logo_geo
რატომაა გასაღების ძირს დავარდნა განგაშის სიგნალი და როგორ შეიძლება, თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი უსიამოვნება
- +

16 მარტი. 2021. 02:59

 

 

რა შეიძლება მოჰყვეს გასაღების ძირს დავარდნას, ამ ინტერვიუდან შეიტყობთ - ძირითადად, ეს უსიამოვნების მანიშნებელია, ოღონდ, როდის და რა სახით, ამას გასაღების დანიშნულება და ის ადგილი განსაზღვრავს, სადაც დაგივარდებათ. თუმცა პანიკა საჭირო არ არის, ეს მხოლოდ გაფრთხილებაა და თუ გაითვალისწინებთ, შეგიძლიათ, უსიამოვნება აღკვეთოთ კიდეც. ამ ყველაფრის შესახებ გვიამბობს ეზოთერიკოსი, ქალბატონი ქეთევან პ.

 

- გასაღების ძირს დავარდნა, როგორც წესი, ცუდ ასოციაციებს აღძრავს: ტყუილად ხომ არ არის სამოთხე ზევით და ჯოჯოხეთი - ქვევით. აღმავალი მოქმედება გულისხმობს მაღალ ღირებულებებს, განვითარებასა და ზრდას; დაღმავალი კი - რეგენერაციასა და კრახს. ამიტომ, ძირს დავარდნილი გასაღები უნებლიეთ, განგაშს იწვევს და გაიძულებს, რაღაც ნეგატიურის მოლოდინში იყო. თუმცა, რა გელით, ამას გასაღების დანიშნულება და ის ადგილი განსაზღვრავს, სადაც გასაღები დაგივარდებათ, ოღონდ, თუ ამას შეამჩნევთ, აიღებთ და არ დაგეკარგებათ.

 

- გასაღები ბევრჯერ გამვარდნია ხელიდან და რას უნდა ველოდო?

 

- არცთუ იშვიათად, ეს ქვეცნობიერის კარნახია იმ მოვლენის შესახებ, რაც უნდა მოხდეს და არა აქვს მნიშვნელობა, ქალს შეემთხვევა ეს თუ მამაკაცს. ქვეცნობიერი გრძნობს ნეგატიურ ენერგეტიკას და სხეულს მხედველობით სტიმულზე აიძულებს რეაგირებას - ამ შემთხვევაში გასაღების საშუალებით. წამიერად შეყოვნებული ხელი გასაღებს ძირს აგდება (ხშირად - წკრიალის თანხლებით), რათა პატრონის ყურადღება მიიქციოს. თუ საკუთარი გასაღები დაგივარდათ - უსიამოვნება მხოლოდ თქვენ გეხებათ, თუ სხვისი - ორივეს (თქვენც და გასაღების პატრონსაც). უმჯობესია, ერთად არაფერი მოიმოქმედოთ, მაგრამ თუ საქმე უკვე პროცესშია - სიფრთხილე გამოიჩინეთ, მეგობართან კავშირს კი ნუ გაწყვეტთ, მხოლოდ ლაგამი ამოსდეთ. თუ თქვენი თანდასწრებით გასაღები სხვას დაუვარდა - მოსალოდნელია ჩხუბი ან ახლობლებთან ურთიერთობის გარკვევა. თუ ის სხვა თქვენი ნაცნობია - მასთან მეგობრობას შეიძლება ბზარი გაუჩნდეს, თუმცა არ არის გამორიცხული, ნამდვილი მიზეზი ამისა, არცერთი მხრიდან არ მოდიოდეს და გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი. თუ ბოქლომის გასაღები დაგივარდათ - გაფრთხილდით, ინსტრუმენტები ან ნივთები არ მოგპარონ; საშიშროებაა ასევე, ხანძრის, მოსავალზე ჯადოს გაკეთების ან მავნეთა მიერ თავდასხმისა ქალაქად.

 

- რას ცვლის გასაღების დანიშნულება?

 

- მინიშნებათა ახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დანიშნულებისაა ძირს დავარდნილი გასაღები. მაგალითად, თუ ოთახის გასაღები დაგივარდათ - დანაკარგი ან ოჯახური არეულობაა მოსალოდნელი: შეიძლება სახლში ტექნიკა გატყდეს და მის რემონტზე ხარჯის გაწევა, ან ახალი მოწყობილობის ყიდვა მოგიწიოთ. ზოგჯერ ეს გაფრთხილებაა მოსალოდნელი ქურდობის, თაღლითობისა თუ სხვა ისეთი უსიამოვნების შესახებ, ოჯახის კეთილდღეობას რომ აზიანებს; ან კი - ოჯახის წევრებთან იჩხუბებთ. მანქანის გასაღების დავარდნისას საჭესთან სიფრთხილე გმართებთ. თუ მაინცდამაინც არ გეჩქარებათ - გადადეთ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრეთ. მთლიანობაში კი, გადახედეთ ტარების თქვენეულ მანერას და ზედმიწევნით ყურადღებით იყავით გზაზე. თუ გასაღები გასვლამდე დაგივარდათ და დაზიანდა - გამგზავრება გადადეთ. სარდაფის გასაღების დავარდნისას დაათვალიერეთ მარაგი: შეიძლება სარდაფში თაგვი შეიპარა ან კონსერვირებულმა ქილებმა „იფეთქეს“. საქაღალდე სეკრეტერის გასაღები - ანგარიშებში შეცდომაზე, საბუთების ან ფინანსურ დანაკარგზე მიანიშნებს; ძვირფასეულობათა ზარდახშის გასაღები კი - საყვარელ ადამიანთან დაშორებას გიწინასწარმეტყველებთ.

 

- რა მნიშვნელობა აქვს გასაღების დავარდნის ადგილს?

 

- თუ გასაღები ოთახის შესასვლელთან დაგივარდათ - უსიამოვნება გელით სახლში, მაგრამ თუ გამოსვლისას - იქ, სადაც მიდიხართ. მაგიდიდან იატაკზე დავარდნილი გასაღები - ჩხუბია მეუღლესთან, ნათესავებთან ან ბავშვებთან. თუ შემთხვევით სხვის გასაღებს გადააწყდით - მის მფლობელთან გელოდებათ კონფლიქტი. ზედ ოფისის კართან გასაღების დავარდნა - უსიამოვნებაა სამსახურში: ხელფასს დაგიკავებენ ან ხელმძღვანელობისგან საყვედურს მიიღებთ; ბანკის წინ - ფინანსური დანაკარგი, გაუთვალისწინებელი ხარჯი ან შემოსავლების შემცირებაა; ავტოსადგომთან - მანქანას რაღაც გაუფუჭდება და აუცილებლად შეამოწმეთ; გზაჯვარედინზე - ნეგატიური მაგიური გავლენაა: გათვალვა, წყევლა, ჯადო; ბაზარში ან მარკეტში - თქვენ ზურგსუკან ჭორები, ცილისწამება და ინტრიგები იბმება; ბიბლიოთეკაში - მეხსიერების გაუარესებას ან კონცენტრირების შეზღუდვას მოასწავებს; პოლიკლინიკის ან ექიმის კაბინეტის წინ - უნდა გადახედოთ ცხოვრების წესს, ან თუ თავს უქეიფოდ გრძნობთ, ჩაიტარეთ გამოკვლევა; სკოლის, ბაღისა თუ სხვა საბავშვო დაწესებულების მიმდებარედ - მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვებისადმი, თორემ უსიამოვნო სიურპრიზი გელით; ახალდაქორწინებულთა სალონთან - საყვარელ ადამიანთან დაშორება, ღალატი, ქორწილის ჩაშლაა მოსალოდნელი.

 

- როგორ გავანეიტრალოთ ნეგატივი?

 

- უძველესი ხალხური ხერხებით: დავარდა გასაღები? - აიღეთ და სამჯერ დააკაკუნეთ იმით იატაკზე ან მაგიდაზე. თუ ამოიცანით, რომელი ნეგატიური მინიშნებაც მოგცათ გასაღებმა - პანიკაში არ ჩავარდეთ, სიმშვიდე და საღი აზრი შეინარჩუნეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, უსიამოვნება თავიდან აიცილოთ, ან მინიმუმამდე დაიყვანოთ მისი შედეგი. დაფიქრდით, რით შეიძლება „წამოიკიდოთ“ მინიშნებული პრობლემა: ზედმეტი უდარდელობით, ახლობლებისადმი უყურადღებობით, სისულელით, მცდარი მოქმედებით?.. მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ ყველაფერს გამოასწორებთ და ამისთვის კონკრეტული გეგმაც დასახეთ. ზოგჯერ ფსიქოლოგიური განწყობაც საკმარისია, რომ უსიამოვნებამ გვერდი აგიაროთ. თუმცა არც მაშინ მოდუნდეთ, თუ განგაში ფუჭი აღმოჩნდა. აუცილებლად შეასრულეთ ჩანაფიქრი, თორემ გასაღებები კიდევ დაგივარდებათ.

 

ნანა წერეთელი

წყარო : wyaro
big_banner
არქივი