logo_geo
გადადის თუ არა COVID-19 დაბინძურებულ ზედაპირთან შეხების შედეგად?
- +

21 აპრილი. 2021. 10:50

 

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს QMRA-ს შედეგები, რომელშიც დაბინძურებული ზედაპირებიდან SARS-CoV-2-ის გადაცემის მიკრობული რისკის რაოდენობრივი შეფასებაა მოცემული. აღმოჩნდა, რომ ასეთი რისკი არსებობს, თუმცა რეალურ და არა ლაბორატორიულ პირობებში, ის ძალიან დაბალია.

 

ეპიდემიის დასაწყისში ჯანმო მოსახლეობას ურჩევდა, ზედაპირები რაც შეიძლება ხშირად გაწმენდილიყო. ამის მიზეზად ინფექციის რისკის შემცირება სახელდებოდა ეპიდემიის პირველ კვირებსა და თვეებში, მეცნიერებმა და ექიმებმა ივარაუდეს, რომ SARS-CoV-2, ისევე როგორც სხვა რესპირატორული ინფექციები, ძირითადად ორი გზით ვრცელდებოდა:

 

 

  1. ადამიანებს შორის კონტაქტის დროს ჰაერ-წვეთოვანი გზით. როდესაც ინფიცირებული პაციენტი აცემინებს ან ახველებს, დავირუსებული მცირე წვეთები ჰაერში ხვდება. სხვა ადამიანი ინფიცირდება, როდესაც ამ ნაწილაკებს შეისუნთქავს.

 

 

  1. პირდაპირი კონტაქტი. ადამიანი ინფიცირდება, როდესაც ის დაავადებულ პირს ან ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირს ეხება. ნებისმიერ ზედაპირს, რომელზეც ინფექციური აგენტის შემცველი ნაწილაკები ხვდება, „ფომიტი“ ეწოდება. ეს შეიძლება იყოს ტუალეტის კარის სახელური, მეტროს მოაჯირი ან საოფისე მაგიდის ზედაპირი.

 

 

2020 წლის მარტის დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეადგინა ტექნიკური შენიშვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საყოფაცხოვრებო ნივთებზე მოხვედრილი ახალი კორონავირუსი ორი საათიდან ცხრა დღემდე ცოცხლობს. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზაციის წარმომადგენლები ურჩევდნენ საოფისე სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, რომ ხელები რეგულარულად დაებანათ და  სამუშაო ზედაპირები ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებებით რეგულარულად გაეწმინდათ.

 

უკვე აპრილში, „The New England Journal of Medicine“-ში გამოქვეყნდა სენსაციური სტატია, რომლის ავტორებმა გამოიანგარიშეს, რამდენ ხანს შეიძლება SARS-CoV-2 ნაწილაკებმა სხვადასხვა საგნის ზედაპირზე „იცოცხლონ“. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სპილენძის საგნებზე (მაგალითად, კალმებსა და მონეტებზე) ინფიცირების უნარს ვირუსი ოთხი საათის განმავლობაში ინარჩუნებს, ხოლო უჟანგავი ფოლადის ზედაპირებზე (მაგალითად, მეტროს მოაჯირები) - დაახლოებით 48 საათი.

 

CDC-მ რეალურ ცხოვრებაში ზედაპირიდან ინფიცირების რისკი შეაფასა. აღმოჩნდა, რომ ამას ხელს უშლის რამდენიმე ფაქტორი

 

2020 წელს მკვლევრებმა „ფომიტების“ საშუალებით (1 , 2 , 3) SARS-CoV-2-ის გადაცემის რამდენიმე შემთხვევის დარეგისტრირება შეძლეს და დაადასტურეს, რომ ხელების დაბანა ინფიცირების ალბათობას, ფაქტობრივად, ამცირებდა. თუმცა აქ არ იყო ნათლად მითითებული, ეპიდემიის საერთო სტრუქტურის ჩამოყალიბებაში საგნების ზედაპირებიდან ვირუსის გადაცემა რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. სწორედ ამის გასარკვევად, CDC-ს თანამშრომლებმა „ფომიტების“ მეშვეობით SARS-CoV-2-ის გავრცელების მიკრობული რისკის რაოდენობრივი კვლევა (QMRA) ჩაატარეს.

 

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ნამდვილად შესაძლებელია დაინფიცირება იმ ზედაპირთან შეხებით, რომელზეც ვირუსული ნაწილაკები დაეცა. თუმცა ავადობაზე გავლენას ახდენს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში გათვალისწინებული არ ყოფილა:

 

ფაქტორი # 1: ზედაპირის სტრუქტურა, რომელზეც ვირუსული ნაწილაკები ხვდება. ფოროვან ზედაპირებზე SARS-CoV-2-ის სიცოცხლისუნარიანი ნაწილაკების დაფიქსირება რამდენიმე წუთის, მაქსიმუმ რამდენიმე საათის შემდეგ შეუძლებელია. სავარაუდოდ, ვირუსი ასე სწრაფად ორი მიზეზის გამო ინაქტივირდება. პირველ რიგში, კაპილარული წნევის ზემოქმედებით, ფოროვანი ზედაპირი აეროზოლის წვეთებს სწრაფად შთანთქავს. მეორე მხრივ, ეს წვეთები ფოროვანი ზედაპირებიდან უფრო სწრაფად ორთქლდება, ვიდრე - გლუვიდან. ამ უკანასკნელზე (მაგალითად, ლითონი, პლასტიკი ან მინა), სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფმა სიცოცხლისუნარიანი ვირუსი სხვადასხვა დროს გამოავლინა. ზოგიერთ ექსპერიმენტში ეს ნაწილაკები რამდენიმე დღის განმავლობაში იყო სიცოცხლისუნარიანი, ზოგან კი - რამდენიმე კვირა. როდესაც მკვლევრებმა შეისწავლეს ბინის ან სახლის ტიპურ პირობებში არსებული გლუვი ზედაპირები, აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსის ნაწილაკები სამ დღეში (72 საათში) ინაქტივირდნენ.

 

ფაქტორი #2: გარემო პირობები. ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ამ 72 საათის განმავლობაში გლუვ „ფომიტებთან“ კონტაქტის შემდეგ ჯანმრთელი ადამიანისთვის დაინფიცირება ძალიან ადვილია. ექსპერიმენტისგან განსხვავებით, სინამდვილეში, ვირუსის "სიცოცხლისუნარიანობაზე" რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ზემოქმედებს. ეს არის: ვენტილაცია (ჰაერის ნაკადს ზედაპირიდან ამ ნაწილაკების მოშორება შეუძლია) და ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელსაც ვირუსული ნაწილაკების განადგურების უნარი აქვს.

 

 

ამის მიუხედავად, მაინც ფრთხილად უნდა იყოთ. თუმცა სამუშაო მაგიდის დღეში რამდენჯერმე დეზინფექცია საჭირო ნამდვილად არ არის

 

აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი, რეალურ და არა ლაბორატორიულ პირობებში, ზედაპირთან კონტაქტის შედეგად იშვიათად გადადის. ეს არაერთი კვლევით დადასტურდა. თუ ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, დაბინძურებული ზედაპირიდან ინფიცირების მაჩვენებელი 10 ათას შემთხვევაზე ერთია.

 

მიუხედავად ზემოთ ხსენებული დასკვნებისა, იმაზე არავინ დავობს, რომ პირბადის ტარება, ხელების ხშირი და სწორი დაბანა და დისტანციის დაცვა აუცილებელია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი