logo_geo
27 აპრილს სუპერ სავსე მთვარეა- რა უნდა გავითვალისწინოთ, ასტროლოგის განმარტება
- +

25 აპრილი. 2021. 19:25

 

 

27 აპრილს სავსე მთვარე მორიელში, მზე კი კუროშია. ეს მდგომარეობა ყველა ნიშანზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. ამის შესახებ ასტროლოგი, დავით ნიბლაძე წერს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

 

“27 აპრილს სუპერ სავსე მთვარეა (პიკი – 07:31სთ).

 

ეს სავსე მთვარე თავისი უხვი და საინტერესო ასპექტებითაა გამორჩეული, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე თავისებურ გავლენას მოახდენს.

 

სავსე მთვარის დროს მთვარე მორიელშია, მზე კი კუროში, სადაც ასევე ურანი, მერკური, ვენერა და ლილიტი იმყოფება. როგორ გავლენას მოახდენს პლანეტარული კომბინაცია ჩვენზე და რისი გათვალისწინება გამოგვადგება?

 

კურო-მორიელის ოპოზიციის დროს მნიშვნელოვანი ხდება განსხვავებები მიწიერ, პრაქტიკულ, მშვიდობისმოყვარე კუროსა და ემოციურ, ცვლილებების მიმართ ღია, მისტიკურ მორიელს შორის. ემოციური კომფორტისა და სისავსისთვის კუროს სჭირდება მარტივი, ხელშესახები გადაწყვეტილებები და სტაბილურობა, მაშინ როდესაც მორიელი მუდმივად ემოციური ჭეშმარიტების ძიებაშია და ყველა საკითხს კომპლექსურად უდგება. კურო ცდილობს შეინარჩუნოს, მორიელი კი მზადაა შეცვალოს და მოიშოროს.

 

მორიელი ერთ-ერთი ყველაზე ინტუიციური ნიშანია, რომელსაც საკითხის არსში ჩასაწვდომად არ ეზარება სიღრმეებში ძრომიალი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ანალიზი. სავსე მთვარე მორიელში გვაძლევს შანსს, ჩავუღრმავდეთ საკუთარ შიშებს, კომპლექსებსა და არასრულფასოვნების შეგრძნებას. არ დაგვავიწყდეს, რომ მორიელის მმართველი პლანეტა ქვესკნელის ღმერთად წოდებული პლუტონია (), რომელიც ასტროლოგიაში ტრანსფორმაციასა და ქვეცნობიერის უმაღლეს ძალას უკავშირდება. ის მართავს ყველაფერს, რაც ზედაპირის მიღმა, სიღრმეშია დამალული. სავსე მთვარე ამ ნიშანში კი მშვენიერ შესაძლებლობას გვაძლევს, სინათლეზე გამოვიტანოთ ჩვენი ნეგატივი, გავაცნობიეროთ და ვაღიაროთ პრობლემები, შემდეგ კი მათ მოშორებაზე ვიმუშაოთ. მორიელი სწორედ ის ნიშანია, რომელიც არ უშინდება სიღრმეებსა და ყველაზე მტკივნეულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას.

 

დავივიწყოთ ძველი შეცდომები და მაქსიმალურად შევიყვაროთ საკუთარი თავი. გავთავისუფლდეთ ძველი წყენებისაგან და თვითგვემისგან. თუ საკუთარი თავის მიმართ ზედმეტი კრიტიკულობით გამოირჩევით, მთლიანად ნეგატიური დამოკიდებულების ნაცვლად, ეცადეთ, კონკრეტულ მხარეებზე კონცენტრირდეთ. მაგალითად თუ ზედმეტი წონა გაკომპლექსებთ, დაიწყეთ დიეტა და ვარჯიში, გააკეთეთ რამე მის შესაცვლელად. მაგრამ თუ მისი გამოსწორება შეუძლებელია, შეეგუეთ მდგომარეობას და შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს წარმატებასა და ბედნიერებას. გადავერთოთ პოზიტიურ სიხშირეზე.

 

მორიელის მმართველი პლანეტა თხის რქაში სატურნის ნიშანში სავსე მთვარიდან რამდენიმე საათში უკუსვლით (რეტროგრადულ) რეჟიმზე გადავა. ამავე დროს, მზესა და მთვარეს კვადრატული ასპექტი აკავშირებს სატურნთან () მერწყულში (მივიღეთ ე.წ. ტაუ-კვადრატი ფიქსირებულ ნიშნებში). პლუტონი უკავშირდება ძალაუფლებას, სატურნი კი კონტროლს. მაშინ, როდესაც მორიელის სავსე მთვარე პლუტონის ენერგიას უფრო ძლიერს ხდის, იდეალური დროა იმაზე დასაფიქრებლად, ვინ არის მმართველი ჩვენს ცხოვრებაში, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რამდენად დამოუკიდებელი ვართ არჩევანში და ვის ვაძლევთ ჩვენს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას. პლუტონი არის ტრანსფორმაციის ძალა, სატურნი კი თავისი კონკრეტიზაციისა და პროცესების შეყოვნების უნარით გამოირჩევა. ეცადეთ, კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრირდეთ და ცვლილებები მშვიდად დაგეგმოთ. საკუთარ თავში ჩაღრმავება და თვითანალიზი ორმაგად საჭირო და აუცილებელია ახლა სწორედ პლუტონის რეტროგრადულობის გამო. დაუბრუნდით ძველ, დაუსრულებელ საკითხებს, როგორც მატერიალურს, ისე ფსიქოლოგიურს და მოიშორეთ ყველაფერი, რაც ზედმეტია. მოახდინეთ საკუთარი თავის “კორექცია”. გამოვიყენოთ ეს ენერგია წერტილების დასასმელად, ნეგატივისგან გასათავისუფლებლად და ცხოვრების ასე თუ ისე, ახლიდან დასაწყებად. ამ სიახლეებს კი ორმაგად ასტიმულირებს მზის შეერთება ურანთან კუროში. ერთი მხრივ, ურანმა შესაძლოა ნერვოზულობა, მოუთმენლობა და მოულოდნელობები შექმნას, მაგრამ ჯობია, ასეთ დროს ისევ და ისევ, ჩავუღრმავდეთ ჩვენს რეაქციებს, გავაანალიზოთ მიზეზები და პრობლემების არსებობის შემთხვევაში, მივაგნოთ საწყის წერტილებს. მგრძნობიარობასა და ემოციურ რექციებს აპროვოცირებს მორიელის მეორე, ტრადიციული მმართველი მარსიც, რომელიც სავსე მთვარის დროს უკვე კირჩხიბშია. ვაკონტროლოთ პასიური აგრესია, ვისაუბროთ, გამოვხატოთ ჩვენი აზრები და ემოციები.

 

რომ შევაჯამოთ მთლიანი კომბინაცია, ეს არის დრო, როდესაც უნდა ჩავიხედოთ საკუთარ თავში, გავაცნობიეროთ ჩვენი მდგომარეობა, მივიღოთ, ვაღიაროთ, მოსაშორებელი მოვიშოროთ, დასამთავრებელი დავასრულოთ და ამის შემდეგ, შემოვიტანოთ სიახლეები. იდეალური დროა ნებისმიერი თერაპიული თუ თვითანალიზის სხვა ფორმისთვის, მათ შორის ფსიქოთერაპია, ჰიპნოზი, ასტროლოგიური კონსულტაცია. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და ანალიზის პროცესში.

 

უშუალოდ 26-27 აპრილს მოჭარბებული ენერგიის გამო, მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღებას და მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის მართვისას. 27 აპრილიდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში იდეალური დროა დიეტისთვის (თუ პასკების მაცდუნებელ არომატს გავუმკლავდებით), ზედმეტი ნივთებისა და აკვიატებული აზრების მოსაშორებლად. კარგია ასევე მავნე ჩვევების მოშორებაზე მუშაობაც.

 

სავსე მთვარე კურო-მორიელის 7°06 გრადუსზეა. ზემოთ აღწერილი ტენდენციები ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება, თუმცა თუ თქვენს რუკაში მზე, მთვარე, პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები (ASC, DSC, IC, MC, კვანძები) ფიქსირებული ნიშნების (კურო, მორიელი, ლომი, მერწყული) 2-13 გრადუსებს შორის აღინიშნება, სხვებთან შედარებით მეტად იგრძნობთ სავსე მთვარის გავლენას. მნიშვნელოვანია ასევე, რომელ ასტროლოგიურ სახლებში მოხვდება სავსე მთვარე და ზემოთხსენებული ტაუ-კვადრატი (ფიქსირებული ნიშნების). სწორედ იმ სახლის შესაბამისი თემები და საკითხები გააქტიურდება თქვენს ცხოვრებაში.”-წერს ასტროლოგი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი