logo_geo
რა ბედი ეწიათ ბავშვებს 1948 წლის უმძიმესი ფოტოდან
- +

14 სექტემბერი. 2021. 11:47

 

 

 

1948 წელს ამერიკის, თითქმის, ყველა გაზეთში დაიბეჭდა ფოტო, რომელზეც ქალი თავის 4 მცირეწლოვან ბავშვს ჰყიდდა. ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ეს სულაც არ იყო ხუმრობა. დღეს მოგიყვებით, თუ რა ტრაგიკული ისტორია იმალება ამ სულისშემძვრელი ფოტოს მიღმა და რა ბედი ეწიათ ამ ბავშვებს.

 

ეს ფოტო იმ ტრაგიკული, თითქმის, დაუჯერებელი ისტორიის მოწმეა, რომელიც მართლაც მოხდა. ჩალიფუქსების ოჯახმა – სატვირთოს მძღოლმა, 40 წლის რეიმ და მისმა 24 წლის მეუღლემ, რომელიც მეხუთე შვილს ელოდებოდა – თავისი 4 მცირე წლოვანი ბავშვი გასაყიდად გამოიყვანა.

 

მას შემდეგ, რაც ოჯახის უფროსმა სამსახური დაკარგა, ისინი სიღარიბეს ყოველდღიურად ებრძოდნენ და გამოსახლების შიშით ცხოვრობდნენ. სასოწარკვეთილებმა, როდესაც ვითარება გამოუვალი მოეჩვენათ, ამ საშინელი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტეს. შესაძლოა, მათ ჩათვალეს, რომ ეს ბავშვებისთვის უკეთესი ცხოვრების შანსი იქნებოდა, თუმცა ვინ იცის…

 

სახლის წინ, კიბის საფეხურებზე 4 ჩახუტებული, მომღიმარი ბავშვი იჯდა, 2-დან 6 წლამდე. მათ გვერდით კი დაინახავთ განცხადებას ამ ბავშვების გაყიდვის თაობაზე და დედას, რომელიც კამერას ემალებოდა. ზემოდან პირველ საფეხურზე უფროსი ქალიშვილი – 6 წლის ლანა და ხუთი წლის რეიანა სხედან. ქვემოთ კი, მილტონი – 4 წლის და უმცროსი ქალიშვილი სიუ ელენი, რომელიც მხოლოდ 2 წლის იყო.

 

ზოგი ამტკიცებს, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ფოტოზე აღბეჭდილი სურათი სპეციალურად იყო დადგმული – თითქოს, საქმე ბავშვების გაყიდვას არ ეხებოდა და სინამდვილეში, ეს დახმარების თხოვნა იყო. შესაძლოა, ეს თხოვნა გაიგეს და გაზეთში ფოტოს დაბეჭდვის შემდეგ ოჯახს დასახმარებლად ბევრმა მიმართა – არა მხოლოდ ფულს, ასევე სთავაზობდნენ სამსახურს და საცხოვრებელს, მაგრამ ორი წლის შემდეგ ყველა ბავშვი მართლაც გაიყიდა კიდევ ერთის, ბედფორდის ჩათვლით, რომელიც ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე თვეში დაიბადა.

 

რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ჟურნალისტებმა სცადეს ამ ბავშვების მოძებნა და გაიგეს, თუ როგორ განვითარდა მათი ცხოვრება. როგორც აღმოჩნდა, ყველა ბავშვი გადარჩა. რამდენიმე მათგანმა ერთმანეთთან შეხვედრაც კი მოახერხა უკვე 21-ე საუკუნეში.

 

რეიანა და მილტონი

 

1950 წელს შვიდი წლის გოგონა ფერმერების ოჯახმა, ჯონ და რუთ ზოეტმანებმა იყიდეს. მილტონს დასთან განშორება არ უნდოდა და ტიროდა. მაშინ ფერმერებმა მისი წაყვანაც გადაწყვიტეს. მათ სახელები შეუცვალეს, ბევერლისა და კენეტს უწოდებდნენ. ბავშვებს ტკბილი ცხოვრება არ ჰქონიათ – ცხოვრობდნენ ფარდულში, დღისით კი, მინდორში მუშაობდნენ. ამასთანავე, მათ მუდამ სცემდნენ და ამცირებდნენ.

 

მილტონის თქმით, პირველივე დღეს მამობილმა ის დააბა, სცემა და უთხრა, რომ მონასავით მოექცეოდა. მილტონმა, პატარა ბიჭმა, ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იცოდა. რაღაც დროის შემდეგ ჯონმა ბიჭუნა რამდენიმე დღით ისევ დააბა ფარდულში, სადაც ბევრი ვირთხა იყო. მხოლოდ რძესა და არაქისის კარაქს აჭმევდა. მილტონის კითხვაზე, თუ რატომ დასაჯეს, ჯონმა თქვა, რომ ეს პროფილაქტიკისთვის კეთდებოდა, რათა ბიჭუნას მისი შიში ჰქონოდა და ყოველთვის დაეჯერებინა.

 

გაზრდილმა მილტონმა ერთხელაც ვერ გაუძლო და ჯონის მორიგი დასჯის დროს მას ხელი შეუბრუნა, რის შემდეგაც ჯონმა პოლიცია გამოიძახა. მილტონი გაასამართლეს და მისი ციხეში ჩასმაც უნდოდათ, მაგრამ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს.

 

17 წლის ასაკში, კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ის სახლიდან წავიდა. როდესაც 21 წელი შეუსრულდა, მილტონმა თავისი ბიოლოგიური დედა იპოვა. ბავშვების გაყიდვის შემდეგ ქალი მეუღლეს გაეყარა, გათხოვდა და კიდევ 4 შვილი გააჩინა. ერთთვიანი თანაცხოვრების შემდეგ მილტონმა ვერ იგრძნო მისგან დედობრივი სითბო და სიყვარული, ამიტომ ამჯერად უკვე თავად მიატოვა ის. თანაც, დედის ახალი ქმარიც სცემდა მილტონს.

 

ახალგაზრდა ჩიკაგოში წავიდა, შეირთო ცოლი და ექიმების რჩევით, მეუღლესთან ერთად, არიზონაში გადავიდა საცხოვრებლად.

 

რეიანა, როდესაც მას 17 წელი შეუსრულდა, გაიტაცეს და გააუპატიურეს. როცა ზოეტმანებმა გაიგეს, რომ ის ორსულად იყო, გოგონა მიჩიგანში გააგზავნეს – მარტოხელა, ბავშვიანი ქალების თავშესაფარში. იქ მან გოგონა გააჩინა, მაგრამ ბავშვი არ მისცეს და რეიანა კვლავ ფერმაში დაბრუნდა.

 

მან, როგორც მილტონმა, დედა ერთხელ კიდევ ნახა, მაგრამ მათი შეხვედრაც ისეთივე ცივი იყო.

 

 

 

ბედფორდი

 

 

ყველაზე უმცროსს, ბედფორდს, რომელიც 1949 წელს დაიბადა, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად გაუმართლა. ის, ოფიციალურად, მაკდენიელებმა იშვილეს, რომელთაც თავისი შვილები არ ჰყავდათ. ბიჭუნა ცუდად გამოიყურებოდა, – რწყილებით იყო დაკბენილი. მისი წამოყვანის შემდეგ წყვილმა ბიჭუნას დევიდი დაარქვა.

 

მათ ის უყვარდათ, მაგრამ სიმკაცრეში ზრდიდნენ. ისინი სოფელ ვიტფილში ცხოვრობდნენ, ზოეტმანების ფერმასთან ახლოს, სადაც რეი და მილტონი იზრდებოდნენ. მას შემდეგ, რაც დევიდმა ამის შესახებ გაიგო, რამდენჯერმე მივიდა მათთან ხან ცხენით, ხან კი – ველოსიპედით და ნახა, თუ რა საშინლად ცხოვრობდნენ ისინი. რამდენჯერმე ფარდულში დაბმულებსაც კი მოჰკრა თვალი.

 

ახლა დევიდი ვაშინგტონში ცხოვრობს და მძღოლად მუშაობს. როგორც ამბობს, როდესაც უკვე დიდი იყო, მანაც ნახა დედა.

 

„ჩვენგან გათავისუფლების შემდეგ ის კვლავ გათხოვდა და კიდევ 4 შვილი ჰყავს. ის მათთან ერთად ცხოვრობს და ჩვენთან ცხოვრება არ მოუნდა“.

 

შვილის დანახვისას დედას უთქვამს: „შენ ისეთივე გამოხედვა გაქვს, როგორიც – მამაშენს“.

 

„მის ხმაში არავითარი სინანული არ იგრძნობოდა,“ – იხსენებს დევიდი.

 

დევიდი ოცნებობდა, რომ დედმამიშვილები ერთხელაც შეიკრიბებოდნენ და შეხვედრა 2013 წელს დაგეგმა კიდეც. სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, მათი უფროსი და – ლანა – ჯერ კიდევ 1998 წელს სიმსივნისგან დაიღუპა, ხოლო მეორე და – სიუ ელენი – 1950 წელს, „ნიუ-იორკ თაიმსში“ გაყიდული ბავშვების შესახებ სტატიის გამოქვეყნებიდან  რამდენიმე კვირაში.

 

 

რეიანა და სიუ ელენი

 

 

რეი უკვე 70 წლის ასაკში, ჟურნალისტების წყალობით, რომლებმაც ოდესღაც გაყიდული ბავშვების პოვნა შეძლეს, თავის უმცროს დას შეხვდა. სიუ მაშინ უკვე ძალიან ავადმყოფობდა. 67 წლის იყო და საუბარიც არ შეეძლო. მხოლოდ წერდა.

 

სიუ ამბობდა, რომ არასდროს აპატიებდა დედას ამ ყველაფერს. როგორც ჩანს, მისი ცხოვრებაც საშინელი იყო.

 

დევიდი ერთადერთია გაყიდული შვილებიდან, რომელიც არ განიკითხავს დედას.

 

„ჩვენ ყველა ადამიანები ვართ. შეცდომას ყველა უშვებს. შესაძლოა, ის შვილებზე ფიქრობდა. არ უნდოდა, რომ შიმშილით დავხოცილიყავით,“ – ამბობს დევიდი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი