logo_geo
როდის და როგორ დასრულდება კორონავირუსის პანდემია: ოთხი სავარაუდო სცენარი
- +

8 სექტემბერი. 2021. 12:03

 

სამედიცინო ჟურნალ „Lancet“-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორებიც - ევროპის 30 წამყვანი მეცნიერი-მედიკოსი - მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ განვითარდება COVID-19-ის პანდემია. მთავარი საკითხი, რომელიც სპეციალისტებს აინტერესებთ - დასრულდება თუ არა პანდემია მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში?

 

მათი აზრით, ეს სამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული:

 

რამდენად სწრაფად ჩატარდება ვაქცინაცია - როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ასევე პლანეტის მასშტაბით;

 

როგორი იქნება ვირუსის მუტაცია - ანუ რამდენად სახიფათო იქნება მისი ახალი შტამები;

 

რამდენად მკაცრად დაიცავენ ადამიანები რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს (როგორც აცრილები, ასევე აუცრელები).

 

სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ სამივე მიმართულებით ვითარება ოპტიმისტური არ არის - ვაქცინის ორივე დოზა ამ დროისთვის პლანეტის ყოველმა მეოთხე ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო, გადამდები „დელტა“ შტამი უკვე პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში დომინანტური გახდა, რეკომენდაციებს კი მსოფლიოში სულ უფრო ცუდად იცავენ.

 

პანდემიის განვითარების ოთხი სცენარი კი ასეთია:

 

სცენარი პირველი - სრული აღმოფხვრა. ის ითვალისწინებს, რომ მედიკოსები COVID-19-ის სრულად განადგურებას შეძლებენ. ამისთვის იმუნიტეტი, როგორც აცრის, ასევე დაავადების გადატანის შემდეგ ძლიერი და ხანგრძლივი უნდა იყოს, რათა ადამიანი რეინფიცირებისგან დაიცვას და ინფექციის გავრცელება შეაჩეროს. მეცნიერების აზრით, ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ვირუსი მუდმივად მუტირებს.

 

სცენარი მეორე - ინფექციის განდევნა. ანუ მკაცრი შეზღუდვებისა (საზღვრების სრული ჩაკეტვა და დანარჩენი სამყაროსგან იზოლაცია) და მასობრივი იმუნიზაციის ხარჯზე კონკრეტულ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ნულამდე შემცირება. ავტორების თქმით, ამ შემთხვევაში ეპიდემიის გაკონტროლება ვაქცინების განახლებით გახდება საჭირო.

 

სცენარი მესამე - ცხოვრება ვირუსთან. ამ შემთხვევაში შემუშავებული ვაქცინები და მათი მომავალი მოდიფიკაციები მხოლოდ COVID-19-ის მძიმე განვითარებისა და ლეტალური შედეგისგან დაგვიცავენ. ამ შემთხვევაში, იქ, სადაც ვაქცინირებულთა რაოდენობა მაღალი იქნება, კორონავირუსი სეზონურ გაციებად გადაიქცევა.

 

სცენარი მეოთხე - მასშტაბური აალება. ეს ვარიანტი ყველაზე სავარაუდოა იმ შემთხვევაში, თუ პლანეტის მნიშვნელოვანი ნაწილი აუცრელი იქნება. ამ შემთხვევაში ვირუსი სწრაფად გავრცელდება, შესაბამისად, მუტირებას გააგრძელებს.

 

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ყველაზე სავარაუდო მესამე ვარიანტია, თუმცა ახლა, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა დიდი არ არის, პანდემია დიდი ალბათობით მეოთხე სცენარით განვითარდება.

 

ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, მოხერხდება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი მედიკამენტის შექმნა.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი