logo_geo
მსოფლიოში უკანასკნელი ტასმანიური ვეფხვი
- +

14 სექტემბერი. 2021. 11:52

 

 

დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, ერთ-ერთმა რეჟისორმა მსოფლიოში უკანასკნელ თილაცინს მოკლე, შავ-თეთრი ვიდეო გადაიღო. ეს თილაცინი, იგივე ტასმანიური ვეფხვი, ზოგჯერ უწოდებენ ტასმანიურ მგელსაც — ავსტრალიის ქალაქ ჰობარტის ბომარისის ზოოპარკში ცხოვრობდა.

 

ამ დიდი ხნის წინ მკვდარ ცხოველს მომვლელები ბენჟამინს ეძახდნენ. ახლახან, მისი ვიდეოს ფერადი ვერსია გავრცელდა.

 

გაფერადებული ვიდეო ავსტრალიის ფილმებისა და ხმის ეროვნულმა არქივმა YouTube-ზე გამოაქვეყნა. ბენჟამინს მოყვითალო ბეწვი აქვს, ზურგზე და კუდუსუნთან მუქი ყავისფერი ზოლებით.

 

ავსტრალიელმა ნატურალისტმა დევიდ ფლეიმ ვიდეო 1933 წელს, 35-მილიმეტრიან ფირზე გადაიღო. ფილმი და მისი ნეგატივი ავსტრალიის ფილმებისა და ხმის ეროვნული არქივის კოლექციაში ინახება. ნეგატივი ხელახლა დაასკანირეს 4K რეზოლუციაზე და შემდეგ გააფერადეს.

 

ასეთ მაღალ რეზოლუციაზე ვიდეოს გაფერადება საკმაოდ რთული საქმე იყო, რადგან თილაცინის ბეწვი უკიდურესად მკვრივია და საჭირო გახდა ბევრი ბეწვის დეტალირება და ანიმირება.

 

იმისათვის, რათა ვიდეოში ფერები ზუსტად აღედინათ, შეადარეს მუზეუმში დაცულ თილაცინის ტყავებს.

 

ამის შემდეგ, ციფრული ხელსაწყოებისა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით, ნეგატივის თითოეულ კადრს ფერები დაადეს. პროცესს 200 საათზე მეტი დასჭირდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ თილაცის ტასმანიურ ვეფხვს ან მგელს უწოდებენ, ის არც ვეფხვი იყო და არც მგელი. ეს გადაშენებული ცხოველი ერთ დროს უდიდესი ჩანთოსანი ხორცისმჭამელი იყო მსოფლიოში; მამრები 30 კილოგრამამდე იწონიდნენ, სიგრძეში კი 195 სანტიმეტრამდე იყვნენ (ცხვირიდან კუდის წვერამდე).

 

ტასმანიური ვეფხვი ერთ დროს მთელ ავსტრალიაში იყო გავრცელებული, მაგრამ დაახლოებით 2000 წლის წინ, ისინი უკვე მხოლოდ კუნძულ ტასმანიაზე გვხვდებოდა. ავსტრალიის ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მე-18 საუკუნეში, როდესაც კონტინენტის კოლონიზაცია ევროპელებმა მოახდინეს, 5000 თილაცინი იყო შემორჩენილი.

 

1930-იან წლებში, ველურ ბუნებაში თილაცინი უკიდურესად გაიშვიათდა. ბენჟამინი 1936 წელს მოკვდა ჰობარტის ზოოპარკში. მას შემდეგ, ველურ ბუნებაში ის აღარავის უნახავს და 1986 წელს, სახეობა ოფიციალურად გამოცხადდა გადაშენებულად.

 

ცოცხალი თილაცინის კადრები მხოლოდ 10 ვიდეოზეა შემორჩენილი. დევიდ ფლეის ვიდეო მათ შორის ყველაზე გრძელია და 80 წამამდე გრძელდება. ავსტრალიის ფილმებისა და ხმის ეროვნული არქივის ცნობით, როგორც კი რეჟისორმა თილაცინ ბენჟამინის გადაღება დაასრულა, ცხოველმა მას უკანალზე უკბინა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი