logo_geo
„ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო“ - მკვლევრები დიდხანს კამათობდნენ იმაზე, თუ რომელმა ვანდალმა დაწერა ეს ფრაზა ედვარდ მუნკის ნახატზე „კივილი“
- +

1 მარტი. 2021. 11:23

 

 

 

ნორვეგიის ეროვნულმა გალერეამ წარმოადგინა კვლევა, რომელიც ედვარდ მუნკის ნახატზე „კივილი“ ფანქრით შესრულებულ წარწერას ეხებოდა. ფრაზა - „ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო“ ტილოს ზედა მარცხენა კუთხეში იკითხება. მუნკმა ეს ნახატი 1893 წელს შექმნა. მისი შთაგონების წყაროდ ორ მეგობართან ერთად სეირნობის დროს ნანახი მზის ჩასვლა იქცა. დაღლილი მხატვარი ღობეს მიეყრდნო და დაინახა „სისხლი და ცეცხლის ენები“, რომლებიც ჩაბნელებულ ფიორდზე ეშვებოდნენ. „ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი ვიდექი და შიშისგან ვკანკალებდი. ამ დროს ვიგრძენი უსასრულო კივილი, რომლითაც ბუნება იყო გაჟღენთილი“, - ასე აღწერდა ტილოს შექმნის ისტორიას თავად მხატვარი.

 

როდის გაჩნდა ეს მინაწერი ტილოზე?

 

ეს იდუმალი ფრაზა წყაროებში პირველად 1904 წელს მოიხსენიება - ის საღებავის ზედაპირზეა შექმნილი. მრავალი წლის განმავლობაში მკვლევრებმა ვერ დაადგინეს, ეს ვინ გააკეთა - თავად მუნკმა თუ რომელიმე უკმაყოფილო ვანდალმა დამთვალიერებელმა.

 

ნორვეგიის ეროვნულმა გალერეამ „კივილი“ ინფრაწითელი კამერით გადაიღო, რათა ამ არც თუ ისე დიდი მოცულობის წარწერის მკვეთრი გამოსახულება ჰქონოდა. „ინფრაწითელ ფოტოზე ფანქრის გრაფიტი უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, რაც საშუალებას გვაძლევს, ხელწერა უფრო ზუსტად გავაანალიზოთ და თან თავად ნახატზე არანაირი ზემოქმედება არ ვიქონიოთ“, - განმარტა ეროვნული გალერეის ნახატების კურატორმა ტიერი ფორდმა.

 

როგორ დაადგინეს მეცნიერებმა, რომ ეს წარწერა თავად ედვარდ მუნკს ეკუთვნის?

 

მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს ფერწერულ ტილოზე არსებული ხელნაწერისა და მუნკის წერილებისა და დღიურების კალიგრაფია. ამის შედეგად მათ დაასკვნეს, რომ წარწერა თავად მხატვარს ეკუთვნის.

 

მუზეუმის კურატორ მაი ბრიტ გულენგის თქმით, ამ წარწერის წარმოშობა შეიძლება 1895 წლის მოვლენებით აიხსნას. სწორედ ამ დროს ოსლოში გამართულ გამოფენაზე მუნკმა თავის სხვა ნახატებთან ერთად ეს ნამუშევარი ფართო საზოგადოებას პირველად წარუდგინა. ექსპოზიცია ძალიან გააკრიტიკეს: ხელოვნებათმცოდნე ჰენრიკ გროშმა დაწერა, რომ ამის შემდეგ მუნკი „ნორმალური ტვინის მქონე სერიოზულ ადამიანად“ აღარ უნდა ჩაითვალოს.

 

 

გამოფენა სტუდენტურმა საზოგადოებამაც განიხილა. ცნობილია, რომ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა იოჰან შარფენბერგმა, როდესაც მხატვრის ერთ-ერთ ტილოზე -„ავტოპორტრეტი სიგარეტით“ საუბრობდა, მუნკს არანორმალური უწოდა. როგორც ჩანს, სწორედ საზოგადოების მხრიდან ასეთი რეაქციის შემდეგ დატოვა მხატვარმა ტილოს კუთხეში თავისი კომენტარი. გულენგის აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ სიტყვებმა მხატვარი გაანაწყენა. მის ოჯახში ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ნამდვილად იყვნენ - მამა და ბაბუა მელანქოლიით იტანჯებოდნენ, მისი და კი ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. სწორედ ამიტომ ედვარდ მუნკი საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზეც შიშობდა. მხატვარმა მოგვიანებით თავის დღიურებში რამდენჯერმე გაიხსენა ეს კრიტიკული კომენტარები, თუმცა „კივილზე“ საკუთარი მინაწერი არ უხსენებია.

 

„ეს წარწერა შეიძლება ირონიულ კომენტარად ჩაითვალოს. თუმცა, შესაძლოა, ამავდროულად მხატვრის მოწყვლადი ბუნების გამოხატულებაც იყოს. მზა ნახატზე ეს წარწერა გვიჩვენებს, რომ ტილოს შექმნა მუნკისთვის უწყვეტი პროცესი იყო“, - განაცხადა გულენგმა.

 

აღსანიშნავია, რომ ედვარდ მუნკის ნახატები „კივილთან“ ერთად, ნორვეგიის ეროვნულ გალერეაში მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ექსპოზიციაზე 2022 წელს გამოიფინება.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი