logo_geo
ჰიტლერის დეგუსტატორის, მარგო ვიოლკის ისტორია
- +

25 ივლისი. 2021. 02:22

 

დიდ ადამიანებსაც აქვთ საბაზისო მოთხოვნილებები – ისეთი, როგორიც სხვა ადამიანებს. მაგალითად, ძილი და კვება. ამასთანავე, ყველა მათგანს არ შეუძლია თავისუფლად დატკბეს დასვენებითა და საკვების მიღებით.

 

ადოლფ ჰიტლერს თავის დროზე პარანოია განუვითარდა და ფიქრობდა, რომ ის შესაძლოა მოწამლონ. ამიტომ, ფიურერს ჰყავდა გუნდი, რომელიც წინასწარ ამოწმებდა მის საკვებს სხვადასხვა დანამატების არსებობაზე. ერთ-ერთი ასეთი იყო მარგო ვიოლკიც, ქალი საკმაოდ მძიმე ისტორიით.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს ადოლფ ჰიტლერმა ორ წელზე მეტი გაატარა „მგლის ბუნაგში“. ეს გიორლიცის ტყეში მოწყობილი სპეციალური საცხოვრებელი იყო, პოლონეთის ქალაქ რასტენბურგთან ახლოს. „მგლის ბუნაგი“ 80 ბუნკერისგან და გამაგრებული ნაგებობისგან შედგებოდა. გარედან კომპლექსი მავთულით იყო შემოსაზღვრული და მთელი ტერიტორია დანაღმული გახლდათ. ყველგან სათვალთვალო საგუშაგოები იყო მოწყობილი, ტყვიამფრქვევებითა და საზენიტო პოზიციებით. „მგლის ბუნაგში“, დაახლოებით, 2 ათასი ადამიანი მუშაობდა. ტერიტორიაზე იყო ბაღი, სათბური და ბაღჩა.

 

თითქოს, აქ ყველაფერი იყო უსაფრთხოებისა და სიმშვიდისთვის, მაგრამ ჰიტლერს მაინც ჰქონდა შიში. 1944 წლის 20 ივლისს განვითარებული მოვლენების მიხედვით, ეს შიში უსაფუძვლო არ ყოფილა. ზუსტად „მგლის ბუნაგში“ დაიგეგმა თავდასხმა ფიურერზე, რომელიც კრახით დასრულდა და ბევრი ადამიანი სიკვდილით დაისაჯა შეთქმულების გამო.

 

ცხადია, ჰიტლერი უფრთხოდა იმ საკვებს, რომელიც მის მაგიდაზე იდებოდა. ამიტომ, მან მიიღო გადაწყვეტილება, აეყვანა დეგუსტატორთა ჯგუფი. ის მხოლოდ ქალებისგან შედგებოდა. რამდენიმე წლის მანძილზე 15 ახალგაზრდა გერმანელი ქალი ჰიტლერის საკვებს სინჯავდა. დეგუსტატორისთვის ნებისმიერი თეფში შესაძლოა უკანასკნელი გამხდარიყო, მაგრამ მათ არჩევანი არ ჰქონდათ.

 

„შხამიანი ბრიგადის“ შესახებ პირველად 2013 წელს გახდა ცნობილი. მათგან ერთადერთი გადარჩენილი მარგო ვიოლკია, რომელმაც ჟურნალ Spiegel-ს მისცა ინტერვიუ, სადაც მოყვა, თუ როგორ მიმდინარეობდა მუშაობა.

 

1941 წელს მოკავშირეებმა ბერლინში მისი ოჯახის სახლი გაანადგურეს. მარგო იძულებული იყო ოჯახთან ერთად პოლონეთში გაქცეულიყო. ბედის ირონიით, იძულებით გადაადგილებულები „მგლის ბუნაგთან“ ახლოს დასახლდნენ. მალე გოგონა კერძების დეგუსტატორად „გადაიბირეს“.

 

„საკვები უნაკლო იყო – საუკეთესო ბოსტნეული, სატაცური, ბულგარული წიწაკა და სხვა. ყოველთვის ბრინჯისა და მაკარონის გარნირით.“

 

ყოველ დილით მარგო ნაცისტებს „მგლის ბუნაგში“ მიჰყავდათ. იქ 11-დან 12 საათამდე საკვები უნდა გაესინჯა. ამის შემდეგ ნაცისტები კიდევ ერთ საათს ელოდებოდნენ – იმ შემთხვევისთვის, რომ შხამი მოგვიანებით იმოქმედებდა. მხოლოდ მას შემდეგ ფიურერი წყნარად ჯდებოდა და მიირთმევდა. ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო და საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ანიჭებდა უპირატესობას. მისთვის თეთრი სატაცური მოჰქონდათ, არაჩვეულებრივი ხილი, წიწაკა და კომბოსტო.

დეგუსტატორებს მადა არ ჰქონდათ, ყველა საუზმე, სადილი თუ ვახშამი შესაძლოა მათთვის უკანასკნელი ყოფილიყო. საკვების მიღების დროს ბევრი ჯერ შიშისგან ტიროდა, მერე კი სიხარულისგან – ვინაიდან გადარჩა.

 

ჰიტლერზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ გოგონებს „მგლის ბუნაგის“ დატოვება აუკრძალეს. იქ მათ ნაცისტები უთვალთვალებდნენ.

 

1944 წლის 20 ნოემბერს წითელი არმია „მგლის ბუნაგს“ მიუახლოვდა და ჰიტლერი იძულებული გახდა გერმანიაში დაბრუნებულიყო. ერთ-ერთმა ოფიცერმა მარგო ბერლინამდე მიმავალ მატარებელზე დასვა, დანარჩენი დეგუსტატორი გოგონები დაიღუპნენ.

 

1946 წელს გერმანიაში მარგო, როგორც იქნა, შეხვდა თავის მეუღლეს მრავალწლიანი განშორების შემდეგ. ის გერმანიის არმიის რიგებს 1939 წელს შეუერთდა, მაგრამ შემდეგ უგზოუკვლოდ დაიკარგა. გოგონა დარწმუნებული იყო, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, ის ტყვეობაში ჰყავდათ. მათ ერთად 36 წელი იცხოვრეს, 1980 წელს კი, კარლი დაიღუპა.

 

მხოლოდ ათობით წლების შემდეგ მარგომ გადაწყვიტა საკუთარი ისტორიის მოყოლა. მან აღიარა, რომ დიდხანს ვერ ჭამდა ნორმალურად და საჭმელზე შეხედვაც კი უჭირდა, ხოლო ჰიტლერს „ღორს“ და მართლაც საშინელ ადამიანს უწოდებდა.

 

big_banner
არქივი