logo_geo
როგორები არიან მორიელები - მათი უდიდესი ნიჭი და ნაკლი, რომელზეც უნდათ, რომ არავინ იცოდეს
- +

14 მაისი. 2021. 18:37

 

 

 

მორიელების საფირმო ნიშანი სიმძაფრეა. განთქმულნი არიან იმით, რომ ყველაფერში თავით ფეხებამდე გადაშვება ჩვევიათ. ენერგეტიკულ მარაგს ცუდად ყოფნის დროს ივსებთ. როცა გიჭირთ, გაათმაგებულ ძალებს გრძნობთ.

 

მუდმივი ცვლილებები, გარდაქმნები, ქმედებები გჭირდებათ. მშვიდობიანი ცხოვრების პირობებში საკუთარი თავის ჭამას იწყებთ, პრობლემების გამოგონებას. როდესაც არაფერი ხდება – ცუდად ხართ. იმდენი ენერგია გაქვთ, თუკი არ აშენებთ ნგრევას იწყებთ.

 

არ შეგიძლიათ გულგრილობა. გამუდმებით განცდებში ხართ, დაძაბული ხართ, იტანჯებით, შიგნით ყველაფერი დუღს ხოლმე, თუმცა გარედან არაფერს იმჩნევთ. ვერ იტანთ, როდესაც ვინმეს გადარებენ. გძულთ სისუსტეები სხვებშიც და საკუთარ თავშიც, ამიტომ მთელი არსებით ებრძვით. გამუდმებით გამოცდებს აწყობთ, აბარებთ, ძლიერდებით.

 

ან ყველაფერი, ან არაფერი – აი, თქვენი დევიზი. თუმცა რამის კეთებაზე რომ დაგიყოლიონ, ეს არც ისე ადვილია. მეტიც, უკეთესია, თუ არც შეეცდებიან, რადგან მზით მორიელებს ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვთ.

 

საშინლად ჯიუტი ხართ, ვერ იტანთ სხვის ჭკუაზე სიარულს და ხანდახან სხვისი ჯინით აკეთებთ ისეთ რამეებსაც კი, რის გაკეთება-არ გაკეთებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, უბრალოდ იმიტომ, რომ გაბედეს და თავიანთი აზრის თქვენთვის თავზე მოხვევა გადაწყვიტეს.

 

უმთავრესი მოტივაცია პრესტიჟი (ლომებივით) და ავტორიტეტი (თხის რქასავით) სულაც არ არის – მათ ძალაუფლება სურთ. ფულიც კი, რომლისკენაც ასე ისწრაფვით, თქვენთვის ძალაუფლების წყაროა. თქვენ აღიარება არ გჭირდებათ, უნდა გრძნობდეთ, რომ სიტუაციას თავად აკონტროლებთ, თუნდაც კულისებიდან.

 

ხშირად იკბინებით, თუმცა იშვიათად მიზეზის გარეშე. თუკი კუდზე ფეხს არ დაგაბიჯებენ, თქვენი ცხოვრებით ცხოვრობთ. შეგიძლიათ შეაღწიოთ ადამიანის სულის ყველაზე ბნელ მხარეებში, მიხვდეთ მათ ქვეცნობიერ მოტივებს. ბრწყინვალე ინტუიცია გაქვთ, რაც ხშირად ეჭვიანობად აღიქმება.

 

საშინელი ნებისყოფის მქონე ინდივიდი ხართ. იცით რა გსურთ, თუმცა ვერძივით მაშინვე ასაღებად არ გარბიხართ, ბუნებით სტრატეგი სიტუაციას არჩევთ და საჭირო დროს საჭირო ადგილზე ჩნდებით. აი, ასე, უბრალოდ, თითქოსდა ნერვის აუტოკებლად, მოთმინებით ელოდებით ხელსაყრელ მომენტს.

 

ყველაფერთან ერთად ძალიან უშიშარი ხართ, არ გადარდებთ, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები და ეს საშუალებას გაძლევთ, ყოველთვის ისე მოიქცეთ, როგორც თავად მიიჩნევთ საჭიროდ. არც შავი სამუშაოს შესრულება გეთაკილებათ - ფიზიკური იქნება ეს, თუ გონებრივი. ვერ იტანთ თუნდაც ძალიან ახლობელი ადამიანებისთვისაც კი ანგარიშის ჩაბარებას. ეს პროცესი თქვენს თავმოყვარეობას ეხება და გტანჯავთ.

 

საკუთარ სულში არავის ჩაახედებთ, რომც ჩაახედოთ ისეთ ადგილებს აჩვენებთ, ისეთ ხვეულებში ატარებთ, სულ დაუბნევთ თავგზას. ზოგადად, ეს მზე ენაწყლიან ტიპაჟებს არ ქმნის, თუმცა სხვა ნიშნების გავლენით, თუნდაც ბევრი ლაპარაკი გიყვარდეთ, ბოლომდე არასოდეს იტყვით ყველაფერს, რაღაცას მაინც დაიტოვებთ ხელშეუხებელს, გასაიდუმლოებულს. ინტრიგა!

 

ადამიანებს გულგრილს არ ტოვებთ. ისინი ან პატივს გცემენ, ან ვერ გიტანენ, თუმცა პირში იშვიათად გიბედავენ იმის თქმას, რასაც თქვენზე ფიქრობენ. მტრებთან შეუბრალებელი და სასტიკიც შეგიძლიათ იყოთ. უსაშველოდ ერთგული ხართ - სიძულვილშიც და სიყვარულშიც. რადიკალიზმი თქვენი ხასიათის ერთ-ერთი მკვეთრად გამოხატული თვისებაა.

 

უარყოფით მხარეებს რაც შეეხება, თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ცხოვრების, თუ ადამიანების უფრო მეტად უარყოფით ასპექტებს ხედავთ, ვიდრე დადებითს, ყოველთვის ცუდს ან უარესს ელოდებით, თვითგვემისკენ ხართ მიდრეკილი, წარსულში ქექვა და სინანული გჩვევიათ მაშინ, როდესაც უკვე ვერაფერს ცვლით.

 

სამაგიეროდ არასოდეს ნებდებით. საოცარი რეგენერაციის უნარი გაქვთ. ყოველდღე შეგიძლიათ მოკვდეთ და თავიდან დაიბადოთ. ნებისმიერი უფსკრულიდან ახერხებთ ამობობღებას და ფრენის ხელახლა სწავლას. თუკი მზე დაზიანებული არ არის, მთელი გულით გენდომებათ, რომ უკეთესი გახდეთ და თან ახერხებთ კიდეც, თქვენი ყველაზე დიდი ნიჭი ხომ ტრანსფორმაციის ნიჭია.

 

თვითანალიზით მთლიანად შეგიძლიათ გარდაქმნათ თქვენი ფსიქიკა. საოცარი სულიერი და მენტალური ევოლუცია განიცადოთ – ნაცრისფერი ხვლიკიდან (მორიელის უმდაბლესი გამოვლინება) – არწივამდე და ბოლოს მტრედამდე.

 

ერთადერთი ვინმე, ვინც თქვენს განადგურებას ახერხებს, თქვენი საკუთარი თავია – ეცადეთ ისწავლოთ ცხოვრების ნათელი მხარეების დანახვა, ოპტიმიზმი, ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს, ნუ ეძებთ ყველაფერში ქვეტექსტებს, ამოქექეთ ტრავმები, გააცნობიერეთ და აპატიეთ… ნურასოდეს ჩაიტოვებთ გულში წყენას. შურისძიებას კარგი არაფერი მოაქვს, ისევ თქვენ განგრევთ და თქვენ გაცლით ენერგიას, რომლითაც ძალიან ღირებული რამის შექმნა შეგიძლიათ. "იყო ნაწყენი ვინმეზე, ნიშნავს სხვისთვის ამზადებდე საწამლავს და თვითონ სვამდე" – ეს დაიმახსოვრეთ და კიდევ "როდესაც შურისძიებისთვის ემზადებით, ორი საფლავი გათხარეთ".

 

მიმართეთ საკუთარი თავი არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ და ერთხელ და სამუდამოდ გაისიგრძეგანეთ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგ როდია. უბრალოდ ყველას გვეშლება ხანდახან.

 

თქვენ ადამიანებს სჭირდებით, თქვენი ენერგია განკურნების, განწმენდის, ტრანსფორმაციის და შემოქმედების ენერგიაა, რომელიც ასე სჭირდება სამყაროს. ნუ გაფლანგავთ უაზროდ! თქვენ შეგიძლიათ იყოთ დიდი ადამიანი ან უკანასკნელი არამზადა – აირჩიეთ!

წყარო : wyaro
big_banner
არქივი