logo_geo
როგორი იყო ლევან მოსეშვილის ლეგენდარული გზა და რატომ უთხრა მან უარი „ცეესკას“ მწვრთნელს
- +

9 მარტი. 2021. 21:47

 

 

 

ქართული კალათბურთის ლეგენდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სპორტის რაინდი ლევან მოსეშვილი გაზაფხულზე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხოვრების შესახებ მისმა შვილმა მოგვითხრო.

 

 

 

ხათუნა მოსეშვილი: მამაჩემი 1940 წელს დაიბადა. ბაბუა ჯარში იყო გაწვეული და შვებულებით იყო ჩამოსული ორი კვირით, შემდეგ ომი დაიწყო და დაიკარგა. მამას ის საერთოდ არ ახსოვდა, მისი საფლავიც კი უცნობი იყო ოჯახისთვის. თუმცა, ხმები ჩამოვიდა, რომ ცოცხალი გადარჩა და საზღვარგარეთ ნახეს. ზუსტად ამიტომ გადაწყვიტა მამამ კალათბურთელობა. უნდოდა, ძალიან ცნობილი კალათბურთელი გამხდარიყო, საბჭოთა კავშირის გარეთ გასულიყო თამაშებზე და მამა მოეძებნა. ასე დაიწყო მამაჩემის კარიერა.

 

– წარმატებული კარიერა ჰქონდა და ბევრჯერ უსახელებია საქართველო. რა ასაკიდან დაიწყო ვარჯიში?

 

– მე როგორც ვიცი, 15 წლიდან უკვე თამაშობდა. თანამედროვეობაში უფრო მეტად მის სამწვრთნელო კარიერას უსვამენ ხაზს. თუმცა, თამამად ვიტყვი, რომ როგორც მოთამაშე, საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო. მისი და მთელი მისი გუნდის ძალიან დიდი წარმატება იყო ევროპის თასის აღება, შემდეგ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ. მამა შესანიშნავი მოთამაშე იყო. ამერიკელებს იმდენად მოეწონათ მისი თამაში, რომ ერთ-ერთმა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან იყო წასული, იქ წასვლა შესთავაზა და დახმარებას დაჰპირდა. შეეძლო, კარიერა იქ გაეგრძელებინა, მაგრამ ეს ოჯახის – ცოლისა და ორი შვილის დატოვებას ნიშნავდა, რასაც ვერ გააკეთებდა. თუმცა, სადაც იყო, იქ მოჰქონდა წარმატება.

 

გამორჩეული თამაში ჰქონდათ ჟენევაში. „დინამოს“ „რეალთან“ მატჩს გრიგოლ რობაქიძე ესწრებოდა, რომელიც მოგვიანებით თბილისში თავის დას სწერს: „მე ძალიან ვღელავდი. გასაგებია, სისხლი! ეს გამარჯვება ქართველებისთვის დიდად მნიშვნელოვანია. დავინახე ყამირითგან ამოხეთქილი ძალა ქართული: მაგარი“...

 

 

„ოცდაათი წელიწადია, თვალს ვადევნებ ევროპის კალათბურთელთა თამაშს, მაგრამ ასეთი საინტერესო ბრძოლა ჯერ არ მინახავს. „რეალი“ – ქარიშხალი და ტექნიკა; „დინამო“ – ქარიშხალი, ტექნიკა და სათამაშო დისციპლინა“, – უთქვამს მატჩის შემდეგ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდგივანს, უილიამ ჯონსს.

 

ასევე ძალიან წარმატებული იყო, როგორც მწვრთნელი. საერთოდ, კალათბურთი მისი ცხოვრება იყო. მამა 41 წლის დაქვრივდა და ცოლი აღარ მოუყვანია. მთელი თავისი ცხოვრება სპორტის ამ სახეობას მიუძღვნა. მაშინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე გომელსკის, რომელიც „ცეესკაში“ მოღვაწეობდა – ის „ცეესაკასა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, მამა ძალიან მოსწონდა და სთხოვა: ჩემთან წამოდი და ჩემი ასისტენტი იყავიო. მამამ უარი უთხრა, რადგან თანხმობის შემთხვევაში, მოსკოვში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად. მაშინ ამ ადამიანმა საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნა. ამ შემთხვევაში, რუსეთში მთლიანად გადასვლა აღარ დასჭირდებოდა, მხოლოდ რაღაც პერიოდი უნდა გაეტარებინა იქ. მაგრამ მამამ ის მცირე ხანიც ვერ გაძლო და მითხრა, რა ვქნა, არ შემიძლია, მივატოვო ჩემი შვილები და ქვეყანაო. დედა მაშინ უკვე აღარ იყო ცოცხალი.

 

– მრავალი წელი იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?

 

– ცნობილია, რომ ლევან მოსეშვილისნაირი მწვრთნელი საქართველოს არ ჰყოლია. მრავალი წელი იყო „დინამოს“ მწვრთნელი. ძალიან საინტერესო და ემოციური თამაშები ჰქონდათ. კალათბურთი ისეთი პოპულარული იყო, თამაშზე დასასწრებად ბილეთს ვერ იშოვიდი. მახსოვს, ერთხელ, მოსკოვის მთავარ გუნდთან, „ცეესკასთან“ ჰქონდათ თამაში. მაგრამ მამას სტენოკარდიული შეტევა დაემართა და საავადმყოფოში იწვა. ეს თამაში, წესით, მის გარეშე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საავადმყოფოდან გამოიპარა და საკუთარი მოვალეობა შეასრულა. მართალია, წავაგეთ, მაგრამ ეს მომენტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. მისთვის საკუთარი საქმისადმი პასუხისმგებლობა ყველაფერზე მაღლა იდგა. ყველაფერს საქართველოსთვის აკეთებდა და არა საბჭოთა კავშირისთვის. სამშობლო განსაკუთრებულად უყვარდა. როგორც გითხარით, არც ამერიკაში წავიდა და არც მოსკოვში. მოგვიანებით ევროპაშიც შეეძლო წასვლა, მაგრამ კვლავ არჩია, საკუთარ ქვეყანაში ეკეთებინა თავისი საქმე.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში, ფაქტობრივად, ერთი გუნდი – „დინამო“ არსებობდა. მერე ნელ-ნელა სხვა გუნდებიც გაჩნდნენ. მამა იმ დროს ისევ „დინამოს“ მწვრთნელი იყო და გუნდი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაშიც მიიყვანა ჩემპიონობამდე.

შემდეგ „დინამოდან“ წასვლა მოუწია – გუნდი პატარკაციშვილმა შეისყიდა და უცხოელი მწვრთნელი ჩამოიყვანეს, მამა კი გაუშვეს... ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ მამას ფარ-ხმალი არ დაუყრია. ადგა და ახალი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელსაც „ავიამშენი“ ერქვა. მისი მთავარი მწვრთნელი გახდა და ეს გუნდიც ჩემპიონად აქცია. სამწუხაროდ, საჭირო ფინანსების შეზღუდვის გამო, გუნდი დაიშალა. მაშინ მამამ კიდევ ერთი ახალი – თავდაცვის სამინისტროს გუნდი შექმნა და ისიც ჩემპიონად აქცია.

 

ასე რომ, მამა ნამდვილად ძალიან წარმატებული იყო. მის სახელთან დაკავშირებული ყველა გუნდი ჩემპიონობამდე მიჰყავდა. მაგრამ, როდესაც ბოლო გუნდი აქცია ჩემპიონად, მაშინ თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იყო და მამა „მადლობის ნიშნად“ გამოუშვეს.

 

– არ განიცდიდა ამგვარ დამოკიდებულებას?

 

– ძალიან განიცდიდა. როდესაც „დინამო“ პატარკაციშვილმა შეისყიდა და კერძო გუნდი გახდა, ძალიან ცუდი რამ გაუკეთეს – ჩემპიონობამდე ერთი თვეც არ იყო დარჩენილი, გუნდი პირველ ადგილზე იყო, როცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა – კახა თარგამაძემ დაიბარა მამა და უთხრა, რომ გუნდი უნდა დაეტოვებინა. ძალიან განიცადა. მაგრამ არ იყო ის ადამიანი, რომელიც ფარ-ხმალს დაყრიდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. როცა მსგავსი რამ კიდევ განმეორდა, დიდი ემოციებით აღარ შეხვედრია, რადგან წლების წინანდელი გამოცდილება ახსოვდა. სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდშიც იყო შემთხვევა – როცა მოთამაშეების ნაწილმა შეთქმულება მოუწყვეს და უთხრეს, მწვრთნელის პოზიციიდან უნდა წახვიდეო. იმდენად განიცადა, გარეთ აღარ გადიოდა, მაგრამ იმ გუნდში მოსულმა ახალმა მწვრთნელებმა ისეთი კატასტროფა დაატრიალეს, რომ წარმატებული „დინამო“, მეორე და მესამე ადგილებს რომ იღებდა, ბოლო ადგილზე გავიდა და საქმე გავარდნამდეც კი იყო მისული. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ისევ მამას სთხოვეს, დაბრუნებულიყო და საქმიანობა გაეგრძელებინა. ეს ყველაფერი რომ გავლილი ჰქონდა, ბოლოს უკვე ისე აღარ განიცდიდა ამ ამბავს, თუმცა, რა თქმა უნდა, დასანანი იყო. თან, უკვე 70 წლის გახდა და საბოლოოდ დაანება თავი სამსახურს.

 

– ძალიან კეთილშობილური მიზნით დაიწყო კალათბურთის თამაში. ეს ისტორია როგორ დასრულდა?

 

– როგორც ჩანს, ხმები იმის შესახებ, რომ მამამისი სადღაც ნახეს, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მოგვიანებით, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, მამა ამბობდა, გამორიცხულია, მამაჩემი ცოცხალი ყოფილიყო და არ შეგვხმიანებოდა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდაო. თუმცა, სიმბოლურია მიზანი, რისთვისაც მან კალათბურთის თამაში დაიწყო. ვერაზე ცხოვრობდა, კალანდაძის ქუჩაზე. იქვე იყო ვერის ბაღი, რომელსაც მაშინ კიროვის ბაღს ეძახდნენ, სადაც თამაშები იმართებოდა. იქ დაიწყო მამამ ვარჯიში 15 წლიდან და ძალიან მალე მიაღწია დიდ წარმატებას. განსაკუთრებული სროლა ჰქონდა. რუსები მის ნატყორცნს „მოსეშვილის მათრახს“ ეძახდნენ. მამას, ასევე, უწოდებდნენ „მოხდენილი გარღვევების დიდოსტატს“.

 

საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა...

 

– მამაც და დედაც იმდენად კარგი გარეგნობის იყვნენ, ქუჩაში რომ გავიდოდნენ, ხალხი უკან მიჰყვებოდა, რომ მათი სილამაზით დამტკბარიყვნენ. დათა თუთაშხია რომ უნდა გადაეღოთ, ხმები დაირხა, რომ ამ როლზე მამას უნდა ეთამაშა. არ ვიცი, ამ ხმებს რამე საერთო ჰქონდა თუ არა რეალობასთან, მაგრამ, მისი გარეგნობისა და ვაჟკაცობიდან გამომდინარე, ჭორად დადიოდა. გარდა კარგი გარეგნობისა და პროფესიონალიზმისა, მამა ნამდვილი თბილისელი დარბაისელი ვაჟკაცი კაცი იყო.

 

– შვილებთან როგორი იყო?

 

– შვილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ხშირად უწევდა სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა და ამიტომ, როდესაც თბილისში იყო, განსაკუთრებულად თბილად გვეპყრობოდა, მით უმეტეს, დედის გარდაცვალების შემდეგ. მამა დედაჩემის უაღრესად ერთგული იყო. წლების შემდეგ მითხრა, მე დედაშენისთვის არასდროს მიღალატია, არც სიცოცხლეში და არც მისი დაღუპვის შემდეგ. განა არ შემეძლო ცოლის მოყვანა, მაგრამ ვერც ჩემს ცოლს ვუღალატებდი და ვერც ჩემს შვილებსო. ოჯახის ძალიან დიდი მოსიყვარულე და ერთგული იყო.

 

– როგორი იყო მათი სიყვარულის ისტორია?

 

– ძალიან ახალგაზრდები დაქორწინდნენ. დედა 18 წლის იყო, მამა – 19-ის. საერთო მეგობრისგან გაიცნეს ერთმანეთი და ერთი ნახვით შეჰყვარებიათ. დედა მისი უდიდესი გულშემატკივარი იყო. მამას არცერთი თამაში არ გაუცდენია და ცოტა რომ წამოვიზარდეთ, მე და ჩემი ძმაც თან დავყავდით. დედა სიმსივნით გარდაიცვალა. ერთ-ერთ თამაშზე ცუდად გახდა, მაშინ უკვე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ ვიცოდით. თამაშის მსვლელობისას სხვადასხვა ადგილას ვისხედით – დედა გვერდით სექტორში იყო. წავაგეთ, არადა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. უცებ, ვხედავ, მამა მირბის: მოედანი გადმოჭრა და კიბეებზე არბის. თურმე, დედას ისე უნერვიულია წაგების გამო, რომ ცუდად გამხდარა. ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდათ. დედის გარდაცვალების შემდეგ მამამ მითხრა: დავდივარ თბილისში, სპეციალურად ვათვალიერებ და მე ჯერ დედაშენისნაირი ქალი არ შემხვედრიაო.

 

– დედა რა პროფესიის იყო?

 

– დედა პედაგოგი იყო, ქიმიის მასწავლებელი. ძალიან უყვარდათ მოსწავლეებს. მამაჩემივით, ისიც გადაყოლილი იყო სამსახურს. ორივე პროფესიონალი იყო, მაგრამ ოჯახს არაფერს აკლებდნენ – ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, დედამ ადრე დაგვტოვა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მამას ძალიან უჭირდა და თამაშებს ვეღარ ესწრებოდა. მაგრამ ეს იყო მისი საქმე და რაღაც პერიოდის შემდეგ მას კვლავ დაუბრუნდა.

 

– მამას თქვენს პროფესიაზე არ მოუხდენია გავლენა?

 

– რაღაც პერიოდი ჩემი ძმაც თამაშობდა, მე მხოლოდ მაყურებელი ვიყავი. ახლა ჩემი შვილი თამაშობს კალათბურთს, თავისი გუნდიც აქვს – „ვერა“. როცა მან ეს პროფესია აირჩია, მამას ძალიან გაუხარდა. ძმისშვილიც თამაშობდა კალათბურთს, მაგრამ ჩემი შვილი ისეთივე ფანატიკოსია, როგორიც მამა იყო. უნდა, ლევან მოსეშვილის სახელობის საკალათბურთო აკადემია დააარსოს და იმედია, გამოუვა. გიორგი პატარა იყო, კალათბურთის წრეზე დამყავდა და ერთხელ, ერთ-ერთმა მოჭიდავემ ნახა. გვითხრა: მომეცით ეს ბიჭი, ისეთი ფეხები აქვს ოლიმპიურ ჩემპიონს გავზრდიო. გაგიჟდა ჩემი შვილი, მე კალათბურთს როგორ დავანებებ თავსო?! (იცინის) მამაჩემის შემყურემ საკუთარი ცხოვრების გზად თვითონაც კალათბურთი აირჩია.

 

– მამის ბოლო პერიოდი როგორ გახსენდებათ?

 

– მამა არ იყო ჯანმრთელად. მამაკაცები სამსახურს რომ ანებებენ თავს, მერე უფრო უჩნდებათ პრობლემები. გულის უკმარისობა ჰქონდა, რაც სპორტსმენებისთვის საკმაოდ ხშირი პრობლემაა. დიდხანს ვიბრძოლეთ, მაგრამ 79 წლის ასაკში დაიღუპა. ბოლო წუთამდე ძალიან აქტიური იყო. პოლიტიკასაც ადევნებდა თვალს და სპორტს ხომ – თავისთავად. ძალიან ახარებდა ქართველი კალათბურთელების წარმატება. ბედნიერი იყო იმის გამო, რომ ბევრი კარგი მოთამაშე გამოჩნდა. აღნიშნავდა, რომ ახალი თაობა ძალიან გამაღლდა და ჩვენს მომავალსაც იმედიანად უყურებდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი