logo_geo
მამუკა ნაცვალაძე: "იმ ნახევრადდამწვარი ხატიდან უჩვეულო სითბო მეღვრებოდა..."
- +

27 იანვარი. 2021. 23:15

 

 

"დღეს წმინდა სტეფანეს ხსენების დღეა - თორმეტი ასურელი მამიდან ერთ-ერთის...

რა დამავიწყებს იმ ამაღლებულ განწყობას, დიდ თოვლში, წმინდასტეფნობას, ბებიაჩემი ოლია ჯავახიშვილი რომ ტაძარში წასასვლელად ემზადებოდა...

საგანგებოდ გამომაწყობდა, მერე ერთ პატარა, ნახევრადდამწვარ ხატს მომცემდა, უბეში ჩაიდე, გაგათბობსო...

მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ - იმ ნახევრადდამწვარი ხატიდან უჩვეულო სითბო მეღვრებოდა...

1924-ში კომუნისტებს რომ ეკლესიების დახურვა განუზრახავთ, ტაძარი თავლად გადაუქცევიათ. ბებიაჩემის მამა, წმინდა სტეფანეს მონასტრის მაშინდელი მოძღვარი, ვასილ ჯავახიშვილი ვერ შეგუებია ამ ვანდალობას,

ვერც ნებით და ვერც ძალით რომ ვერაფერს გამხდარან და ტაძრიდან რომ ვერ გამოუყვანიათ, მოსარჯულებლად ვიღაც "გენიოსს" კარები ჩაუკეტავს და სარკმლიდან ცეცხლმოკიდებული თივა გადაუგდია...

ნახევარი დღე ტკბებოდნენ ბოლშევიკები ჭიაკოკონით... ნახევარი დღე ისმოდა ჩემი დიდი პაპის გოდება...

მერე ვიღაც ღვთისნიერს შეცოდებია და კარი გაუღია...

უგონოდმყოფ მოძღვარს გულში ღთისმშობლის ის ნახევრადდამწვარი ხატი ჰქონია ჩახუტებული, ბავშვობაში, ცივ ზამთარში, წმინდა სტეფანეს მონასტერში მიმავალს უჩვეულოდ რომ მითბობდა სულსა და სხეულს და დღეს ჩემი ოჯახის ფასდაუდებელ რელიქვიად რომ ქცეულა...

წმინდასტეფნობას გილოცავ, პაპი..." - წერს მსოფლიო ცივილიზაციის ინსტიტუტის კავკასიური ცივილიზაციის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი მამუკა ნაცვალაძე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი