logo_geo
"ეს თქვენი ბებია არ არის, ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვანსაში ცხოვრობსო"
- +

9 თებერვალი. 2021. 21:02

 

53 წლის იყო სესილია თაყაიშვილი, ოლღა ბებიას როლი რომ ითამაშა. მისი გმირი ბუნებრივი რომ ყოფილიყო, საღი კბილები ამოიღო. ამ ამბავს გიგა ლორთქიფანიძე ასე იხსენებს:

 

"სესილიამ კბილები ამოიღო და ჩავარდნილი ზედა ტუჩის გამო ისე ჩლიფინებდა, რომ მართლაც 80 წლის ბებია გეგონებოდა. თბილისში ჩამოსული იყო ფრანგი რეჟისორი ჟან დონმარტი, რომელიც ერთ დროს პარიზის თეატრების გაერთიანებული დირექტორი იყო. მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ნახვის შემდეგ ატირებული და აღტაცებული მოვიდა ჩემთან და მითხრა - ის ბებია გამაცანითო.

 

დავუძახეთ სესილიას. მაშინ 53 წლის იყო, მხნე, ენერგიული. გააღო კარი და შემოვიდა. გრიმი უკვე მოშორებული ჰქონდა. ისე გამოიყურებოდა, ბებიას სულაც არ ჰგავდა. ჟანმა იფიქრა, რომ ჩვენ სწორად ვერ გავიგეთ, რა ითხოვა - არა, არა, მე ბებიას გაცნობა მინდოდაო. როდესაც ავუხსენით, რომ მის წინ სწორედ ის ქალი იდგა, ვისი ნახვაც სურდა, მუხლი მოიდრიკა და სესილიას ხელზე ეამბორა. მაშინ წარმოთქვა ის სიტყვებიც, რომელიც სამუდამოდ დარჩა :"ეს თქვენი ბებია არ არის, ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვანსაში ცხოვრობსო."

 

ვიღებთ სცენას - სკოლიდან მოვდივართ, ზურიკომ ღელე გადაირბინა, ბებია ვერ გადავა. რეჟისორმა მითხრა, შენ უნდა დაბრუნდე უკან, აიყვანო ხელში ბებია და გადმოიყვანოო. 14 წლის ვიყავი. როგორია, პატარა ბიჭმა ხელში აიყვანოს ამხელა ქალი და გადმოიყვანოს. ვფიქრობდი, ახლა რომ ხელში ავიყვანო და გადმოსვლისას წყალში ჩამივარდეს, მერე რა ვქნა მეთქი.

 

გადავედი, მოვკიდე ხელი სესილიას, მეგონა, მძიმე იქნებოდა, მაგრამ მსუბუქი მომეჩვენა და გადმოვიყვანე. 12 დუბლი გადაიღეს, არაქათი გამომეცალა. სესილია მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და კისერზე მებღაუჭებოდა, მართლა არ ჩამომაგდოსო." - იხსენებდა ზურიკელას როლის შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე.

 

სერგო ორჯონიკიძეს სესილია სიცოცხლის ბოლომდე ზურიკელას ეძახდა. სახლში რომ ურეკავდა, მის მეუღლეს, მერის როლის შემსრულებელ მანანა აბაზაძეს, ეუბნებოდა - სად არის ჩემი დურაქი შვილიშვილი, დამალაპარაკეო.

 

http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/135552-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1%E1%83%9D/19/

 

 

big_banner
არქივი