარბილებლად ან აღმოსაფხვრელად“, — ამბობს სამეცნიერო სტატიის ავტორი, პროფესორი არვიდ ედენი.

 

მედიკოსებმა ექვსივე პაციენტს ანთების მარკერების — ნეოპტერინისა და ბეტა–2–მიკროგლობულინის შესამჩნევად მაღალი დონე გამოუვლინეს, რაც, მათი აზრით, თავის ტვინის იმუნური უჯრედების მნიშვნელოვან აქტივაციაზე მეტყველებს. ამასთან ორ შემთხვევაში ასევე გაზრდილი იყო მარკერ NFL–ის დონე, რომელიც ნერვული უჯრედების დაზიანებას ავლენს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი