logo_geo
ჩიჩილაკი-ქართული ნაძვის ხის ისტორია
- +

23 დეკემბერი. 2020. 02:43

 

 

კალანდა ანუ იგივე კალანდრა,  სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით წლის თავს, ახალ წელიწადს ნიშნავს. გურულები განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას. ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. ჩიჩილაკს "ქართულ ნაძვის ხესაც"უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ჩიჩილაკი ახალი წლის სიმბოლოა. წინათ გურიასა და იმერეთში ახალი წლის დღეებში ყველა ცდილობდა თავის ოჯახში ჩიჩილაკი დაედგა. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული გურული ჩიჩილაკია. ხვათა შორის, იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთიც ღებავდნენ.

 

"ქართული ნაძვის ხე" ასე მზადდება: ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიან თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს ცეცხლზე ქერქს დაბრაწავენ (ადრე ამას კერიის შუაცეცხლზე აკეთებდნენ), მერე კანს აცლიან, თლიან და ცოტა ხანში მზად არის თოვლივით თეთრი ჩიჩილაკი, რომელსაც ჩირითა და სუროს ტოტებით რთავდნენ. სასიხარულოა, რომ საქართველოში ჩიჩილაკი სულ უფრო პოპულარული ხდება და მას ახლა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით ოჯახებში და არა მხოლოდ გურიაში.

 

ჩიჩილაკი წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას "ბასილის ფაფუკ წვერებსაც" ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი "ბასილის პურს" უწოდებდნენ. საქმე ის არის, რომ 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე გახლავთ და როგორც ჩანს, ხალხმა ამ ფორმით გამოხატა მოწიწება ამ დიდი წმინდანის მიმართ.

 

ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდენენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა

 

 

big_banner
არქივი