logo_geo
ცნობილი ფოტოდან „გამქრალი“ ადამიანი – სტალინის ჯალათის, ნიკოლაი ეჟოვის აღზევება და დაცემა
- +

9 თებერვალი. 2021. 15:55

 

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააწყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.

 

ეს სტატია ნიკოლაი ეჟოვს ეძღვნება, ცნობილი ფოტოდან „გამქრალ“ ადამიანს, „დიდი ტერორის“ მთავარ აღმსრულებელს, კაცს, რომლის სახელის ხსენებაც კი აიკრძალა.

 

„მე არ ვიცნობ უფრო იდეალურ მუშაკს, ვიდრე ეჟოვია. მას თუ რაიმეს დაავალებ, შეგიძლია არასოდეს შეამოწმო და იყო დარწმუნებული, რომ ამას გააკეთებს. მას მხოლოდ ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს: არ ძალუძს გაჩერება… და ხანდახან უნდა მიაქციო ყურადღება, რათა დროულად გააჩერო. – იხსენებდა ეჟოვის ხელმძღვანელი ი.მ. მოსკვინი“.

 

1940 წლის 4 თებერვალს დახვრიტეს ნიკოლაი ეჟოვი. მისი შავბნელი ბიოგრაფია დღემდე ბურუსითაა მოცული და სავსეა წინააღმდეგობებით. მხოლოდ სამი საწყისი კლასის განათლების მქონე, ობკომის მდივნობიდან – ცეკას ორგანიზაციულ-განმანაწილებელი განყოფილების თავჯდომარეობამდე, საბოლოოდ კი, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრობამდე აღზევდა და იქცა 1937-1938 წლების სისხლისმღვრელი „დიდი ტერორის“ მთავარ აღმსრულებლად და სიმბოლოდ, რომლის დროსაც 15 თვის მანძილზე, 1,5 მილიონი ადამიანი დააკავეს, საიდანაც თითქმის ნახევარი დახვრიტეს.

 

სტალინი ეჟოვს უსაზღვროდ ენდობოდა, მეტსახელად „ეჟევიჩკას“ეძახდა, ხშირად პატიჟებდა თავისთან აგარაკზე და ეთამაშებოდა ჭადრაკს. მას მინიჭებული ჰქონდა ერთპიროვნული და უპრეცედენტო უფლება, გამოეტანა სასიკვდილო განაჩენები ე.წ. „ნაციონალური ოპერაციებისას“. აღზევების მსგავსად, მგზნებარე და სწრაფი იყო მისი დაცემაც. სტალინმა მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალა.

 

„ეჟოვი არამზადაა! გახრწნილი ადამიანი… ბევრი უდანაშაულო დაღუპა, ამისათვის დავხვრიტეთ“.

 

ამით ბელადი ცდილობდა, დიდი ტერორის პასუხისმგებლობა შემსრულებლებისთვის დაეკისრებინა. 1937-1938 წლების კრემლის „ვიზიტების ჟურნალის“ თანახმად, ეჟოვი სტალინთან 290-ჯერ იმყოფებოდა კაბინეტში და იქ ჯამში დაახლოებით 850 საათი გაატარა. ამ კუთხით, მას მხოლოდ მოლოტოვი თუ უწევდა კონკურენციას, შესაბამისად, „უდანაშაულოთა დაღუპვა“, პირველ რიგში, სტალინის კისერზეა, შემსრულებლებთან ერთად.

 

დანიშვნის პირველივე დღეს სახალხო კომისრების სხდომაზე ეჟოვმა ორი მუშტი აჩვენა დამსწრეებს და განუცხადა:

 

„არ შეცდეთ, მართალია, დაბალი ვარ (152 სანტიმეტრის სიმაღლის ეჟოვს ხშირად ჯუჯად მოიხსენიებდნენ), ხელები ძლიერი მაქვს – სტალინური. ჩავაყუდებ ციხეში და დავხვრეტ ყველას, მიუხედავად ჩინებისა და რანგისა, ვინც დაამუხრუჭებს ხალხის მტრებთან ბრძოლას“.

 

ეჟოვის დისკრედიტაციასა და დამხობაში მთავარი როლი ლავრენტი ბერიამ შეასრულა, რომელიც მის პირველ მოადგილედ დანიშნეს. მან ეჟოვს იმთავითვე ჩამოართვა მმართველობის ბერკეტი, მალევე იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. დაკავებამდე 2 კვირით ადრე სტალინმა ეჟოვს უბრძანა, გადაეცა მისთვის უმაღლეს ხელმძღვანელობაზე არსებული მთელი კომპრომატები. 1939 წლის 10 აპრილს ეჟოვი პირადად ბერიამ დააკავა საკუთარ კაბინეტში და სუხანოვოს სპეციალურ ციხეში გაამწესა.

 

1940 წლის 4 თებერვალს, ნიკოლაი ეჟოვი დახვრიტეს, როგორც პოლონური და გერმანული დაზვერვის სამსახურების აგენტი, დააბრალეს სახელმწიფო გადატრიალების მზადება და 1938 წლის 7 ნოემბერს სტალინზე დაგეგმილი თავდასხმის ორგანიზება, ასევე – ჰომოსექსუალიზმი. ეჟოვის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების „პატივი“ ვასილი ბლოხინს ერგო წილად… ჯალათს, რომელსაც, ეჟოვის პერიოდში და მოგვიანებით, სხვადასხვა მონაცემებით, 15 000-მდე ადამიანი ჰყავდა პირადად დახვრეტილი…

 

 

http://kvira.ge/629445?fbclid=IwAR0fXv7K22e-0cr_VlDY3zwjRAH933GgSpzXo_QobL_4O9eAYgueD39krvk

 

 

big_banner
არქივი