logo_geo
რა არ უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ, რომ თქვენმა ნოუთბუქმა დიდხანს იმუშაოს
- +

28 თებერვალი. 2021. 23:50

 

 

ლეპტოპის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ყველას უნდა, რომ მან დიდხანს იფუნქციონიროს და ამ ხნის განმავლობაში პრობლემა არ შეექმნას. თუმცა ხშირად მომხმარებლები გაჯეტისადმი მინიმალურ მზრუნველობასაც კი არ იჩენენ, რის შედეგადაც ის გამოუსადეგარი ხდება. საინტერესოა, რა არ უნდა გააკეთოთ, რათა თქვენმა კომპიუტერმა უფრო დიდხანს „იცოცხლოს“?

 

ლეპტოპთან ჭამა-სმას მოერიდეთ

 

ერთი შეხედვით, ლეპტოპი სპეციალურად იმისთვის გამოიგონეს, რომ სადილობის პარალელურად მისი ეკრანი ვათვალიეროთ. პანდემიამდე პერიოდში ძალიან ხშირად ვხედავდით კაფეებსა თუ რესტორნებში ადამიანებს, რომლებსაც თან ნოუთბუქი ჰქონდათ. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენს კომპიუტერზე სითხე დაგვეღვარა? ლეპტოპი სასწრაფოდ უნდა გამორთოთ და ქსელიდანაც გამოაერთოთ. ამის შემდეგ კლავიატურა ამოატრიალეთ, რათა კორპუსიდან მთელი სითხე გადმოიღვაროს (სითხის გადასხმის შემდეგ ლეპტოპის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!). ახლა კი რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ავტორიზებულ სერვისცენტრს.

 

სასმელი ერთადერთი საფრთხე არ არის. სოუსისა და ცხიმის წვეთები ან საკვების ნარჩენებიც თქვენი ლეპტოპის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უარყოფითად მოქმედებს. მცირე ჭუჭყის მოშორება სველი ქსოვილით არის შესაძლებელი, მაგრამ ეს ნოუთბუქის სრული გამორთვის შემდეგ უნდა გაკეთდეს. თუმცა საკვების ნარჩენები უფრო დიდი პრობლემაა. მათი მოშორება შეგიძლიათ კომპიუტერის დაშლით ან პორტატული მტვერსასრუტის გამოყენებით.

 

ლეპტოპით საწოლში არ იმუშაოთ და მას მუხლებზე ნუ დაიდებთ

 

კიდევ ერთი სტერეოტიპი ასოცირდება იმ ფაქტთან, რომ ლეპტოპის კალთაში ჩადება ან მისი დივანსა თუ საწოლზე განთავსება სავსებით ნორმალურია. სინამდვილეში, ორივე სცენარი მოწყობილობის თერმორეგულაციაზე უარყოფითად მოქმედებს. მაგალითად, როდესაც ლეპტოპის კორპუსი რბილ ტახტზე ხვდება, ის „შიგნიდან“ უფრო მეტად ცხელდება. თუ ეს მდგომარეობა გარდაუვალი აუცილებლობით არის განპირობებული, ყურადღება მიაქციეთ ცხელი ჰაერის ვენტილაციის ადგილს და შეეცადეთ, გამოყენების დროს ის არ დაფაროთ.

 

თქვენს ლეპტოპს საფრთხეს უქმნის არარეგულარული დატენვაც

 

რა თქმა უნდა, ყველა ლეპტოპი ინდივიდუალიურია, მაგრამ ზოგადი რეკომენდაციები მაინც არსებობს. პირველ რიგში, ბატარეას 20% -ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე ნუ დაიყვანთ. როდესაც ინდიკატორი ამ ციფრს გიჩვენებთ, დროა ნოუთბუქის დატენვა დაიწყოთ. მეორე მხრივ, ნოუთბუქი კვირების ან თვეების განმავლობაში გამოუყენებლად არ დატოვოთ, თუ მისი ბატარეა 100% -ით არის დამუხტული ან პირიქით, სრულად დაცლილია. მოწყობილობა, რომელიც თაროზე დიდი ხნით უნდა შემოიდოს, 50%-იან მაჩვენებელზე დატოვეთ. იმავე მიზეზით, უმჯობესია თუ ლეპტოპს მუდმივად არ დატენით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მოწყობილობების უმეტესობისთვის ეს სრულიად უსაფრთხოა (100% -ით დატენვის შემთხვევაში აღნიშნული პროცესი ავტომატურად წყდება), აკუმულატორის შენახვა უმჯობესია საშუალო და არა სრული დატენვით.

 

არ გამოიყენოთ არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა

 

პირატული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია ყოველთვის სარისკოა. Windows- ის არალიცენზირებული ვერსია შეიძლება  ვირუსებს შეიცავდეს, ამავდროულად ის აქტუალურ და დაცულ განახლებებს ვერ მიიღებს. ამის შედეგად, თქვენი პარტნიორებისა თუ დამსაქმებლის პირადი მონაცემები საფრთხეშია. რა თქმა უნდა, ლიცენზირებული ოპერაციული სისტემა საკმარისი არ არის, თქვენ ასევე უნდა გამოიყენოთ ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის ოფიციალური ვერსიები - განსაკუთრებით, როდესაც საქმე კომერციულ კომპანიას ეხება.

 

გაუმართავი ბატარეით არ იმუშაოთ

 

თუ შეამჩნიეთ, რომ ლეპტოპი დატენვის გარეშე მხოლოდ 10-20 წუთს მუშაობს, შემდეგ კი ირთვება, იცოდეთ, რომ ელემენტს პრობლემა აქვს. ამ შემთხვევაში, დიაგნოსტიკისა და აკუმულატორის შესაძლო ჩანაცვლების მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სერვისცენტრს. ნუ შეეცდებით პრობლემის თავად მოგვარებას.

 

ლეპტოპი შეუფერებელი ჩანთით არ ატაროთ

 

არ ატაროთ ნოუთბუქი რბილი ჩანთით ან ზურგჩანთით, რადგან ის დარტყმისა და დავარდნისგან ნაკლებ დაცული იქნება. უმჯობესია, აარჩიოთ მყარი ზედაპირის მქონე სათავსო. კონკრეტული აქსესუარის არჩევანი დამოკიდებულია ნოუთბუქის დიაგონალზე: 15- ინჩიანი მოდელი მხოლოდ დიდ ჩანთაში ან ზურგჩანთაში მოთავსდება, 14-ინჩიანი მოწყობილობა - კომპაქტურ ჩანთაში ან პატარა ზურგჩანთაში, 13-ინჩიანი ლეპტოპი კი თავის ადგილს თითქმის ნებისმიერ ჩანთაში იპოვის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი