logo_geo
მედეა ბიბილეიშვილი: მამას კარგა ხანს ვუმალავდი რამაზის არსებობას
- +

13 მარტი. 2021. 18:59

 

 

 

 

"ჩემს გადარჩენაზე ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. მახსოვს, გაგიჟებულმა მამამ ტუჩებზე დაფენილი სველი ტილო როგორ მომგლიჯა და მთელი სახე დამიკოცნა. სასწაული მოხდა..."

 

მე ის "ჩემი ქალაქის ვარსკვლავით" გავიცანი. ამ ფილმში მედეა ბიბილეიშვილი მსახიობი ქალის როლს ასრულებს, რომელიც ქმართან გაშორების შემდეგ, თავის პროვინციულ ქალაქს უბრუნდება და რეჟისორ ძმასთან ერთად თეატრის პროგრამის განახლებაზე იწყებს მუშაობას. მედეა აქ ისეთი ლამაზი, თავისუფლების წყურვილით სავსე, ჰაეროვანი და მიმზიდველია, პირველივე ნახვაზე მოვიხიბლე... მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი... დედას ვთხოვე, კოპლებიანი კაბა შეეკერა, ზუსტად ისეთი, როგორიც მედეას ამ ფილმში ეცვა.

 

გავიდა დრო და ჩემთვის ქალის იდეალად შერაცხილ მსახიობთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე. მედეა ბიბილეიშვილი უკვე აღარ იყო მარჯანიშვილის თეატრში. ის 90-იან მძიმე წლებში, თეატრებში მიმდინარე "რეორგანიზაციას" (უფრო ზუსტად, შემცირებას) "შეეწირა". დავურეკე, შევთანხმდით და მეორე დღეს უკვე მასთან ვიყავი. ნათქვამია, ლამაზი ქალი ლამაზად ბერდებაო და მართლაც, ასაკში შესული მედეა მშვენივრად გამოიყურებოდა. 1999 წლის ოქტომბრის მიწურული იყო. ფარდები ბოლომდე გადაწეული ჰქონდა და ოთახის ყოველი კუთხე-კუნჭული შემოდგომის მზის სხივებით იყო სავსე. - მიყვარს მზე, განსაკუთრებით შემოდგომის. ასე მგონია, მზის ენერგიით ვივსები და სიცოცხლეც მემატებაო, - მითხრა მსახიობმა. ლარნაკში ჩადებული ჩალისფერ-წითელ-ნარინჯისფერი ფოთლები საოცარ სიმყუდროვეს, სიმშვიდესა და სილამაზეს სძენდა მედეას ოთახს. კედლებზე მისი ცხოვრების ფრაგმენტები ფოტოებში გაბნეულიყო და თითოეული საინტერესო ამბავს ჰყვებოდა. იქვე იყო ხატების კუთხე. ღვთისმშობლის ხატზე მითხრა, - ეს განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის, კათოლიკოს-პატრიარქმა, ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მაჩუქაო.

 

ყველაფერი მაინტერესებდა ამ ლამაზ მსახიობზე, ამიტომ ინტერვიუ ბავშვობის გახსენებით დავიწყეთ. თვალებგაბრწყინებულმა მიამბო იმ პერიოდზე, როცა უსაზღვროდ ბედნიერი, უდარდელი და ლაღი იყო...

 

"ჩემი ბავშვობა ლამაზ ფერებში დახატულ უმშვენიერეს სურათს მაგონებს. მშობლები პროფესიით ექიმები იყვნენ. მამა - მეან-გინეკოლოგი კამოზე, მეორე სამშობიაროში მუშაობდა, მთავარი ექიმის მოადგილე გახლდათ; დედა ვენეროლოგ-დერმატოლოგი იყო. მათ თეატრი უსაზღვროდ უყვარდათ. ვორონცოვზე დიდი სახლი გვქონდა და ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები. თუკი რაიმე კარგი არსებობს ჩემში, ის ჩემი მშობლებიდან არის, ცუდი კი, საკუთრივ ჩემია... მე ერთი შეუხედავი, სასაცილო და კნაჭა გოგო ვიყავი (ამის თქმაზე ჩემი გაოცებული თვალები რომ დაინახა, გაეღიმა, - მართალს გეუბნებით, არაფერს ვამეტებ, ახლობლები ჩემზე ასე ხუმრობდნენ: მედიკო უშნო და საძაგელ იხვის ჭუჭულს ჰგავდა, რომელიც მოგვიანებით მშვენიერ გედად გადაიქცაო). ჩემი ბავშვობა ფათერაკებით იყო სავსე. სამჯერ დავუძვერი სიკვდილს. ერთხელ 7 წლისას, საჩუქრად პატარა ბატკანი მომიყვანეს. სულ მის ფერებაში ვიყავი. ეტყობა, მისგან გადმომედო ჯილეხი - ციმბირის წყლული.

 

ჩემს გადარჩენაზე ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. მახსოვს, გაგიჟებულმა მამამ ტუჩებზე დაფენილი სველი ტილო როგორ მომგლიჯა და მთელი სახე დამიკოცნა. სასწაული მოხდა... იმ დღიდან სიცხემ დამიკლო და მოვჯობინდი. მეორედ, მორიელმა დამკბინა, მესამედ კი მუცლის ტიფი დამემართა. ეტყობა, ღმერთს არ ვემეტებოდი სიკვდილისთვის და ამჯერადაც "გამოვძვერი". მშობლების ნებიერას ფერადი ბავშვობა მქონდა. ჩვენთან ხშირი სტუმრები იყვნენ სესილია თაყაიშვილი, ირაკლი აბაშიძე, მარინე თბილელი და მისი მეუღლე, კაკო დვალიშვილი, ცნობილი ექიმი ზაზა კახიანი ("ცისფერ მთებში" დირექტორის სახე რომ შექმნა). მშობლებთან დაკავშირებით ერთი ეპიზოდი მახსენდება და გული მწყდება ჩემს საქციელზე. ერთხელ, ახალი წლის ღამეს დიდი წვეულებით შევხვდით. მეორე დღესაც ველოდებოდით სტუმრებს, მე კი გვიანობამდე ძილი მიყვარდა. მამა შემოვიდა ოთახში, ფრთხილად ჩამომიჯდა საწოლზე და თმაზე მომეფერა. განაწყენებულმა შევხედე ცალი თვალით. არ მიყვარდა, როცა ძილს მიფრთხობდნენ. იქვე იდგა დედაც. მან ჩემს შესაღვიძებლად ფარდა გადასწია და ფანჯარა გამოაღო. სასწაული დილა იყო. ლამბაქისოდენა ფანტელები ცვიოდა ციდან, თან მზეც ანათებდა. შუქმა თვალი მომჭრა და ბუზღუნით კედლისკენ გადავბრუნდი. ახლა ვბრაზობ საკუთარ თავზე. იმდილანდელი მზის შუქი და თოვლის სიქათქათე არაფერი იყო ჩემი მშობლების სისპეტაკესა და სიწმინდესთან შედარებით. ხშირად, მშობლებს გულს ვტკენთ და არც ვფიქრდებით ამაზე. სინანული მერე მოდის, როცა ასაკი გვემატება...

 

მეათე კლასში საშემოდგომო გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი გეომეტრიასა და ქიმიაში. სწორედ იმ დროს გვესტუმრა ბატონი კაკო დვალიშვილი, იმდროინდელი კულტურის მინისტრის მოადგილე. მამამ სთხოვა, გამონაკლისის სახით, ატესტატის გარეშე, რეკომენდაცია გაეწია ჩემთვის თეატრალურ ინსტიტუტში. მართლაც, ინსტიტუტის რექტორმა, ილია თავაძემ დამიშვა მისაღებ გამოცდაზე, გამომცდელი მიხეილ თუმანიშვილი იყო და როცა მომისმინა, ხელები საქმიანად მოიფშვნიტა: ეს გოგონა გეომეტრიის გარეშეც მშვენივრად გაძლებსო..."

 

 

ბავშვობის მერე თეატრსა და კინოზეც ვისაუბრეთ:

"ხშირად მეკითხებიან, რომელს ანიჭებთ უპირატესობას, თეატრს თუ კინოსო? დაუფიქრებლად ვპასუხობ: რა თქმა უნდა, თეატრს! მუდმივად ვიხსენებ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ჩემს სპექტაკლებს და როლებს, რომლებიც სულით ხორცამდე შევიყვარე და გავითავისე: ელისაბედ დედოფალი ("დონ კარლოსი"), ნასტია ("წმინდანები ჯოჯოხეთში"), მანანა ("ტაკიმასხარა"), მერი ("მთაწმინდის მთვარე"), მარტა იზაბელა ("ხეები ზეზეულად კვდებიან"), მაკა ("ბუდე მეცხრე სართულზე")... სულ სხვაა თეატრის სცენა, სადაც შენს სახეს გამუდმებით ხვეწ, კინოკამერის წინ კი რთულია თამაში, რადგან რამდენიმე დუბლის შემდეგ რეჟისორი არჩევს მისთვის მისაღებს, მსახიობს კი უკმარისობის გრძნობა რჩება. 35 წელი ვიმუშავე მარჯანიშვილის თეატრში. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში შემცირებაში მოვხვდი. სკანდალები არ მჩვევია, წყენა გულში ჩავიკალი და წამოვედი. ერთხელაც, ერთ-ერთი მსახიობის საღამოზე მივედი და ადმინისტრაციამ უბილეთოდ არ შემიშვა. ბურთი გამეჩხირა ყელში, ცრემლები ძლივს შევიკავე, გამოვტრიალდი, ვიყიდე ბილეთი და ისე შევედი იმ შენობაში, სადაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გავატარე. იმ ბილეთს კი დღემდე ვინახავ, როგორც რელიკვიას..."

 

ვისაუბრეთ სიყვარულზეც... მედეა ბიბილეიშვილის და ექიმ-ლარინგოლოგის, თბილისის კოლორიტ რამაზ ვადაჭკორიას სიყვარულზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. მეუღლის გახსენებისას თვალებში ვარსკვლავები ჩაუსახლდა, - მისგან მუდამ განებივრებული ვიყავიო.

 

"თავიდან ერთი წლის მანძილზე მირეკავდა და იწყებდა ასე: მე გახლავართ ექიმი რამაზ ვადაჭკორია, თქვენი ნიჭისა და სილამაზის თაყვანისმცემელი და მინდა თქვენი გაცნობაო... უარს ვეუბნებოდი, არასერიოზულად მიმაჩნდა ტელეფონით გაცნობა. საოცრად ორიგინალური და რომანტიკოსი იყო. მას შევადარებდი მარად შეყვარებულ მერკუციოსაც და ერთადერთხელ შეყვარებულ რომეოსაც. საჩუქრებიც და სიურპრიზებიც ორიგინალური იცოდა. ერთ-ერთი სპექტაკლის ბოლოს, სცენაზე ამომიტანეს ახალაფეთქებული, კვირტებგაშლილი ულამაზესი ატმის ხე - რა თქმა უნდა, რამაზის საჩუქარი. ყველა აღფრთოვანდა. დიდმა ვერიკომ კი მითხრა: რანაირი საჩუქარი არ მოუძღვნიათ ჩემთვის, ათასნაირი გვირგვინი, კალათი თუ თაიგული, მაგრამ ასეთი არასოდეს მოუფიქრებიათო"...

 

მედეასა და რამაზის ლეგენდად ქცეულ სიყვარულზე უფრო ვრცლად რამდენიმე წლის შემდეგ (2005 წლის ივნისში) ვისაუბრეთ:

 

"24 წლის ვიყავი, როცა მარჯანიშვილის თეატრში დავიწყე მუშაობა. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ მთელი ჩემი ყურადღება როლებსა და სამსახიობო კარიერაზე იყო მიმართული. ერთხელაც ტელეფონზე ვიღაც უცნობმა დამირეკა და თამამად მომახალა: ძალიან მომწონხართ და თქვენი გაცნობა მინდაო... ცივად ვუპასუხე, რომ მე არ მსურდა მისი გაცნობა. დიდი ხნის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება... უკვე ვიცოდი, რომ ეს ჯიუტი და ცოტა თავხედი თაყვანისმცემელი რამაზ ვადაჭკორია იყო, თბილისის კოლორიტი და ცნობილი ექიმ-ლარინგოლოგი. ერთ საღამოს, როცა სპექტაკლი დამთავრდა და რადიოკომიტეტში ინტერვიუს ჩასაწერად გავემზადე, გასასვლელთან შეწუხებული სახით დამიხვდა მეგობრის ქმარი და მითხრა, ჩემი ცოლი შეუძლოდ არის და შენს წასაყვანად გამომაგზავნაო. აღარც გამხსენებია ჩაწერა, შეშფოთებული გავყევი სახლში. იქ კი, სიმპათიური მამაკაცი და გაშლილი სუფრა დამხვდა. ეს კაცი ჩემი თაყვანისმცემელი რამაზი აღმოჩნდა. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი ჩემს მეგობარზე, ამ "შეთქმულებაში" რომ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ისეთი ლამაზი საღამო გამოვიდა, მასპინძელ ოჯახს დიდსულოვნად შევუნდე. იმ საღამოს რამაზმა შინ მიმაცილა და მორჩა, მას შემდეგ აღარც დავშორებულვართ.

 

 

რამაზი დაოჯახებული იყო. მამას კარგა ხანს ვუმალავდი მის არსებობას, რადგან ვიცოდი, არ მაპატიებდა ცოლშვილიანი კაცის სიყვარულს. მართალი გითხრათ, მეც სულ მჯეროდა, რომ სხვისი ოჯახის დანგრევის მიზეზი არასოდეს გავხდებოდი, მაგრამ თურმე არასოდეს უნდა თქვა "არასოდეს". ჩვენ უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი და ერთი დღეც აღარ შეგვეძლო ერთმანეთის გარეშე. ჩვენი სიყვარული აბობოქრებულ ზღვას, მთიდან წამოსულ ზვავს ჰგავდა და მისი დამშვიდება მხოლოდ დაქორწინებას შეეძლო... და ჩვენც დავქორწინდით. შეგვეძინა გოგონა, თამარი. საოცრად თბილი მამა იყო რამაზი, მაგრამ ბევრჯერ გამომტყდომია, - სიგიჟემდე მიყვარს თამუნა, მაგრამ შენ მასზე მეტადო... ვბრაზდებოდი, ამას დედა ხომ არასოდეს იტყვის-მეთქი. რა ვქნა, ვერ მოგატყუებო. ბედისწერასავით იყო რამაზის სიყვარული. 11 წლის მანძილზე სულ ფორიაქა ცხოვრებით ვცხოვრობდი, სულ მეშინოდა, რომ რამე არ მოსვლოდა, სადმე არ გადაჩეხილიყო, ის ხომ საოცრად ბობოქარი პიროვნება იყო. აკი, გამართლდა ჩემი წინათგრძნობაც. ზუგდიდში წავიდა მეგობრის დაკრძალვაზე და იქიდან წამოსული ავარიაში მოყვა, ადგილზევე გარდაიცვალა. შოკი იყო ჩემთვის მისი სიკვდილი. ნათესავი მოვიდა და შემაპარა, - რამაზი ავარიაში დაზიანდა და თავი აქვს გატეხილი, მცხეთის საავადმყოფოშიაო... მაშინვე გავეშურე. რამაზის მეგობრები სახეს მარიდებდნენ, მამაჩემის ბევრი მეგობარიც იქ იყო. ერთ-ერთმა სამძიმარი რომ მითხრა, გული გამიჩერდა... მერე უკვე აღარაფერი მახსოვს. მართალია, ჩვენ ერთად 11 წელი ვიყავით, მაგრამ ის პერიოდი მთელ ცხოვრებას გადაწონის. რამაზს ჰქონდა საოცარი იუმორის გრძნობა, სიყვარულიც დიდი იცოდა და სიურპრიზებიც რომანტიკული ახასიათებდა. ჩემმა თეატრმა ძალიან შეიყვარა და დასის მეგობრად ითვლებოდა. ეჭვიანი იყო, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მე მისი ერთგული ვიყავი და კონფლიქტამდე არასოდეს მივდიოდით. ხშირად გადაღებებსა და გასტროლებზეც დამყვებოდა. ფილმ "ჩემი ქალაქის ვარსკვლავის" გადაღებებზე კარლო საკანდელიძე ცდილობდა თავი მოეწონებინა ჩემთვის, მაგრამ როგორც კი რამაზი გამოჩნდა, უკან დაიხია. ერთ-ერთი მსახიობისთვის უთქვამს, - მედიკო მე კი არა, არავის ზედ არ შეხედავს, იმისთანა კაცს უყვარსო...

 

ერთხელ, მოსკოვში მივდიოდით გასტროლებზე, მატარებლით უნდა გვემგზავრა. რამაზმა ვერ მოახერხა ჩვენთან ერთად წამოსვლა. უზარმაზარი კალათი აავსო ნაირ-ნაირი ხილით და მთელი დასი ორი დღე გემრიელად შევექცეოდით. მოსკოვის რკინიგზის სადგურზე რომ შევედით, იასამნის ხე დავინახე. უზომოდ მიყვარს იასამანი და ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ამ ბაქანზე რამ ამოიყვანა-მეთქი. როცა ყველანი გამოვიშალეთ, იასამნის ხის უკან ამოფარებული ჩია ტანის "პესო" დავინახე. ის რამაზის ხელოსანი და მისი მარჯვენა ხელი იყო. "პესო" რამაზმა დაარქვა. მას რამაზის თეთრი კოსტიუმი ეცვა, პიჯაკის გრძელი სახელოები ხელის მტევნებს უფარავდა, ეკეთა შავი სათვალე და ეხურა ფეტრის თეთრი შლაპა. თურმე, რამაზს გამოუწყვია ასე, თბილისშივე უყიდია იასამნის ხე, გამოფრენის წინ გვარიანად დაუთვრია, რადგან ფრენის სიკვდილივით ეშინოდა და იმ დღეს გამოამგზავრა, როცა ჩვენი მატარებელი მოსკოვში ჩავიდა. "პესოს" შემხედვარეს ძნელი იყო, არ გაგცინებოდა და ჩვენი დასის ხარხარი მთელ სადგურზე ისმოდა. დავბინავდით სასტუმრო "როსიაში" და ვახშამზე "პესოც" დავპატიჟე. ძლივს მოვხადე შლაპა, შავი სათვალე კი არ მოიხსნა, - ბატონმა რამაზმა მითხრა, სულ გეკეთოსო. მთელი რესტორანი ჩვენ შემოგვყურებდა. "პესო" მხრებამდეც ვერ მწვდებოდა და ალბათ, უკვირდათ, ასეთი "კავალერი" რომ მახლდა. ორ უცხოელს, რომელმაც ცეკვაზე გამიწვია, უარი ვუთხარი, ჩემი თანმხლები მამაკაცი კავკასიელია და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თქვენთან თუ ვიცეკვებ-მეთქი, სამაგიეროდ "პესოს" ვეცეკვე. მთელი დარბაზი გაფართოებული თვალებით მოგვჩერებოდა, "პესო" კი უბედნიერესი იყო. რამაზს დაწვრილებით ვუამბე ტელეფონით ეს ამბავი და ბევრი იცინა. იგი ქალთა საზოგადოებაშიც დიდად პოპულარული გახლდათ, მაგრამ არ ვეჭვიანობდი, რადგან ვიცოდი, მხოლოდ მე ვუყვარდი.

 

მეგობრები დღემდე იხსენებენ მის ოინებს და კურიოზებს. ერთხელ, თურმე საბურთალოს ბაზართან ჩაუვლია, მეგობარიც ახლდა. ნაბახუსევს პროდუქტი უყიდია და უკვე გამოსვლას აპირებდა, იქვე მდგარ თათრებს "ხალტურაზე" მოსიარულე ჰგონებიათ და უთხოვიათ, რკინიგზის სადგურზე გაგვიყვანეო. რამაზმაც ჩაისვა, მაგრამ რკინიგზის სადგურის ნაცვლად, მუშთაიდის ბაღში მიიყვანა, დასვა "კუკუშკა" მატარებელზე, ფულიც არ გამოართვა. თათრები მადლობად დაღვრილან, დასხდნენ "კუკუშკაზე" და ყურებამდე გაღიმებულები კარგა ხანს ხელს უქნევდნენ. თავყრილობაზე რამაზის მეგობარი სულ იხსენებდა ამ ეპიზოდს და გვაცინებდა, 10 წუთში "კუკუშკა" რომ ისევ იმ ადგილას დაბრუნდებოდა, საიდანაც გავიდა, წარმოიდგინეთ, რა სახეები ექნებოდათო. შეუღლების მერე მე და რამაზი ჩემს მშობლებთან ვცხოვრობდით. ერთხელ საკმაოდ გვიან დაბრუნდა და ქვემოდან დაიწყო ძახილი. უკვე ვიწექი და მამა გავიდა აივანზე. უთხრა, მედეას სძინავს, შენც ამოდი და მოისვენეო. რამაზი დიდ პატივს სცემდა მამას, იმ ღამეს ნასვამი იყო და შეჰბედა სიმამრს: ბატონო დავით, მედეა ცოლად იმიტომ მოვიყვანე, რომ თქვენ უშლიდით შინ დაგვიანებას, ახლა ცოლია ჩემი და მინდა ამ ლამაზ ღამეს მასთან ერთად ვისეირნოო. რაღა უნდა ეთქვა მამას? გამაღვიძა. ბუზღუნით ავდექი და ჩავედი დაბლა. მართლაც ულამაზესი ღამე იყო, თოვდა... რამაზი გალაკტიონის ლექსებს მიკითხავდა... მთელი ღამე თეთრად დაბურულ თბილისის ქუჩებში ვსეირნობდით. ბოლო წლებში საგურამოში სახლი ააშენა. აუზიც გვქონდა იქ, საუნაც, საბილიარდოც... ორი დიდი ტალავერი გააკეთა, სადაც უზარმაზარი სუფრები იშლებოდა. ეზოს ბოლოში კი, ნამდვილი სოფელი გააშენა, გურული ნალიით, ფაცხით, ჭით, თონით. მეგობრები ეხუმრებოდნენ, უუუფ, მედიკო რა დედასპურებს დაგიცხობსო! გაიგო, რომ არსებობდა ვარდის იშვიათი ჯიში "მედეა". კისლოვოდსკიდან ჩამოატანინა და განცალკავებით დარგო. ულამაზესი ვარდი იყო, ფორთოხლისფერი დაჰკრავდა. ვუსაყვედურე, ჩემი სახელობის ვარდი ასე მოშორებით რატომ დარგე-მეთქი? ასე მიპასუხა: იმიტომ, რომ შენსავით გამორჩეულიაო. სულ ქათინაურებით მანებივრებდა, ხშირად მეუბნებოდა, ჯოკონდასეული იდუმალი ღიმილი გაქვსო. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ სტუმრები ჩემი ალბომის დათვალიერებისას უკითხავად იღებდნენ ჩემს ფოტოებს და მიჰქონდათ. ერთხელაც, ძალიან აღშფოთებულმა ვუთხარი რამაზს, ისევ მოიპარეს ჩემი ფოტო-მეთქი. გაეღიმა და მაიაკოვსკის სიტყვებით მითხრა: "შენ ხომ ჯოკონდა ხარ, რომელიც უნდა მოიპარონ"...

 

მეუღლის სიკვდილის მერე დიდხანს მქონდა სიცარიელე და ტკივილი. ძალიან ახალგაზრდა, 40 წლის რამაზ ვადაჭკორია დავკარგე, კარგა ხნის მერე მშობლებიც გამომეცალნენ, მერე თეატრიდან გამომიშვეს და მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერ ქალად ვთვლი თავს, რადგან ღმერთმა ჯილდოდ მარგუნა ასეთი მშობლების შვილობა და ისეთი სიყვარული, როგორიც მე და რამაზს გვქონდა".

 

პ.ს. მედეა ინტერვიუს ჩაწერიდან სამი წლის მერე, 2008 წელს შეუერთდა მარადისობას. წავიდა იმ ქვეყნად, სადაც ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები ეგულებოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი