logo_geo
„წაჩხურობა“ - დღესასწაული, როდესაც უშვილო წყვილები უფალს ბავშვს ავედრებენ
- +

6 მაისი. 2021. 12:04

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება.

ამ დღეს ტაძარში მოსალოცად უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, ასევე თხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანები მოდიან. მათ თან ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს.

„წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება. მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან.

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზე მდებარეობს.

სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს.

ტაძარი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი