logo_geo
რატომ დაიწყეს დედამიწის დიდმა სახელმწიფოებმა კოსმოსის ათვისება და როგორ აპირებენ ისინი კოსმოსიდან დედამიწაზე გავლენების გადანაწილებას
- +

10 მარტი. 2021. 19:45

 

ჯერ თუ მთვარის ათვისება იდგა მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგში და უკვე თურქეთმაც განაცხადა, რომ ორიოდ წელიწადში აპირებენ მთვარეზე მისიის გაგზავნას, აშშ, ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები მარსის ასათვისებლად ემზადებიან. ფაქტია, რომ ძლიერნი ამა დედამიწისანი აწ აპირებენ, გახდნენ ძლიერნი ამა კოსმოსისანი. რატომ გახდა აქტუალური კოსმოსის ათვისება, დედამიწაზე გავლენის სფეროების გადანაწილების პროცესი დასრულდა თუ, პირიქით, ვინც კოსმოსში მოიპოვებს უპირატესობას, ის ავტომატურად დაიბევებს გავლენას დედამიწაზე? – ამ თემას ანალიტიკოს დემურ გიორხელიძესთან ერთად განვიხილავთ.

 

– კოსმოსის განაწილებით თავიანთ ძალას აჩვენებენ ერთმანეთს დედამიწაზე, ანუ რატომ მოუნდა ყველას ზეცაში აჭრა?

 

– ცალსახა პასუხის გაცემა მართებული არ იქნება. რამდენიმე პლასტია. ჯერ ერთი, ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ოდესღაც დედამიწაზე ადამიანის არსებობის რესურსი ამოიწურება და გონიერი ადამიანები ახლავე ემზადებიან საკმაოდ შორეული პერსპექტივისთვის, რაც მარტივი არ იქნება. ადრე თუ გვიან, ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება და ახლავე ეძებენ ადგილებს, რაც შეიძლება, ვარგისი იყოს სიცოცხლისთვის.

 

– მარსი გასაგებია, მაგრამ მთვარეზე სიცოცხლე ნაკლებადაა მოსალოდნელი.

 

– მარსზე რომ სიცოცხლე იყო, აშკარაა, რაც შეეხება მთვარეს: კოლონიზებული ისიც იქნება, უბრალოდ, ჯერ კიდევ არ არის გასაგები, სად იქნება განთავსებული ობიექტები. მასკი შემთხვევით არ ლაპარაკობს მარსზე, ხომ ხედავთ, რომ ჩინელები, ამერიკელები და არაბთა საემიროებიც ამ პროგრამაში არიან ჩართული. კოსმოსით დაინტერესების მეორე ფაქტორია დედამიწისთვის საფრთხის აცილება, იმიტომ რომ დედამიწა არ არის ავტომატურად დაცული მეტეორების დაცემისგან, ამდენად, მეცნიერული აზრი ამ მიმართულებითაც ვითარდება. უამრავი ტექნოლოგია მუშავდება, აკვირდებიან ყველა შესაძლო მეტეორს, კომეტას, იმიტომ რომ ტრაექტორიების დათვლა შესაძლებელია სიჩქარისა და მოძრაობის მიმართულების მიხედვით, ისიც, თუ როდის იქნება აუცილებელი ამ კომეტებისა და დიდი მეტეორებისთვის ტრაექტორიის შეცვლა, იგულისხმება დიდი აფეთქებები. თუმცა დედამიწას ყოველდღიურად ეცემა უამრავი მცირე ზომის მეტეორი, მაგრამ ისინი საფრთხეს არ შეიცავს. მესამე ფაქტორი ის არის, რომ ცივილიზებული სამყარო უკვე მიხვდა, რომ აუცილებელია ცოდნა, რათა ყველაფერი მდგრადად განვითარდეს. რადგან მხოლოდ მეცნიერება და განათლება ავითარებს სამყაროს, სხვა არაფერი. ტურიზმი, ბორდელები, აზარტული თამაშები არაფერს ავითარებს. მსოფლიოში ბოლო 30 წლის განმავლობაში უზარმაზარი ფული და ინტელექტი დაიხარჯა მეცნიერების განვითარებისთვის. რატომ არის ერთი ქვეყანა მდიდარი და მეორე – ღარიბი, როდესაც ორივე ქვეყანაში ადამიანებს აქვთ ორი ფეხი, ორი ხელი და ერთი თავი?! უკვე ემპირიულადაცაა დადასტურებული, რომ იქ, სადაც ცოდნის კაპიტალი დაგროვდა, ამ ცოდნის კაპიტალის ზრდის ტემპი განსაზღვრავს ქვეყნის წინსვლას. ქართული ხელისუფლებების თავებში კი ამდენი წელია, ეს არ შედის და ისინი ავითარებენ იმ სულელურ იდეოლოგიას, რომ განათლება და მეცნიერება ბაზრის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. არადა არსად ხდება ამის მსგავსი, იმიტომ რომ ბაზარი ძალიან მცირე სეგმენტია, ცოდნას კი ფანტასტიკურად დიდი შესაძლებლობები აქვს და სწორედ ცოდნა უნდა იწარმოებოდეს ქვეყანაში და იმიტომაც მიდის უზარმაზარი ფული კერძო სექტორიდან ცოდნაში, მეცნიერებაში, მაგრამ ეს ლოკალური ქმედებებია, რაც პროგრესს არ ქმნის. ამდენად, მეცნიერება კონკურენციის გზით ვითარდება. დედამიწაზე კი მიდის კონკურენცია იმ რესურსზე, რაც დედამიწაზე დარჩა. ამაზეა ომი ამტყდარი და არა ვითომ ფასეულობებზე, რომ ვიღაც ბნელია და ვიღაც ნათელი, ვიღაც დემოკრატია და ვიღაც – ტირანი. ეს სისულელეები დღეს არ მუშაობს, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ იდეოლოგია, ფარდა, რითაც ინიღბება ერთმანეთის კონკურენტი დაპირისპირებული ძალები. რისთვის იბრძვიან მთელ მსოფლიოში? რუსული სიმდიდრის კონტროლისთვის და ეს არ მოიშლება არასდროს. რუსეთი ყოველთვის იქნება მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში და ყველა იქნება მასთან დაპირისპირებული და არა იმიტომ, რომ ვინმეს მისი მოშლა და დაშლა აინტერესებს, მისი მხოლოდ კონტროლი სჭირდებათ.

 

– მენდელეევის მთელი პერიოდული სისტემა რუსეთის ფედერაციის კუთვნილ ტერიტორიაზეა, მაგრამ თვითონ რუსეთი ვერ იყენებს ამას და, ამდენად, ძალიან ბუნებრივად მეჩვენება სხვების დაინტერესება ამ სიმდიდრით. ნედლეულის ქვეყნად რჩება ამხელა რესურსის ქვეყანა.

 

– რა თქმა უნდა, რუსეთი ამას ვერ იყენებს.

 

– ჩვენც გვგავს ამ თვისებით: რაც აქვს, იმ მიწას ვერ იყენებს და სხვებს ართმევს, ჩვენ კი იმისთვის ვერ მოგვივლია, რაც არაოკუპირებულია.

 

– თუ კარგად ჩახედავთ პოლიტიკური ბრძოლის ისტორიას, ვნახავთ, რომ 157 წლის წინათ ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის დაიწყო დიდი თამაში და ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა, ამ კონტექსტშია. ქართველებს, უბრალოდ, არ უნდათ ამის გაგება. იმავე შამილის ომებს რუსეთის იმპერიასთან აფინანსებდა ბრიტანეთი, შუა აზიის მოვლენები, საქართველოს ტრაგედია, ყველა პროცესს ჰქონდა ეს კონტექსტი. ჩვენ, უბრალოდ, გაყალბებულ ისტორიაში ვცხოვრობთ. ბრიტანეთი აკავებდა რუსეთს ინდოეთისკენ, რადგან ბრიტანელებმა კარგად იცოდნენ, რომ გამოყრიდნენ ინდოეთიდან, რადგანაც რუსეთის ინტერესიც ინდოეთი იყო. ამიტომ, როდესაც არ გესმის, როგორია ფონი, ხდები მსხვერპლი, 1991, 2008 წელსაც ეს ტრაგედიები განვიცადეთ იმის გამო, რომ აცილებულები ვიყავით მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტს და, საუბედუროდ, ეს ყოველივე შეინიღბა მცდარი წარმოდგენებით. არ არსებობდა მხოლოდ ერთი მხარე და საკუთრივ საქართველო არასდროს ყოფილა ამ თამაშის სუბიექტი, იყო ობიექტი, რომელსაც ხან ასე, ხან ისე იყენებდნენ. ამიტომ ვამბობ – მისწრაფება მთვარისკენ, მარსისკენ გამოწვეულია იმ გლობალური კონკურენციით, რაც გამძაფრებულია დღეს დედამიწაზე მთავარ მოთამაშეებს შორის, მთავარი მოთამაშე კი ისევ სამია და ეს სამი დარჩება უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში.

 

– აშშ, რუსეთი და ჩინეთი.

 

– რა თქმა უნდა, ესენი არიან გლობალური მოთამაშეები. რაც შეეხება თურქეთს: ის სწორი მიმართულებით განვითარდა, რადგან მათი ელიტა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო განვითარება და ოზალი მოიყვანეს პრემიერ-მინისტრად. როდესაც სახლი გინდა, ააშენო, მოგყავს არა შენი სანათესაო, საძმაკაცო და სადაქალო, არამედ ეძებ, თუნდაც, ცუდი ხასიათის მქონე კარგ მშენებელს, რომ ისეთ სახლში შეხვიდე, სადაც შენი შვილებითა და შვილიშვილებით მშვიდად იცხოვრებ. ქართველებს კი მიაჩნიათ, რომ სახლს თუ აშენებენ, კარგ ხელოსანს უნდა დაუძახო, სახელმწიფოს კი შეიძლება, გამოუთხარო ძირი და ისტორიულად ქართველებმა არაერთხელ გამოუთხარეს ძირი თავიანთ სახელმწიფოს. სიტუაციას ვერ დავალაგებთ, თუ არ გვესმის მისი სიღრმე, თორემ ის, რაც ხდება ზედაპირზე, გვატყუებს და ნიღბავს სინამდვილეს. დიახ, რუსეთს აქვს უდიდესი პრობლემა, მაგრამ უდიდესი პოტენციალის ქვეყანაა, მათ შორის, ადამიანური რესურსით, განსაკუთრებით, საინჟინრო, საბუნებისმეტყველო მიმართულებებით, მაგრამ ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ, ფაქტობრივად, მთელი ამერიკის სილიკონის ველი და ცნობილი ფირმები რუსეთიდან წასული მეცნიერებითაა სავსე და დღესაც ახალგაზრდობა, მოსკოვის საუკეთესო უნივერსიტეტებდამთავრებულები, გარბის უცხოეთში და ეს, დემოგრაფიასთან ერთად, არის ნომერ პირველი პრობლემა. მაგრამ ასეთია ეს ქვეყანა, ჩვენთვის მთავარია, ეს ქვეყანა კარგად იყოს, რაც ბუნებრივად მოგვიხსნის პრობლემებს. ამრიგად, მარსი კონკურენციის სფეროა, ისევე, როგორც არქტიკა.

 

– ესეც მინდოდა, მეკითხა: ერთხანს არქტიკის გადანაწილებაზე დიდი ვაიუშველებელი იყო ამტყდარი, ახლა თითქოს მიჩუმდა, ყოველ შემთხვევაში, მედიის დონეზე.

 

– ძალიან გამწვავდა. სულ ბოლოს პენტაგონის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გააკეთა განცხადება, რომლის კონტექსტიც იყო, რომ ისინი არ გამორიცხავენ ბირთვულ ომს რუსეთთან და ჩინეთთან, თუმცა დააყოლა, რომ, თუ სახელმწიფო წყობას საფრთხე დაემუქრება. გასაგებია, რომ ვერც ერთი სახელმწიფოს წყობას მეორე სახელმწიფო ვერ შეარყევს, თუ შიგნით არ ააფეთქა სიტუაცია, რადგან არც ამერიკელია სულელი, არც რუსი და არც ჩინელი, რომ ბირთვული იარაღით დაიწყონ ჟონგლირება, მაგრამ ეს ზეწოლის მექანიზმებია და ეს განცხადებები ყურადსაღებია, გულისხმობს ძალების გადატვირთვას, სამმხრივი კონტრთავდაცვითი სისტემების აგებას, უზარმაზარ დაფინანსებას. მოკლედ, ისევ და ისევ მივდივართ მეცნიერებამდე. კოსმოსი, მოდი, ასე ვთქვათ, ამ დაპირისპირებაში ხდება მთავარი, იმიტომ რომ ჯერჯერობით მხოლოდ რუსებმა მიაღწიეს იმას, რომ კოსმოსიდან ისროლონ იარაღი, რის საწინააღმდეგოც ჯერ არაფერია შექმნილი. ამდენად, კოსმოსი არის დედამიწაზე თავის დაცვის საშუალება. ცხადია, ასეთი სიტუაცია, კოსმოსიდან ურთიერთშეკავება და უპირატესობის მოპოვება რჩება მთავარ პრობლემად. შესაბამისად, რომელიმე მხარის მიერ კოსმოსში უპირატესობის მოპოვება, ფაქტობრივად, ნიშნავს ნებისმიერი ქვეყნის დამორჩილებას, უბრალოდ, გაგანადგურებენ და ის იქნება.

 

– მასკმა პუტინს შესთავაზა დიალოგი. რას უკავშირდება ეს ფლირტი?

 

– მასკი პუტინს სთავაზობს ურთიერთობას ახალ სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ ეს მისთვის დიდი პატივი იქნება. გასაგებია, რომ მასკი პუტინისტი არ არის და არც პრორუსი. ის ნიჭიერი და პრაგმატული კაცია. მან იცის, რომ სამეცნიერო ბიზნესინტერესების გასავრცელებლად სჭირდება დიალოგი, რომ უფრო სწრაფად მიაღწიოს თავის მიზნებს. მეცნიერება ურთიერთგაზიარების ასპარეზია, სადაც განსაკუთრებული ნიჭის ადამიანები, დღე და ღამ მოფიქრალები ურთიერთობენ. მასკი ხედავს, რომ კონფრონტაცია არ შეიძლება და დიალოგი გაცილებით უკეთეს შედეგს მოიტანს. სფერო, რომელმაც მასკმა მოჰკიდა ხელი, დაიწყო საბჭოთა კავშირიდან. საბჭოელებმა ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწიეს და ამერიკელები შოკირებულები იყვნენ, რადგან მიხვდნენ, რომ რუსებს შეუძლიათ, ამერიკა კოსმოსიდან დატოვონ ცარიელზე. შესაბამისად, გასაგებია, რომ მასკს უნდა ეს დიალოგი, მას სჭირდება ეს დიალოგი და, რაც მთავარია, ეს დიალოგი გვჭირდება ყველას.

 

big_banner
არქივი