logo_geo
რა არის წლევანდელი ზაფხულის სტიქიური უბედურებების ქრონიკის მიზეზი?
- +

8 სექტემბერი. 2021. 11:13

 

 

მთელი ზაფხული ჩვენ თვალყურს ვადევნებდით თურქეთის, საბერძნეთისა და იტალიის ტყეებში გაჩენილ ხანძრებს. იმავდროულად, ევროპის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნები ცდილობდნენ უპრეცედენტო წყალდიდობას გამკლავებოდნენ. უფრო მეტიც, ზოგიერთ რეგიონში ხანძარი სულ რაღაც რამდენიმე დღეში წყალმოვარდნებმა ჩაანაცვლა. რა კავშირშია სტიქიური მოვლენები კლიმატის ცვლილებასთან და რატომ ხდება, რომ გლობალური დათბობის გამო ჩვენ გარშემო ყველაფერი არა მარტო იწვის, არამედ წყალში იძირება?

 

მსოფლიოში ხანძრები მართლა გახშირდა?

 

მოკლე პასუხი ასეთია: მნიშვნელოვანია არა ხანძრის რაოდენობა ან თუნდაც მისი ფართობი, არამედ ინტენსივობა და ეს უკანასკნელი ნამდვილად უფრო მაღალია.

 

საშუალოდ, 2003–2016 წლებში დედამიწაზე წელიწადში დაახლოებით 4.4 მილიონი ხანძარი ჩნდებოდა. შესაბამისად, ყოველწლიურად დაახლოებით 4-დან 6 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე ტყე იწვის. სულ ცოტა, ნახევარი (2.9 მილიონი კვადრატული კილომეტრი) ბუნებრივი ხანძრის შედეგად ნადგურდება, დანარჩენი კი სასოფლო-სამეურნეო ხანძარია. მათ რეგულარულად აწყობენ ტროპიკულ ტყეებში, რათა მიწა სახნავ-სათესად, საძოვრებისთვისა და ნაგვის დასაწვავად გამოათავისუფლონ. კლიმატზე გავლენის თვალსაზრისით კი, საგანგებოდ მოწყობილი ხანძარი ბუნებრივისგან არაფრით განსხვავდება.

 

ბოლო ოცი წლის მანძილზე, ხანძრებმა 2003, 2010, 2012 და 2020 წლებში უდიდესი ტერიტორია მოიცვა. თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არც მაქსიმალური და არც მინიმალური მნიშვნელობა არ გაზრდილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხანძრების არეალი შედარებით სტაბილური დარჩა. აღსანიშნავია, რომ ეს გრაფიკები სატელიტურ მონაცემებს ემყარება. თუ თქვენ სურათის გარჩევადობას გაზრდით, ყველა პატარა ხანძარი ხილული გახდება და ისინი, როგორც ესპანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, ცეცხლით დაფარული ტერიტორიების მოცულობას თავისთავად ორმაგად ზრდიან.

 

ხანძარი გლობალური დათბობის გამო გახშირდა - ეს ლოგიკურია. მაგრამ რატომ  ერთვის ამ ყველაფერს წყალმოვარდნები და წყალდიდობები?

 

მოკლედ რომ ვთქვათ, საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდა ნალექების არათანაბარ განაწილებას იწვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივი ხანძარსაშიში პერიოდები ინტენსიური ნალექებით იცვლება. თუმცა ეს ტერიტორიებს გამოშრობისგან არ იცავს. უფრო მეტიც, ასეთი წვიმები ხანდახან ხელს უწყობს ხანძარს.

 

 

ექსპერტების შეფასებით, ზოგიერთ რაიონში გვალვიანი და წვიმიანი პერიოდების გადაჯგუფება ხდება. ამის შედეგად, ორივე მათგანი უფრო გახანგრძლივდა. უფრო მეტიც, წვიმები უფრო ინტენსიური გახდა. მაგალითად, სუბტროპიკულ სარტყელში მდებარე რეგიონებში ნალექი შემცირდა, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც წვიმის სიხშირე საშუალოდ იზრდება, ეს აღნიშნულ ტერიტორიას გამოშრობისგან არ იცავს. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფარდობითი ტენიანობაც მცირდება. ამიტომაც ატმოსფერო შეიძლება ტენით იმაზე ძალიან დიდი ხნით ადრე გაჯერდეს, სანამ წყალი კონდენსაციას დაიწყებს და ღრუბლებს წარმოქმნის. ასეთ პერიოდში ხანძრის ალბათობა იზრდება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, პლანეტის მთელი რიგი რეგიონი გვალვებისგან გამომშრალია. პორტუგალიაში, ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ავსტრალიასა და კალიფორნიაში, სადაც სუბტროპიკული ანტიციკლონები ძლიერდება, გვალვების სიხშირემ და ხანგრძლივობამ იმდენად მოიმატა, რომ იქ ტყეებისთვის უკვე არაკომფორტული გარემო შეიქმნა.

 

ყველაზე ძლიერად და ინტენსიურად, რა თქმა უნდა, იწვის ის ადგილები, სადაც გვალვა დიდი ხანია დამკვიდრდა. კალიფორნიაში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში, საბერძნეთში, თურქეთსა და იტალიაში გვალვები უპრეცედენტო გახდა და გახშირებული ხანძრები ამ ბუნებრივ მოვლენასთან პირდაპირ კავშირშია. ამავდროულად, იშვიათი და ძლიერი წვიმა ხანძარს საერთოდ არ შველის, პირიქით, ხელს უწყობს მას. ჯერ ერთი, ასეთ წვიმას არ შეუძლია ტყეებში საჭირო ტენიანობა მუდმივად შეინარჩუნოს. მეორე მხრივ კი, ჭექა -ქუხილის დაგროვება თავად ხდება ელვის წყარო, რომელსაც წვიმა ყოველთვის არ ახლავს. გადახურებულ ატმოსფეროში ტენიანობა დიდ წვეთებად ვერ გარდაიქმნება (ამისთვის მას გაგრილება სჭირდება) და არ ჩამოდის დედამიწაზე, სწორედ ამის შემდეგ იწყება ეგრეთ წოდებული მშრალი ჭექა-ქუხილი.

 

ჩრდილოეთ განედებზე დათბა და ნალექების რაოდენობაც გაიზარდა, რაც ტყეებისთვის სასიკეთო უნდა იყოს, მაგრამ აქაც ჭექა-ქუხილის აქტივობა იზრდება. ამის გაგება მეცნიერებს მეტეოროლოგიური სადგურებისა და ჭექა-ქუხილის პელენგაციის სისტემების მონაცემებიდან შეუძლიათ. შესაბამისად, ელვის გამო ტყის ხანძრების რიცხვი გაიზარდა.

 

რა ელის კაცობიობას?

 

მეცნიერთა განცხადებით, საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის აშკარა ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. თუმცა ეს არც თუ ისე საშიშად გამოიყურება, თუ არ გავითვალისწინებთ აღნიშნული პროცესის განვითარების სამ შესაძლო კლიმატურ სცენარს. ამ მოსაზრების მიხედვით, პლანეტაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის 1-1.5 გრადუსით გაზრდის შემთხვევაში, კაცობრიობა ამ ცვლილებასთან ადაპტირებას შეძლებს. 2-4 გრადუსით შეცვლის პირობებში კლიმატური ზონები, სითბოსა და ტენიანობის მაჩვენებელი და მთელი ლანდშაფტი შეუქცევადად შეიცვლება. ჰაერის საშუალო ტემპერატურის 5-6 გრადუსით მატება კი იქნება კლიმატური კატასტროფა, რომელსაც სპეციალისტები დედამიწაზე მეტეორის დაცემასთან აიგივებენ. ჯერჯერობით, კლიმატის კვლევის ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასებით, რომელმაც ეს სცენარები შეადგინა, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ დედამიწა პირველ ვარიანტს „დაჯერდეს“ და თანამედროვე ცივილიზაცია აღნიშნულ ცვლილებასთან ადაპტირდეს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი