logo_geo
გოგონა, რომელსაც 10 წლის განმავლობაში დედა ქათმების გვერდით ცხოვრებას აიძულებდა
- +

8 აგვისტო. 2021. 23:13

 

 

ეს ამბავი, ალბათ, ბევრ თქვენგანს გაახსენებს ჯუნგლების წიგნსა და მაუგლის, რომელიც ტყეში ცხოველებთან ერთად გაიზარდა. მაუგლის ისტორიის ბედნიერი დასასრული ამტკიცებს, რომ ზრუნვა და სიყვარული მხოლოდ ადამიანებს არ შეუძლიათ და ზოგჯერ ცხოველები უფრო მეტ „ჰუმანურობასაც“ კი იჩენენ.

 

9 წლის პორტუგალიელი გოგონას, მარია იზაბელ კუარესმა დოს სანტოსის ტრაგიკულმა ისტორიამ 1980 წელს მსოფლიო შეძრა - მარია ქათმების გარემოცვაში გაიზარდა და მთელი ბავშვობის განმავლობაში მოკლებული იყო დედობრივ სიყვარულს, ზრუნვასა და ელემენტარულ ადამიანურ ურთიერთობებს. მედიამ მას „ქათმების გოგონაც“ კი შეარქვა

იმ ჩვევების გამო, რომლებიც მარიამ ფრინველებთან იძულებითი მეზობლობის დროს შეიძინა.

 

 

1970 წლის ივლისის დასაწყისში, სოფელ ტაბუაში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში დაიბადა ბავშვი, რომელსაც მარია იზაბელ კუარესმა დოს სანტოსი დაარქვა. გოგონა ჯანმრთელი დაიბადა - მას არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონდა, თუმცა დედას, რომელსაც მენინგიტი ჰქონდა, ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა. დედა მარიას დაბადების წამიდანვე უცხოდ აღიქვამდა და მას შვილად არ თვლიდა, ხოლო როცა ბავშვი ერთი წლის გახდა, მან ის ქათმებისთვის მოწყობილ პატარა ეზოში დატოვა. ოჯახის სხვა წევრებს მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. საინტერესოა, რომ უფროსი ვაჟებისთვის ქალი დარჩა სამაგალითო, მოსიყვარულე და მზრუნველ დედად.

 

უფროსი ვაჟები დედის სიყვარულს ყოველდღე გრძნობდნენ - ისინი მიირთმევდნენ ცხელ სადილს, დადიოდნენ სკოლაში, თამაშობდნენ მეგობრებთან ერთად და იცოდნენ, რა მდგომარეობაში იყო მათი და, თუმცა არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ.

 

როცა მარიას ტოლი ბავშვები ბაღში დადიოდნენ, ერთობოდნენ, სწავლობდნენ, მარიას დედა აიძულებდა, ის ეჭამა, რასაც ქათმებს აჭმევდნენ - მარცვლეული, ბოსტნეულის ნარჩენები... მასთან მიახლოების უფლება არავის ჰქონდა, ის სრულ იზოლაციაში იზრდებოდა. მან ასეთ მდგომარეობაში 1976 წლამდე იცხოვრა, სანამ მის ცხოვრებაში მზის სხივი არ გამოჩნდა.

 

1976 წელს მარია იზაბელის ერთ-ერთმა მამიდამ შეიტყო, რა პირობებში ცხოვრობდა ბავშვი, განგაში ატეხა და დაჟინებით მოითხოვა ექიმების ვიზიტი. ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონას სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, რადგან მას ჰქონდა მთელი რიგი ფსიქიკური პრობლემები და განვითარების სერიოზული შეფერხება.

 

 

ამ ამბის შესახებ თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიგო. უცხოელი ჟურნალისტები ამ საშიშ გულგრილობას ხსნიდნენ იმით, რომ მეზობლები, ძირითადად, მძიმე ფიზიკური შრომით იყვნენ დაკავებულნი და ისინი მიუღებლად თვლიდნენ ერთმანეთის პირად საქმეებში ჩარევას. 1980 წელს მარია იზაბელის ისტორია შემთხვევით მოისმინა ექთანმა მარია ბიჰაომ, რომელიც მუშაობდა ტორესის ვედრას საავადმყოფოში. კოლეგებისგან შეიტყო, თუ რა პირობებში ცხოვრობდა ბავშვი და გადაწყვიტა, ნებისმიერ ფასად დახმარებოდა მას.

 

ბიჰაომ გოგონა თავის სახლში წაიყვანა და ორი კვირის განმავლობაში ცდილობდა, გაეგო, რასთან ჰქონდა საქმე. შემდეგ კი მიხვდა, რომ ამ პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდებოდა და დახმარება ჟურნალისტებს სთხოვა, რის შემდეგაც უამრავი ჟურნალისა და გაზეთის ყდაზე გამოჩნდა მარიას ფოტო. „ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმეს შეუძლია გადარჩეს იმ პირობებში, რომელშიც ეს გოგონა წლების განმავლობაში იმყოფებოდა. მაგრამ ყველაზე გასაკვირი ამ საკითხში არის ადამიანის გულგრილობა. ოთხი წლის წინ ექიმებმა იცოდნენ, რომ ამ ბავშვს სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება, მაგრამ მათ არაფერი მოიმოქმედეს“ - წერდნენ გამოცემები.

 

 

განსაკუთრებული როლი ითამაშა პორტუგალიის პირველმა ლედიმ, მანუელა იანესმა. მან უზრუნველყო მარიას მოთავსება ქვეყნის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში. ექიმები ამბობდნენ, რომ მარია იზაბელს ტირილიც კი არ შეეძლო, რადგან "ცრემლები ადამიანის კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა და მას ასეთი გამოცდილება ადრეული ბავშვობიდან არ ჰქონია". მას მხოლოდ იმ ქცევების გამეორება შეეძლო, რაც ამ ხნის განმავლობაში ქათმების გვერდით აითვისა. მისი გონებრივი განვითარება 10 წლის ასაკში 2 წლის ბავშვისას უტოლდებოდა.

 

ექიმების ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობის შემდეგ მარია სანტოსმა შეძლო მარტივი ადამიანური უნარების გამომუშავება, ახლა ის 51 წლისაა და კვლავ სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ექიმების აზრით, ის ვერასდროს შეწყვეტს ქათმების მიბაძვას, რადგან ეს მისთვის თვითგამოხატვის მთავარი გზაა. შემეცნებითი განვითარების თვალსაზრისით, მარია ახლა 4 წლის ასაკის ბავშვს ჰგავს.

ბოლო 25 წლის განმავლობაში ჟურნალისტებს მარიასთან მიახლოება ეკრძალებათ, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის ზედმეტი ყურადღებისგან დაიცვან, რათა მარიამ კონცენტრაცია თვითგანვითარებაზე მოახდინოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი