logo_geo
აღმოჩენილია კაცის ჩონჩხი, რომელიც 3000 წლის წინ გახდა ზვიგენის მსხვერპლი
- +

24 ივნისი. 2021. 13:31

 

 

ზვიგენთან შეხვედრის შედეგად სიკვდილის რისკი პოპულარულ კულტურაში შეიძლება მეტისმეტად გადაჭარბებულია, მაგრამ ეს სულაც არ იქნებოდა ნუგეში მამაკაცისთვის, რომელიც 3000 წლის წინ ცხოვრობდა და დაიღუპა. ამჟამად ის ზვიგენის ყველაზე ძველ მსხვერპლს წარმოადგენს ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.

მისი ძვლების ანალიზის მიხედვით, მამაკაცი ზღვის ერთ-ერთ მტაცებელს იაპონიის არქიპელაგზე, იაპონიის შიგა ზღვაში გადაეყარა. მის ჩონჩხს თითქმის 800 ჭრილობა ატყვია და არც ერთ მათგანს არ აღენიშნება აღდგენის ნიშნები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შეხვედრა მისთვის ფატალური აღმოჩნდა.

 

ძვლები მე-20 საუკუნის დასაწყისში, იაპონიის შიგა ზღვასთან, არქეოლოგიურ ძეგლ ცუკუმოზე აღმოაჩინეს, მაგრამ ამოუხსნელი რჩებოდა მათზე არსებული ჭრილობების მიზეზი.

 

მას შემდეგ ეს ჩონჩხი ყველას მიავიწყდა და ახლახან ხელახლა აღმოაჩინეს ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა, ელისა ვაიტმა და რიკ შულტინგმა, რომლებიც პრეისტორიულ იაპონიას სწავლობენ.

 

„შეცბუნებული ვიყავით და ვერ ვხვდებოდით, რას შეიძლება მიეყენებინა ამ კაცისთვის სულ მცირე 790 ღრმა, ხერხისებური ჭრილობა. მიუხედავად ამდენი ჭრილობისა, ის მაინც ცუკუმოს საზოგადოებრივ სასაფლაოზე იყო დაკრძალული“, — ამბობენ მკვლევრები.

 

მათივე განცხადებით, დაზიანებები ძირითადად აღნიშნება მკლავებს, ფეხებს, მკერდსა და მუცლის ღრუს. კვლევის შედეგად გამოირიცხა ადამიანური კონფლიქტი, მტაცებელი ცხოველები ან ლეშისმჭამელებიც.

 

ცუკუმო No. 24-ის სახელით ცნობილი კაცის ძვლებზე არსებული ჭრილობები მკვლევართა შორის დიდ ინტერესს იწვევდა. იყო ბასრი და გამრუდებული, რაც არ შეესაბამებოდა იმ დროისთვის არსებულ ქვის იარაღებს.

 

გარდა ამისა, ჩონჩხს აკლდა მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი, მარცხენა ფეხი კი სხეულს მაღლიდან ედო ამოტრიალებული.

 

არქეოლოგიურ მასალებში ზვიგენებთან შეხვედრები იშვიათად ჩანს, მაგრამ ამ კაცის ჭრილობები სხვა არც ერთი ცხოველის მიერ არ უნდა ყოფილიყო მიყენებული. არქეოლოგებმა ფლორიდის ბუნების ისტორიის მუზეუმის საზღვაო ბიოლოგ ჯორჯ ბარჯესს მიმართეს, რათა ენახა, ემთხვეოდა თუ არა ზვიგენის კბილებს ჩონჩხი No. 24-ის ჭრილობებს; ბარჯესი არქეოლოგიურ მასალებში ზვიგენებთან შეხვედრებსაც იკვლევს.

 

„ჭრილობებიდან გამომდინარე, ის აშკარად ზვიგენის თავდასხმის მსხვერპლია. ეს მამაკაცი ალბათ კომპანიონებთან ერთად თევზაობდა, რადგან ზღვიდან სწრაფად არის ამოყვანილი. კბილებით დამჩნეული დაზიანებების ხასიათისა და გადანაწილებიდან გამომდინარე, ეს ზვიგენი დიდი ალბათობით უნდა ყოფილიყო ან ვეფხვისებრი ზვიგენი (Galeocerdo cuvier), ან თეთრი ზვიგენი (Carcharodon carcharias).

 

ზუსტი სახეობის გარკვევა შეუძლებელია, რადგან ნაკბენები იმდენი და ისე ერთმანეთზე გადაფარულია, რომ ვერ ხერხდება ყბის ფორმის დადგენა.

 

ჯგუფმა ძვლებს ბიოარქეოლოგიური შეფასებაც ჩაუტარა, რათა გაერკვია, როდის ცხოვრობდა ეგზემპლარი No. 24, დაედასტურებინა სქესი და ასაკი სიკვდილისას.

 

მკვლევართა ანალიზის მიხედვით, სიკვდილისას ეს კაცი ახალგაზრდა ან შუახნის ყოფილა და ცხოვრობდა ძვ. წ. 1370-1010 წლებში. მისი გვამი ზვიგენის თავდასხმიდან მალევე ამოუღიათ წყლიდან და სასაფლაოზე დაუკრძალავთ.

 

მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ კაცი ზვიგენის თავდასხმიდან მალე უნდა მომკვდარიყო. კვლევა უიშვიათეს ცნობებს გვთავაზობს მონადირე-შემგროვებლური ცხოვრების სტილის რისკების შესახებ.

 

ადამიანებს ხანგრძლივი, საერთო ისტორია აქვთ ზვიგენებთან და ეს ის შედარებით იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები გახდნენ ზვიგენის მსხვერპლი და არა პირიქით“, — წერენ მკვლევარები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი