logo_geo
ფრანც კაფკა, თოჯინა და პატარა გოგონა – გულთბილი ამბავი დიდ მწერალზე
- +

8 თებერვალი. 2021. 23:20

 

 

ფრანც კაფკა XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი მწერალია, რომლის ნაშრომთა უმრავლესობის გამოქვეყნება მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა. იმ მცირე ნაშრომებს, რომლებიც მწერლის სიცოცხლეში გამოქვეყნდა, საზოგადოების ყურადღება არ მიუპყრია. კაფკას მისი არცერთი გრძელტანიანი რომანი არ დაუსრულებია და საკუთარი ნაშრომების 90 პროცენტი დაწვა. სიკვდილის წინ თავის მეგობარ მწერალს, მაქს ბროდს დაავალა მის მიერ შექმნილი ყველა დარჩენილი ნაწარმოების განადგურება, მაგრამ ბროდმა დავალება არ შეასრულა.

 

ფრანც კაფკა 1924 წელს, 40 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მართალია, მისი უკანასკნელი სიყვარული, ებრაელი დორა დიამანტი ბოლომდე მის გვერდით იყო, თუმცა კაფკა ოფიციალურად არასდროს დაოჯახებულა და შვილიც არ ჰყოლია.

 

ეს ისტორია კი, რომელიც ქვემოთ უნდა მოგიყვეთ, ახალგაზრდა მწერლის დიდებულ შინაგან სამყაროს, ალბათ, კარგად წარმოაჩენს.

 

ერთ დღეს მწერალი ბერლინის პარკში სეირნობდა, როდესაც ატირებული პატარა გოგონა დაინახა. ბავშვს საყვარელი თოჯინა დაეკარგა და ვერ პოულობდა. ის და კაფკა დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ თოჯინას.

 

კაფკამ ბავშვს უთხრა, რომ მეორე დღეს  ისევ აქ შეკრებილიყვნენ და თოჯინის ძებნა გაეგრძელებინათ. მართლაც ასე მოიქცნენ, თუმცა თოჯინა არა და არ ჩანდა. შემდეგ მწერალმა გოგონას წერილი გადასცა და უთხრა, რომ ეს წერილი მას თოჯინამ დაუტოვა.

 

„გთხოვ, არ იტირო. სამოგზაუროდ წავედი. მოგწერ ჩემს თავგადასავლებზე.“ – ეწერა წერილში.

 

ასე დაიწყო ისტორია, რომელიც კაფკას სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. შეხვედრების დროს ის  გოგონას თოჯინის მიერ გამოგზავნილ წერილებს უკითხავდა, რომლებშიც თოჯინა სამოგზაურო თავგადასავლების შესახებ „ჰყვებოდა“. ბავშვს კი უხაროდა ეს ყველაფერი.

 

გარკვეული პერიოდის მერე კაფკამ გოგონას „მოგზაურობიდან დაბრუნებული თოჯინა“ მიუყვანა (უყიდა).

 

„ეს ჩემს თოჯინას საერთოდ არ ჰგავს.“ – გაიკვირვა პატარამ.

 

მაშინ უფროსმა მეგობარმა მას კიდევ ერთი წერილი გადასცა, რომელშიც ეწერა:

 

„ჩემმა მოგზაურობამ შემცვალა“.

 

გახარებულმა გოგონამ გულში ჩაიკრა ახალი თოჯინა და სახლში წაიყვანა.

 

ამ ამბიდან, დაახლოებით, 1 წელიწადში კაფკა გარდაიცვალა. ბევრი წლის შემდეგ, როცა გოგონა გაიზარდა, შემთხვევით, კაფკას მიერ ნაჩუქარ თოჯინაში ჩამალული მწერლის მიერვე ხელმოწერილი წერილი იპოვა.

 

„ყველაფერი, რაც გიყვარს, იკარგება, მაგრამ ბოლოს სიყვარული სხვა გზით ბრუნდება.“ – ეწერა წერილში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი