logo_geo
აშპაშხანა, აგარანი, ამარათი და ახალი ჰოლანდია – გადავიწყებული ძველი თბილისი
- +

8 თებერვალი. 2021. 00:07

 

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, აშპაშხანაზე, აგარანზე, ამარათზე და ახალ ჰოლანდიაზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, თუ როგორაა დახასიათებული 1985 წელს გამოცემულ წიგნში თითოეული მათგანი.

 

აშპაშხანა – აშპაშხანა ანუ სასადილოების რიგები (სახაშეები, საქაბაბეები) განლაგებული იყო თათრის (ახლანდელი გორგასლის) მოედნის სამხრეთ მხარეზე და გორგასლის ქუჩის დასაწყისში. ი. გრიშაშვილი აშპაშხანის აღწერისას აღნიშნავს: „ყოველი რესტორნის პატრონს მუშტრის საამებლად, „სიმებიანი ორკესტრის“ ნაცვლად, შეტოლებული ჩიტები ჰყავდათ გალიაში“.

 

აგარანი – თბილისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფლების – წავკისის, შინდისის, ტაბახმელას და კოჯრის კრებით სახელწოდება. „აგარა, სადგური საზაფხულო“ (საბა). აგარანი ქართველ მეფეთა და დიდებულთა საზაფხულო რეზიდენცია იყო.

 

ამარათი – ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმარზე სოლოლაკის უბანში №41–ით ნაჩვენებია კედლით შეზღუდული ნაგებობათა კომპლექსი, რომელსაც იგი ამარათს“ უწოდებს. „ამარათი“ სპარსული წარმოშობის სიტყვაა და სხვა სინონიმთა შორის „შენობას“ და „სასახლესაც“ ნიშნავს. იგივე კომპლექსს ნახევარი საუკუნის შემდეგ (1758 წელს) აღნიშნავს თბილისის გეგმაზე ა. პიშჩევიჩიც. ამჯერად შენობა მიტოვებული და გაპარტახებულია. ექსპლიკაციაში ნათქვამია: „ნანგრევები საქართველოს მეფის ძველი რეზიდენციისა“. ქალაქგარეთა ეს რეზიდენცია მდებარეობდა სოლოლაკის მთის ფერდობზე, დაახლოებით აწინდელი მახარაძის ქუჩის ღერძის მიმართულებით, ენგელსის ქუჩის (ასათიანის) გადაღმა. ძველ გეგმებზე ამარათის დასავლეთით მხოლოდ თოფის წამლის ქარხანა და თბილისის ბაღია ნაჩვენები.

 

ახალი ჰოლანდია – ამ სახელწოდების უბანი თბილისის ძველ გეგმებზე (XIX საუკუნის ბოლოდან) დატანილია ვარდისუბნის დასავლეთით, მაღლობზე. აქ უწინ ტავერნა (სასადილო) „ახალი ჰოლანდია“ არსებობდა და უბნის სახელიც აქედან მოდის.

 

http://kvira.ge/624993?fbclid=IwAR2PDl7w2sMsofavd46H1HuMrXJo8ArllQyfU2EZCc-QrlYnJr-N0Tm0aik

 

 

big_banner
არქივი