logo_geo
ხატი მუდამ თბილი ხელებით - სასწაულმოქმედი ხატები საქართველოში
- +

11 თებერვალი. 2021. 18:12

 

რელიგიური სიწმინდეების მიმართ მორწმუნეებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. მართალია, თეოლოგები  სასწაულმოქმედი ხატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს „რელიგიურ მარკეტინგს“ უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ რელიგიურ ატრიბუტიკას სამღვდელოება ფინანსების მოზიდვის მიზნით იყენებს.

 

თუმცა არსებობს მეორე რეალობა, სადაც ადამიანები საკუთარი გამოცდილებით ამბობენ, რომ სასწაულები ხდება და ამ სასწაულებს კონკრეტულ ხატებს უკავშირებენ.

 

დღეს შემოგთავაზებთ ამბებს ღვთისმშობლის სასწაულებრივ ხატებზე.

 

არსებობს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ხელები მუდამ თბილი აქვს, მას ქართველი მცველები ჰყავს -_ ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა. ისინი ხატს იმ ადამიანებთან მიაბრძანებენ ხოლმე, რომლებსაც უფლის წყალობა და შეწევნა განსაკუთრებულად სჭირდებათ.

 

გთავაზობთ ზურაბ შიოშვილისა და გიორგი ჭოლოკავას ინტერვიუს, რომელიც ჟურნალში „სარკე“ გამოქვეყნდა.

 

ახლა, როცა მთელი მსოფლიო განსაცდელშია, ხატის მცველებს სურდათ, სიწმინდე ხალხთან გამოებრძანებინათ, მაგრამ თავი შეიკავეს ერთადერთი მიზეზით  უამრავი ადამიანის ერთად შეკრებას მოერიდნენ.

 

 

„დედოფალი  სიხარულის მომნიჭებელი“ – ასე ჰქვია ხატს, რომელმაც უამრავი სნეული განკურნა და ადამიანები მრავალი სასწაულის მომსწრე გახადა.

 

„დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“ პირველად 2014 წელს საქართველოში ხარების დღესასწაულზე გამოჩნდა. მას შემდეგ მისი არაერთი ასლი შეიქმნა. ერთ-ერთი იერუსალიმის ჯვრის მონასტერშიც არის დაბრძანებული.

 

- დღეს უამრავი ადამიანია განსაცდელში, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება უფლის შეწევნა. არ გიფიქრიათ, სასწაულმოქმედი ხატი გამოგებრძანებინათ, რომ ადამიანებს თაყვანი ეცათ, დახმარება ეთხოვათ?

 

ზურაბ შიოშვილი: ძალიან გვინდოდა, ხატი ხალხში გამოგვებრძანებინა, მაგრამ გადავიფიქრეთ. არ გვინდა, მთავრობას და ექიმებს მუშაობაში ხელი შევუშალოთ. ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ.

 

მსოფლიოში გავრცელებულმა ამ საშინელმა ვირუსმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ ალბათ უარესიც დავიმსახურეთ, რადგან დავკარგეთ უფლის და ერთმანეთის მიმართ სიყვარული, პატივისცემა. ეს განსაცდელი ჩვენი გამოცდაა.

 

ქართველებმა ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ უფალი მოწყალეა და ჩვენ ძალიან მცირე განსაცდელი შეგვხვდება. გულის კუნჭულში დრო-ჟამისგან მიმალული სიყვარული გამოვაღვიძოთ. უნდა დავაფასოთ ის, რაც უფალმა გვიბოძა.

 

გიორგი ჭოლოკავა: კანდელი ჩაუქრობლად ანთია და ხატისგან სურნელება იფრქვევა. ჩვენ ვლოცულობთ და ამ სასწაულმოქმედ ხატს ყველას გადარჩენას ვევედრებით.

 

- ამ ხატს ბევრი ადამიანი გადაურჩენია და იმედია, თქვენს ლოცვას ახლაც შეისმენს.

 

გიორგი: დიახ, მისი წყალობით ბევრი გამოჯანმრთელდა. არაერთხელ გვინახავს, როგორ იწყებდა წრიპინს მართვითი სუნთქვის აპარატი, როცა უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტს ხელს ხატზე ვადებინებდით. მას გულისცემა და სუნთქვა უჩქარდებოდა. ეს ექიმებსაც უკვირდათ.

 

ზურაბი: ალბათ იშვიათია ადამიანი, რომელიც ოდესმე შეხვედრია „დედოფალს _ სიხარულის მომნიჭებელს“ და მის ცხოვრებაში სასწაული არ მომხდარა. მერე ეს ადამიანები ამის შესახებ გვიყვებიან და ასე ყოველდღე ახალ-ახალი სასწაულის შესახებ ვიგებთ.

 

ამ ხატის ყველა ასლს ხელები უთბება. სადაც კი ხატის გამოსახულებაა, ეს იქნება უბრალო ფურცელზე, ჟურნალის გარეკანსა თუ კალენდარზე, შეამჩნევთ, რომ ხელების ადგილი თბილია, სხვა ადგილები _ გრილი.

 

- ეს ასე ადვილად შესამჩნევია?

 

ზურაბი: დიახ. უფრო მეტიც, ზოგჯერ ხატი მთლიანად ისე ცხელდება, რომ დაჭერაც ჭირს. ასეთი რამ ძირითადად წმინდა ადგილებზე ხდება. პირველად ეს მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მოხდა. მაშინ ხატი მე მეჭირა და, ტაძარში ნაბიჯი რომ გადავდგი, ისე გაცხელდა და ტემპერატურამ ისე მოიმატა, სუნთქვა გამიჭირდა, გადაადგილება ვეღარ შევძელი, მთლიანად ოფლში ვცურავდი.

 

გიორგი: ზურამ მაშინ დახმარებაც კი მთხოვა, რადგან სუნთქვა ეკვროდა. მაშინვე მივხვდი, ეს რა განცდა იყო, რადგან ამ მდგომარეობაში მეც არაერთხელ აღმოვჩენილვარ. ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს ვიწვოდი.

 

ზურას ხატი ხელში რომ ეჭირა, სამოსი ისე დაუსველდა, გასაწური გახდა. ეს უბრალო გაოფლიანება კი არ იყო, მაღალი ტემპერატურისას რომ იცის, სულ სხვაგვარი რაღაც ხდებოდა. ზურას გზადაგზა ტანსაცმლის გამოცვლა უწევდა, რადგან სხვანაირად გადაადგილება შეუძლებელი იყო.

 

- მხოლოდ ბატონ ზურას რატომ ეჭირა ხატი, თქვენ არ ეშველებოდით?

 

გიორგი: ფუნქციები განაწილებული გვქონდა. მე უმეტესად ხატის დაბრძანებაში ვმონაწილეობდი, ხოლო ზურას ხატი ეპყრა ხელთ.

 

იქ, სადაც განცდის მთის მონასტერია, არის ქვა, რომელზეც უფალი ორმოც დღეს იჯდა და მარხულობდა. როდესაც მონასტერში მივედით, ხატი სწორედ იმ ქვაზე დავაბრძანეთ და მოხდა სასწაული: ქვა ხატის სიმხურვალისგან გაცხელდა. ეს მონასტრის მამებმაც დაინახეს და განცვიფრდნენ. მათ ხატი ხელში დაიჭირეს და ყვირილი დაიწყეს: „უფალო, ცხელია! ხატი ცხელია!“.

 

კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ: წმინდა მიწაზე, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე ერთი მორჩილი მსახურობდა. ზურამ შეამჩნია, რომ მას რაღაც განსაცდელი ჰქონდა და გამოელაპარაკა.

 

მორჩილმა ჯერ თავი აარიდა, მაგრამ ზურა მაინც დაელაპარაკა და დაამშვიდა. ბოლოს კი ხატის რეპროდუქცია გაუწოდა. მორჩილმა მადლობა გადაგვიხადა და უცებ, სანამ რამეს ავუხსნიდით, ყვირილი დაიწყო: მეწვის, ფეხის გულები მეწვის და ეს სიმხურვალე ზემოთ ამოდის! ხელებიც სულ გამიხურდა!”.

 

მორჩილს ავუხსენით, რომ ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სასწაული იყო.

 

ზურაბი: ერთ დღეს გოლგოთაზე კაცი მოვიდა და ნებართვა გვთხოვა, რომ ერთი დღე ხატისთვის ემსახურა. დავთანხმდით. როდესაც აღდგომის ტაძრიდან ზეთისხილის მთისკენ დავიძარით, ეს კაცი უცებ შედგა და აღელვებულმა გვითხრა, ღვთისმშობელი დამელაპარაკაო.

 

ჯერ ვიფიქრეთ, რომ რაღაც მოეჩვენა, მაგრამ გვითხრა, ღვთისმშობელი ახლაც მელაპარაკებაო. ამ კაცმა ჩვენ, ხატის მცველებს, ისეთი რამ გვითხრა, რაც მხოლოდ ხატმა და ჩვენ, მე და გიორგიმ, ვიცოდით.

 

- როგორც ვიცი, კლინიკებში მძიმე ავადმყოფებთან დადიოდით, რომ ადამიანებს ხატის წინ ელოცათ. იყო გამოჯანმრთელების შემთხვევები?

 

გიორგი: ძალიან ბევრი ავადმყოფი გამოჯანმრთელდა და ეს ექიმებსაც უკვირდათ. ვცდილობთ, ყველას დავეხმაროთ და ამავე დროს ადამიანებს ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხატთან.

 

ერთი უცხოელი ქალი ამ ხატის ასლმა განკურნა. ის ლოცულობდა და შემდეგ ხატის რეპროდუქციას სახით ეხუტებოდა. ერთ თვეში თავის სიმსივნისგან განიკურნა.

 

- როგორ გაიგეთ ეს ამბავი?

 

ზურაბი: განკურნებიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და ხატს მადლობა გადაუხადა.

 

დიდუბის ღვთისმშობელი

 

 

კირიონ II-ის დროიდან მოყოლებული, დიდუბის ტაძარში შაბათ-კვირისა და დღესასწაულების გარდა, ორშაბათობით ღვთისმსახურების დაწესება, გადმოცემით, უკავშირდება დიდუბის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის პოვნას. ხატი უპოვიათ მაშინ, როდესაც დიდუბეში ეკლესია ჯერ კიდევ არ იყო. ახლანდელი ეკლესიის მიდამოებში ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც იქ აძოვებდა სამწყსოს, დასიზმრებია ანგელოზი, რომელმაც თურმე აუწყა, დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული. მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო. მეორე დღეს მწყემსმა თავისი ხილვა დედ-მამასა და თანასოფლელებს უამბო. ანგელოზის მიერ ნაუწყები ხატის ნახვა ყველამ მოინდომა, მათ შორის ერთმა ბრმა მოხუცმაც, რომელსაც მწყემსის მონათხრობმა იმედი ჩაუსახა, - ღმერთი ჩემზეც მოიღებს წყალობას და ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით თვალისჩინს დამიბრუნებსო.

 

მთელი სოფელი გაემართა მინიშნებული ადგილისკენ. აქ ნამდვილად აღმოჩნდა ღვთისმშობლის დიდუბის ხატი, რომელსაც მოკრძალებით თაყვანი სცეს და გადააბრძანეს მახლობლად მდებარე ეკლესიაში. ბრმა მოხუცი კი, მისი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ამ ლიტანიობაზე არ წაუყვანიათ - მაინც ვერაფერს დაინახავსო. შინ დარჩენილმა მოხუცმა ყოვლადწმინდას "გიხაროდენ" უგალობა, მხურვალედ შეევედრა და განკურნა კიდეც.

 

აწყურის ღვთისმშობელი

 

 

აწყურის ღვთისმშობლის ხატი - ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ტრადიციით, ხატის ისტორია ასეთია: მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ქრისტეს მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო ქრისტეს საქადაგებლად. მარიამს წილად ივერია ხვდა, მაგრამ ახლოვდებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ჟამი და მას უფალი იესო ამ გამოცხადების შემდეგ მარიამ ღვთისმშობლმა ანდრია პირველწოდებულს დაავალა ივერიაში ქრისტეს ქადაგება. ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და სასწაულებრივად, ფიცარზე მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. ანდრია მოციქული ღვთისმშობლისგან კურთხევის აღების შემდეგ ხელთუქმნელი ხატით საქართველოში ჩამობრძანდა...

 

არსებობს ასეთი გადმოცემა, როდესაც სპარსელებმა დაარბიეს სამცხე, აწყურის ღვთისმშობლის ხატი ტყვედ წაიყვანეს. შეიქმნა დიდი გლოვა და მწუხარება. მესხები ქართლში გადასახლდნენ. სპარსეთს კი ღვთის რისხვა დაატყდა თავს. გამოიძიეს მიზეზი და - ის ხატი აღმოჩნდა. ზოგმა ისიც თქვა, მგზავრობის დროს ვნახეთ სასწაული - საღამოს ბარგის სიღრმეში რომ ჩავდებდით, დილით მაღლა გვხვდებოდა და მზესავით ბრწყინავდაო. გადაწყვიტეს ხატის დაბრუნება - გაუხედნავ რაშზე დააბრძანეს და სამცხისკენ გამოუშვეს. ცხენმა სწრაფად მიაღწია სამცხეს...

 

წილკნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

 

 

წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის შექმნა წმინდა ლუკა მახარებელს უკავშირდება. იგი საქართველოში ბიზანტიიდან ჩამოაბრძანეს მეფე მირიანის ძის-ბაქარის დროს. სავარაუდოა, რომ ხატი თავიდანვე მეფე ბაქარის მიერ წილკანში აშენებულ ეკლესიაში დაააბრძანეს, სადაც იგი უამრავ სასწაულებს ახდენდა. ხატმა სახელწოდებაც აქედან მიიღო. 1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატი საქართველოს მუზეუმის განძთსაცავში ინახება.

 

ჯიხეთის ღვთისმშობელი

 

 

 

მეოცე საუკუნის დამდეგს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელმა თავისი ივერიის ხატის ასლი მიჰმადლა გურიის მხარესაც. ათონის მთაზე მოღვაწე ქართველმა მამამ, იოანე ღმრთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იონამ, ათონელ ბერებს გურიის ჯიხეთის დედათა მონასტრისათვის დააწერინა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი და უსახსოვრა დედათა სავანეს. ჯიხეთის ივერიის ხატი შემკულია მამა იონას დაკვეთით შესრულებული წარწერით:

 

„განგებითა ღმრთისათა, და წამისყოფითა დედისა ღმრთისათა, მე მონა მისი მღვდელმონაზონი იონამ, ამჟამად მყოფი ათონის მთაწმიდის ქართველთა წმიდა იოანე მახარებლის სავანის გამგემან, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღმრთისას ივერიის და შევსწირე გურიის ჯიხეთის დედათა სავანესა. დედაო ღვთისაო მარიამ, მომიხსენე მე ცოდვილი, ოდეს მოვიდეს ძე შენი დიდებითა მისითა ჩემის მშობლებით, სულიერი და ხორციელი ძმებითურთ. ამინ. 1905 წელსა 1 აგვისტოსა.“

 

right_banner big_banner
არქივი