logo_geo
სარკისებრი ნეირონები და მეტყველება
- +

24 თებერვალი. 2021. 01:41

 

 

სარკისებრი ნეირონები - თავის ტვინში განთავსებული ნეირონებია, რომლებიც აღიგზნებიან, როგორც კონკრეტული მოქმედებების განხორციელებისას, ასევე მაშინ, როდესაც სხვა ინდივიდი ახორციელებს ამავე მოქმედებას.

 

სარკისებრი ნეირონები 90-იან წლებში აღმოაჩინეს პარმაში, იტალიაში, ჯაკობო რიცოლატიმ და მისმა ჯგუფმა. ჯგუფი ატარებდა ექსპეტიმენტს მაკაკაზე, მის ტვინში F5 ზონაში (პრემოტორული ქერქი) მიკროელექტრონების შეყვანით. ეს ზონა აქტიურდებოდა მაშინ, როცა მაიმუნი აკეთებდა კონკრეტულ მოქმედებას, ამ შემთხვევაში იღებდა ქიშმიშს. მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იგი ასევე აღიგზნებოდა, როცა სხვა აკეთებდა ამ მოქმედებას.

 

შემდგომ ეს ნეირონები ადამიანის ტვინშიც იქნა აღმოჩენილი, ქვედა ბროკას ველში. ბროკას ველი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია მეტყველების რეგულაციაზე. სწორედ სარკისებრი ნეირონების სუბსტრატიდან განვითარდა კომუნიკაციის უფრო დახვეწილი ფორმა, ვინაიდან არსებობს გარკვეული ანატომიური და ფუნქციონალური ჰომოლოგია მაიმუნის პრემოტორულ კორტექსსა და ადამიანის ბროკას ველს შორის, რომელიც მეტყველებაზე პასუხისმგებელ ველად ითვლება. მეტყველების პროცესი, თავის მხრივ, ხდება ბროკას ველში, ვერკინეს ველსა და მოტორული ქერქში. თავიდან სიგნალი ყურიდან მიდის ვერნიკეს ველში, სადაც მუშავდება და გადაეცემა ბროკას ველს (რომელშიც ხდება მოტორული ქმედების ორგანიზება), ამის მერე ინფორმაცია გადადის მოტორულ ქერქში, რის შემდეგადაც ადამიანი სხვას ეუბნება რაიმეს. თუ ბროკას ველი დაზიანდა, ლაპარაკი უფრო ბუნდოვანი ხდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში მაინც გარჩევადია, თუ რაზე ლაპარაკობს ინდივიდი.

 

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სარკისებრი ნეირონები ორგანიზირებულები არიან რაღაც სისტემაში. ანუ ისინი არ მდებარეობენ მარტო ბროკას ველში (F5 ზონაში). თხემის წილში მაიმუნებში (პფ ზონა), ეს ზონა ყველაზე ახლოა ხელის მოქმედებებთან და კინესთეტიკური სიგნალების მიღებასთან. ამასთან ერთად, იგი დაკავშირებულია მოქმედების ორგანიზებასთან. შუბლის წილს, რომელიც აღწერს ბიოლოგიურ მოძრაობას, სიგნალი მიეწოდება მხედველობის, კეფის წილიდან, სადაც იგი იყოფა რა? (საგნის იდენტიფიკაცია) და სად? (ობიექტების ლოკალიზება) სისტემებად. შუბლის წილი აქტიურდება მაშინ, როცა სხვაზე ხდება დაკვირვება, ხოლო თხემის წილი მაშინ, როცა ადამიანი თვითონ ახორციელებს ამ ქცევას. შიაშიც არის მცირე რაოდენობის სარკისებრი ნეირონები თუმცა ამ სამ ზონაში მათი თავმოყრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

სარკისებრ ნეირონებს თავისი წვრილი მიუძღვით ემპათიის, სხვა ადამიანის ქცევის გაგების, და მეტყველების განვითარებაში. ხოლო მის დაზიანებას უკავშირებენ აუტიზმსა და ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობებს (ფსიქოპატიასა და სოციოპათიას). ჩვენ უფრო  კონკრეტულად განვიხილავთ მის კავშირს მეტყველების განვითარებასთან.

 

თუკი უშუალოდ ვისაუბრებთ კომუნიკაციის აღქმაზე, უნდა ითქვას, რომ ეს ნეირონები ინდივიდებს აძლევს საშუალებას, გაიგონ სხვის მიერ შესრულებული ქცევები. როდესაც მაიმუნები (ა) უსმენენ ქცევის ხმას და (ბ) აკვირდებიან სხვების კომუნიკაციურ ჟესტებს, სარკისებრ ნეირონთა ორი სხვადასხვა სუბ-კატეგორია აქტივირდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ სარკისებრი ნეირონების სუბსტრატიდან განვითარდა კომუნიკაციის უფრო დახვეწილი ფორმა.

 

ერთ-ერთი კვლევის (Fogassi, L., Ferrari, P. 2007) ჰიპოთეზა, რომ ადამიანთა მეტყველების რამდენიმე კომპონენტი, მათ შორის ფონოლოგია და სინტაქსი, შესაძლოა იყოს ჩადებული მოტორული სისტემის ორგანიზაციაში და რომ ამ სისტემის შესწავლამ შესაძლოა ნათელი მოჰფინოს მეტყველების განვითარებას. კვლევა ემსახურება იმის ილუსტრირებას, თუ როგორ შეიძლებოდა მოტორული სისტემის უნარს გაეკონტროლებინა ნებელობითი მიზანმიმართული ქცევები, ხოლო კავშირებს - მოტორულ სისტემასა და სხვათა ქცევებისა და ჟესტების აღქმას შორის - ეთამაშათ ძირითადი როლი კომპლექსური სენსომოტორული და კოგნიტური კომუნიკაციისა და ლინგვისტური უნარების განვითარებაში.

 

დებატები იმის შესახებ, თუ საიდან წარმოიშვა მეტყველება - განვითარდა ის პრიმატთა ვოკალიზაციებიდან და ჟესტებიდან თუ იგი წარმოადგენს ადამიანთა სრულიად ახალ შენაძენს - სამეცნიერო საზოგადოებაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ კვლევით მიდგომად მიიჩნევა ჩვენი „ახლო ნათესავების“ მიერ ვოკალიზაციის საშუალებით კომუნიკაციის დამყარების შესწავლა.

 

კვლევებით დადასტურებულია, რომ პრიმატებში ვხვდებით რეფერენტულ კომუნიკაციას - ძახილით ან ჟესტებით სპეციფიკური კატეგორიების - ცოცხალი არსებებისა თუ უსულო საგნების - აღნიშვნას. აღსანიშნავია ისეთი მნიშვნელოვანი მსგავსებაც (ჩვენს მეტყველებასთან) პრიმატთა კომუნიკაციაში, როგორებიცაა სხეულის პოზის, ჟესტებისა და მიმიკების გამოყენება კომუნიკაციის ფორმად.

 

წესით, სწორედ იმისათვის, რომ კომუნიკაცია დამყარდეს, კომუნიკატორსა და რეციპიენტს უნდა ჰქონდეთ მსგავსი მოტორული პროგრამები. ამ კვლევის ჰიპოთეზას წარმოადგენდა ის, რომ ამ შესაძლებლობას ქმნის ნეირონული მექანიზმი - სარკისებრ ნეირონთა სისტემა, რომელიც ასადაგებს განხორციელებულ ქცევებს დაკვირვებულ ქცევებთან.

 

ზოგადად, მოტორული ნეირონები პრემოტორულ კორტექსში ააქტივირებს მიზანმიმართულ მოტორულ ქცევებს და ინახავს მათზე პროცედურულ ინფორმაციას. ძირითად სარკისებრ ნეირონებში დაკვირვებულ და შესრულებულ მოტორულ აქტებს შორის საკმაოდ მაღალი კონგრუენტულობა შეიმჩნევა. სქემატურად ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც დაკვირვება მოტორულ აქტზე, რომელიც იწვევს დამკვირვებლის ინტერნალური მოტორული რეპრეზენტაციების გამოცოცხლებას და შედეგად იძლევა იმის ცოდნას, თუ რა მიზანთან ასოცირდება კონკრეტული ქცევები.

 

სარკისებრ ნეირონთა ერთი კატეგორია (აუდიო-ვიზუალური სარკისებრი ნეირონები) პასუხობს არა მხოლოდ მაიმუნის მიერ სხვისი მოტორული აქტის დაკვირვებას, არამედ ამ აქტის გაგონებასაც. მეორე კატეგორია (კომუნიკაციური პირის სარკისებრი ნეირონები) აქტივირდება პირის აპარატით განხორციელებული კომუნიკაციური ჟესტების (ტუჩების მოკუმვის, ენის გამოყოფისა და ა.შ.) დაკვირვებისას. ევოლუციური განვითარების თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, მაგალითად, ტუჩების გაწკლაპუნება მაიმუნებში თავდაპირველად იყო პროცირების ქცევა საჭმლის მიღებისას, ხოლო დღესდღეობით მას უკვე კომუნიკაციური ფუნქცია აქვს შეძენილი.

 

რაც შეეხება ადამიანებს, ციტოარქიტექტონური კვლევები (ანატომიური ორგანიზაციის კვლევა უჯრედის მორფოლოგიასა და დისტრიბუციაზე დაყრდნობით) მოწმობს, რომ არსებობს ჰომოლოგია 44-ე ველსა (ბროკას ველი ადამიანის ტვინში) და F5 ველს (მაიმუნის ტვინში) შორის. თვალსაჩინო მსგავსებებია:

 

F5 ველი შეიცავს მოტორულ ნეირონებს, რომლებიც უკავშირდება როგორც ხელის, ასევე პირის მოძრაობებს, მსგავსად ბროკას ველისა;

ორივე ველი აღჭურვილია სარკისებრი ნეირონებით;

აუდიო-ვიზუალური სარკისებრი ნეირონების წყალობით, როგორც ბროკას, ასევე F5 ველი აქტივირდება ქცევასთან ასოცირებული ქცევების ხმების მოსმენისას;

და ბროკას ველი, F5-ში არსებული კომუნიკაციური სარკისებრი ნეირონების წყალობით აქტივირდება სხვა ინდივიდის საუბრის დანახვისას, ხმის გაგონების გარეშე.

განსხვავებას წარმოადგენს ლინგვისტური მატერიის აღქმა (დაწერილი ან მოსმენილი შინაარსების შემთხვევაში აქტივაცია).

 

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ მეტყველების ზოგიერთი ასპექტი შესაძლოა იყოს ჩადებული სენსომოტორულ სისტემაში და წარმოდგენილი სარკისებრ ნეირონთა მიერ. ბროკას ველი, მაგალითად, ჩართულია სინტაქსის პროცესებში, როგორებიცაა რეკონსტრუქცია და წინადადებათა სტრუქტურული მიმდევრობების ინტერპრეტაცია. თუკი სინტაქსს აღვწერთ, როგორც წესებზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც აკომბინირებს ელემენტებს იმ თანმიმდევრობით, რომ მათ სპეციფიკური შინაარსი შეიძინონ, შეგვიძლია იგი დავუკავშიროთ მაიმუნებში აღმოჩენილ ბაზისურ კორტექსულ ორგანიზაციას მიზანმიმართული ქცევების თანმიმდევრობისა. მოტორული სისტემა ორგანიზებულია ნეირონულ ჯაჭვებად, სადაც თითოეული აკოდირებს სპეციფიკურ მიზანს და აკომბინირებს ქცევის განსხვავებულ ელემენტებს - მოტორულ აქტებს. ეს ორგანიზაცია, მიუხედავად პრიმიტიულობისა, ჰგავს მეტყველების სტრუქტურას. მიმდინარე ჰიპოთეზას წარმოადგენს ის, რომ ევოლუციის განმავლობაში, რაც უფრო მეტად შეეძლო მოტრულ სისტემას მოქნილად დაეკომბინირებინა მოტორული აქტები და გარდაექმნა ისინი უფრო მრავალფეროვან ქცევებად, მით უფრო ემსგავსებოდა ის ლინგვისტურის მსგავს სინტაქსურ სისტემას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი