logo_geo
ვინ არის აჰმად მასუდი და შეძლებს თუ არა ის თალიბების დამარცხებას?
- +

8 სექტემბერი. 2021. 10:45

 

 

ავღანეთის ერთადერთი რეგიონი, რომელსაც დღეისათვის „თალიბანი“ ვერ აკონტროლებს, პანჯშირის ხეობაა. ამ ეტაპზე სწორედ აქ ყალიბდება თალიბების მოწინააღმდეგე მეამბოხეთა ჯგუფები, რომელსაც ლეგენდარული მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის (ის ჯერ საბჭოთა ჯარების, შემდეგ კი „თალიბანის“ წინააღმდეგ წარმატებით იბრძოდა) ვაჟი აჰმად მასუდი ხელმძღვანელობს. BBC გვიყვება, თუ რა არის ცნობილი წინააღმდეგობის მოძრაობის გეგმების შესახებ.

 

 

„ჩვენ უკვე წინააღმდეგობის ათასობით მებრძოლი შევკრიბეთ. გვყავს ბიჭები, რომლებიც დივერსიულ დანაყოფებსა და სპეცრაზმში მსახურობდნენ, აქვეა ჩვენი ადგილობრივი ქვედანაყოფები, რომლებიც პანჯშირში არიან გაწვრთნილი და სხვა დამატებითი ძალები, რომლებიც მეზობელი პროვინციებიდან ჩამოვიდნენ“, - განაცხადა BBC -სთან ინტერვიუში ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის წარმომადგენელმა ალი ნაზარმა. ჯერჯერობით ამ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით შეუძლებელია.

 

„სამხედრო მდგომარეობა ხეობაში ამჟამად სტაბილურია. პანჯშირი დაცული და გამაგრებულია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აქ შემოღწევა ვერავინ შეძლო, ხეობა ხელშეუხებლად რჩება. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ასეც გაგრძელდება და ვერცერთი აგრესორი ჩვენამდე ვერ მოვა“, - ამბობს ნაზარი.

 

„პანჯშირი“ სპარსულიდან თარგმანში „ხუთ ლომს“ ნიშნავს. ეს არის მინიშნება ლეგენდაზე, რომლის მიხედვითაც, ხუთ ძმას ალაჰისა და საკუთარი თავის ისეთი ძლიერი რწმენა ჰქონდა, რომ მათ მდინარის გასწვრივ კაშხლის აშენება ერთ ღამეში შეძლეს. აღნიშნული ნაგებობა დღემდე არსებობს. თუმცა შეფასებები იმის შესახებ, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ქმედებები, საკმაოდ განსხვავებულია.

 

ომი თუ მშვიდობა?

 

„სხვადასხვა შეფასებით, ეროვნული წინააღმდეგობის დანაყოფებში ამ დროისთვის 12-დან 15 ათასამდე ადამიანია, „თალიბანს“ კი 80 ათასი მებრძოლი ჰყავს. ეს ძალიან დიდი განსხვავებაa, ცხადია, არა - მეამბოხეების სასარგებლოდ“, - ამბობს „The Times“-ის ჟურნალისტი ჩარლი ფოლკნერი, რომელიც პანჯშირის ხეობას ახლახან სტუმრობდა. მისი თქმით, რეგიონში არსებული სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც ახლა ქაბულში  ხდება. პანჯშირში მაღაზიები ღიაა, ქუჩებში სიცილი ისმის, ადამიანები მშვიდად მიდიან თავიანთ საქმეზე ან ჩრდილში სხედან და ახალ ამბებს განიხილავენ. ამავდროულად, უფრო და უფრო ხშირად შეიძლება შეხვდეთ ჯავშანჟილეტებიან და შეიარაღებულ კაცებს - ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი, ყოველი შემთხვევისთვის, პატრულირებას აძლიერებს. 

 

„მეამბოხეები, რა თქმა უნდა, მომხიბვლელად საუბრობენ. ისინი ხეობაში თავს ძალიან დაცულად გრძნობენ და ამბობენ, რომ მზად არიან, თავდასხმის შემთხვევაში, „თალიბანს“ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ. იმასაც დასძენენ, რომ უკან არც უფრო მასშტაბურ ოპერაციებზე დაიხევენ. მაგალითად, ამბობენ, რომ გააკონტროლებენ პანჯშირის მოსაზღვრე ქვეყნის სხვა რეგიონებს, სადაც ამ ეტაპზე თალიბები არიან განლაგებული. თუმცა ზოგადად, მებრძოლები და მეთაურები, რომლებსაც მე ვესაუბრე, ამბობენ, რომ მათი მთავარი და საბოლოო მიზანი მშვიდობის დამყარებაა“, - ამბობს ფოლკნერი.

 

მეამბოხეები ადასტურებენ, რომ ისინი „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

 

„ჩვენი პრიორიტეტი მშვიდობაა. შესაბამისად, უპირატესობას ვანიჭებთ დიალოგს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დარეგულირდეს და არა იმას, რომ კონფლიქტი გაგრძელდეს. თუმცა ამავე დროს გვჯერა, რომ შეუძლებელია სტაბილურობას მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლება, დემოკრატია და სოციალური სამართლიანობა მსხვერპლად შევწიროთ“, - აცხადებს ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის წარმომადგენელი ალი ნაზარი.

 

აწარმოებს თუ არა მოლაპარაკებებს ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტთან, ამის შესახებ „თალიბანი“ განცხადებას არ აკეთებს. თუმცა დაჯგუფება სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოებს, თუ როგორ ჩავიდა ასობით თალიბი პანჯშირის მიდამოებში. ისინი აცხადებენ, რომ ხეობა ალყაშია და წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლები ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული. თავის მხრივ, ნაზარი ამტკიცებს, რომ მათი ქვედანაყოფები მოწინააღმდეგეთა ყველა თავდასხმას წარმატებით იგერიებენ.

 

ვინ არის წინააღმდეგობის ფრონტის მეთაური აჰმად მასუდი, რომელსაც პანჯშირელ ლომის ბოკვერს უწოდებენ?

 

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერი აჰმად შაჰ მასუდი „ალ-ქაიდამ“ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებამდე ორი დღით ადრე მოკლა. საველე მეთაური, რომელიც სიკვდილს ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარებთან ბრძოლების დროს ერთი ნაბიჯით ბევრჯერ ასცდა, ააფეთქა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომლებიც მას ჟურნალისტებად გაეცნენ.

 

მასუდის ვაჟი მაშინ 12 წლის იყო. მალე ის გაემგზავრა ირანში, სადაც საშუალო სკოლა დაამთავრა და იქიდან საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა. მასუდ უმცროსი სწავლობდა სენდჰერსტის სამხედრო აკადემიაში და ლონდონის სამეფო კოლეჯში სამხედრო კვლევის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი აქვს მინიჭებული. თუმცა ახალგაზრდა პოლიტიკოსს რეალური საბრძოლო გამოცდილება არ აქვს.

 

ინტერვიუში მასუდი აღნიშნავს, რომ მისი პრიორიტეტი სწორედ სამშვიდობო მოლაპარაკებებია და არა - შეიარაღებული შეტაკებები.

 

სამწუხაროდ, „თალიბანის“ ქმედებები უკვე აჩვენებს, რომ ისინი არ იზიარებენ ინკლუზიურობისა და ტოლერანტობის პრინციპებს, ადამიანისა და ქალთა უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს ყველაფერი კი არის ის, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რათა მთავრობა აღიარონ და ეს ჩვენთვისაც არის პრობლემა, რომელსაც ვერ შევეგუებით. ჩვენ არ გვინდა იზოლაციაში ვიცხოვროთ. ამიტომაც არ შეგვიძლია მივიღოთ მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია დაამყაროს ნორმალური ურთიერთობები როგორც რეგიონის ფარგლებში, ასევე - დანარჩენ მსოფლიოსთან“, - განაცხადა მასუდ უმცროსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

აჰმად მასუდ უმცროსს სამხედრო მეცნიერებების სფეროში ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული, თუმცა მამისგან განსხვავებით, ახალგაზრდა პოლიტიკოსს ჯერ რეალური საბრძოლო გამოცდილება არ აქვს. ერთი მხრივ, ჟურნალისტები, რომლებიც ხეობას ეწვივნენ და მეორე მხრივ, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ მომენტში მეამბოხეებს პანჯშირის ფარგლებს გარეთ წარმატებული სამხედრო ოპერაციების ჩატარების შანსი, ფაქტობრივად, არ აქვთ.

 

წინააღმდეგობის ფრონტს არც საკმარისი რაოდენობის მებრძოლი ჰყავს და არც მომარაგების სწორხაზოვნად ჩამოყალიბებული სისტემა აქვს. კიდევ ერთი პოტენციური გამოწვევა მოსახლეობის მხარდაჭერაა. მასუდი და მისი მხარდამჭერები პანჯშირში აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობენ, მაგრამ ავღანეთის სხვა რაიონებში ბევრი არ არის მზად, რომ ომი გაგრძელდეს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი