logo_geo
არომატული გლინტვეინის გარეშე ზამთარი წარმოუდგენელია - 5 საიდუმლო იდეალური გემოს მისაღებად
- +

2 იანვარი. 2021. 20:28

 

 

ცხელი გლინტვეინი ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რომლის გამოც ზამთარი მიყვარს. აბა, წარმოიდგინე, საახალწლოდ მორთული ქუჩები ღამით, სადაც ყველაფერი ბრჭყვინავს და ციმციმებს, კაფეებიდან საახალწლო მუსიკის ხმები ისმის, შენ კი საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად სეირნობ და გაყინულ თითებს - ცხელი, მათრობელა გლინტვეინის ჭიქა გითბობს. მას ყლუპ-ყლუპად, აუჩქარებლად სვამ და გრძნობ, როგორ იღვრება სხეულში სასიამოვნოდ ცხელი სითხე...

 

ან...

 

გარეთ თოვს. თეთრი ფანტელები სწრაფად და ქაოტურად ეშვება ქვემოთ, თითქოს გასწრობანას თამაშობენ. შენ კი სახლში ხარ... შუბლით ფანჯრის მინას მიყრდნობილი უყურებ თოვას, ხარბად ისუნთქავ ახალმოხარშული გლინტვეინის სურნელს, რომელიც სამზარეულოდან გამოდის და მთელ სახლში ვრცელდება. ტელევიზორში კი საახალწლო ფილმი გადის...

 

გლინტვეინს განსაკუთრებული სურნელი აქვს, ბედნიერების სურნელი...

 

მისი მომზადება ჩემთვის ერთგვარი რიტუალია. მას აუჩქარებლად, სიამოვნებით ვამზადებ. დოზებს და ინგრედიენტების თანმიმდევრობას სწორად ვიცავ. სწორედ ამიტომ გამოდის ის განსაკუთრებული. ყველაზე მთავარი ამ ჯადოსნურ სასმელში - ღვინოა, რომელიც ხარისხიანი უნდა იყოს. გლინტვეინისთვის საუკეთესო - მშრალი, წითელი ღვინოა.

 

5 საიდუმლო იდეალური გლინტვეინისთვის

 

 

სწორად ვამატებთ სანელებლებს

 

გლინტვეინის მომზადებისას, ნუ იჩქარებ სანელებლების დამატებას დაფქული სახით. ინგრედიენტებმა ღვინოს თავისი არომატი უნდა შესძინოს და არ უნდა შეგიშალოს ხელი ამ სასმლისგან სიამოვნების მიღებაში.

 

ღვინო და ხილი ცალ-ცალკე

 

სასმელი უფრო გემრიელი გამოვა, თუ ღვინოს ერთ ჭურჭელში გააცხელებ, ხოლო ხილს და სანელებლებს - მეორეში (სანელებლებს ცოტაოდენი წყალი ან ფორთოხლის წვენი უნდა დაასხათ).

 

ბოლოს, ცხელ ღვინოს ბადეში გაწურული ხილისა და სანელებლების სიროფი უნდა შეურიო.

 

სწორად გააცხელე ღვინო

 

ნუ მიიყვან ღვინოს ადუღების პირას, რადგან ალკოჰოლი აორთქლდება, ხოლო სასმელი კომპოტს დაემსგავსება. გააცხელე ის ნელ ცეცხლზე, სანამ მსუბუქი ორთქლი არ გაჩნდება ზედაპირზე. ამის შემდეგ გადადი შემდეგ ეტაპზე - გაფილტრე.

 

გაფილტრე

 

არ დაგავიწყდეს გლინტვეინის ბადე-საწურში გატარება. ღვინო უფრო გამჭვირვალე გახდება და დანარჩენი ინგრედიენტები პირში არ მოგედება. ამას გარდა, გლინტვეინში დარჩენილ ციტრუსს შეუძლია მას გემო შეუცვალოს და სიმწარე მისცეს.

 

დალევის წესი

 

გლინტვეინის სუფრაზე მიტანას მომზადებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აქვს. ღვინის ბოკალი არ გამოდგება. თუ გლინტვეინის სპეციალური ჭიქები არ გაქვს, მაშინ მაღალი ჭიქები უნდა გამოიყენო. ეს განსაკუთრებულ კომფორტს შექმნის.

 

გლინტვეინის მრავალი ვარიაციიდან, ყველაზე ხელმისაწვდომი, მარტივი და ძალიან გემრიელი რეცეპტი შევარჩიე.

 

გლინტვეინი ფორთოხლით ინგრედიენტები:

 

ღვინო წითელი, მშრალი

 

1 დიდი ფორთოხალი

 

0,5 ფორთოხლის წვენი (ახალგამოწურული)

 

დარიჩინის ჩხირი 2 ღერი

 

ყავისფერი შაქარი 120 გრ (თუ არ გაქვთ, თეთრი)

 

მუსკატის კაკალი (დაფქული) მწიკვი

 

 

 

მომზადების წესი:

 

პატარა ქვაბში ჩაწურეთ ფორთოხალი, დაუმატეთ შაქარი და სანელებლები (დარიჩინის ჩხირი დაამტვრიეთ და ისე ჩაყარეთ). დადგით ნელ ცეცხლზე, 10-15 წუთის განმავლობაში.

 

ცალკე ქვაბში ჩაასხით ღვინო და ისიც ნელ ცეცხლზე დადგით. როდესაც გაცხელდება, გაწურული ხილი და სანელებლები დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი გააჩერეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ წყალი (თუ ზედმეტად მაგარი მოგეჩვენებათ).

 

 

big_banner
არქივი