logo_geo
როგორ მოვიშოროთ ნაიარევი
- +

15 სექტემბერი. 2021. 10:37

 

 

ნაიარევი შეიძლება დაიყოს ატროფიულ (რომელშიც წარმოიქმნება  ჩაღრმავება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქსოვილი საჭიროზე ნაკლები ხდება) და ამოზნექილ - ჰიპერტროფულ ან კელოიდურ ნაწიბურებად. ჰიპერტროფული ნაწიბური არის მუქი, მოცულობითი წარმონაქმნი, რომელიც ჭრილობის შეხორცების შემდეგ ზრდას წყვეტს და შესაძლოა, დროთა განმავლობაში შემცირდეს კიდეც. კელოიდური ნაწიბურიც მოცულობითია, მაგრამ ის ჭრილობის მიღმაც ვრცელდება და შეიძლება მოცილების შემდეგაც კი  ხელახლა წარმოიქმნას. ორივე მათგანი - კელოიდური და ჰიპერტროფული ნაწიბურები მტკივნეულია და ქავილი ახასიათებს.

 

ითვლება, რომ დიდი ნაწიბურის განვითარების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მოგვიანებით მისი მოშორება. ჩვეულებისამებრ, პრევენციის მიზნით შემდეგი წესების დაცვა არის რეკომენდებული:

 

 

-    თუ თქვენ ახლახან დაიწვით, დამწვრობის ადგილი ცივ ან გრილ (არა ყინულიან) წყალს, სულ ცოტა, 20 წუთის განმავლობაში შეუშვირეთ. ეს დაზიანების მოცულობასა და ნაწიბურის ზომას ამცირებს.

 

-    თუ ჭრილობა უკვე არსებობს, ის თავიდანვე არ უნდა გამოაშროთ და ღიად არ დატოვოთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ვაზელინი იხმაროთ (თუ უკვე არ არის განვითარებული ინფექცია ან ანთება და დაჩირიქებული არ არის). ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სახვევი, რომელიც  დაზიანებულ ადგილს ზედ არ დაეკრობა.

 

-    ჭრილობის არეში კანი დაჭიმული არ უნდა იყოს. ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ სხვადასხვა სახის სახვევი გამოიყენოთ.

 

-    როდესაც ჭრილობა შეხორცდება, შეიძლება სილიკონის გელიანი სახვევი იხმაროთ. მას 3-დან 6 თვემდე პერიოდში იყენებენ და დღეში 12 -დან 24 საათის განმავლობაში ცვლიან. თუ სახვევების გამოყენება ტექნიკურად შეუძლებელია (მაგალითად, ნაიარევი ტერიტორია ძალიან დიდია), შეგიძლიათ სპეციალური სილიკონის გელი გამოიყენოთ.

 

-    დამწვრობის დროს, ასევე გარკვეული დროის განმავლობაში, შეგიძლიათ კომპრესიული წინდები ჩაიცვათ. თუმცა ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ჭრილობა უკვე განკურნებულია.

 

სამწუხაროდ, ამ მეთოდებს საკმაოდ სუსტი მტკიცებულებათა ბაზა აქვს.  თუმცა, უკეთესის არ არსებობის გამო, ისინი სხვადასხვა სამედიცინო სახელმძღვანელოში რეკომენდაციის სახით არის წარმოდგენილი.

 

და კიდევ რამდენიმე პროფილაქტიკური რეკომენდაცია:

 

-    ადამიანებს, რომლებსაც უკვე აღენიშნებოდათ ამობურცული ნაწიბურები, პირსინგის გაკეთებისგან ან ესთეტიკური მიზეზების გამო ხალის მოცილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ყოველგვარ არასაჭირო ტრავმას უნდა მოერიდონ. არსებობს დიდი ალბათობა, რომ მომდევნო ტრავმამ, შესაძლოა, ასეთივე ნაწიბურის წარმოქმნა გამოიწვიოს.

 

-    აკნეს შემთხვევაში დაავადების მკურნალობა ნაწიბურების საუკეთესო პრევენციაა.

 

როგორ დავმალო ნაიარევი?

 

თუ არ გსურთ ნაწიბური კიდევ უფრო თვალსაჩინო იყოს, უმჯობესია, ის მზისგან დაიცვათ. პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი კვლევის თანახმად, ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება ახლად შეხორცებული ჭრილობის შემთხვევაში ნაიარევის გამუქებას იწვევს. უმჯობესია, დაზიანებული ადგილი ულტრაიისფერი სხივებისგან, სულ ცოტა, ერთი წლის განმავლობაში დაიცვათ. ამისათვის კი გამოგადგებათ: დახურული ტანსაცმელი, სპეციალური სახვევი, მზისგან დამცავი საშუალებები, რომლებიც SPF 50-ს შეიცავს და ზოგადად, კარგი იქნება, თუ მზეს მოერიდებით.

 

რაც მთავარია, უნდა გახსოვდეთ, რომ თუ ნაიარევი უკვე ჩამოყალიბებულია და გინდათ, ის ნაკლებად ხილული გახადოთ, უმჯობესია ექიმს მიმართოთ. სპეციალისტი განსაზღვრავს ნაწიბურის ტიპს (თუკი ეს ნამდვილად ნაწიბურია და არა რამე სახის სხვა დაავადება).

 

ნაიარევის დაფარვის ერთ-ერთი გზა არის იმ ადგილზე ტატუს გაკეთება, მაგრამ ეს ყოველთვის არ შეიძლება. მაგალითად, თუ ნაწიბური მელანომის ან ლიმფური კვანძების ოპერაციის შედეგად რჩება, დაზიანებულ მონაკვეთში სვირინგის გაკეთება რეკომენდებული არ არის. სპეციალისტების განმარტებით, ავთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ, კანის ნაწიბურების მოხატვა საშიშია. ექსპერტების განცხადებით, თუ სიმსივნის ყველა უჯრედი ამოღებული არ არის, მაშინ მისი რეციდივი შესაძლებელია, ტატუს გამო კი თქვენ უბრალოდ მას ვერ დაინახავთ. ამავდროულად, სვირინგის გაკეთება არ არის სასურველი კელოიდურ ნაწიბურებზე, რადგან ამან შეიძლება მათი ზრდის პროვოცირება გამოიწვიოს.

 

როდის უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს?

 

სამედიცინო თვალსაზრისით, ნაიარევი, რომელსაც ზრდის დინამიკა არ ახასიათებს, საშიში არ არის. თუმცა ზოგჯერ ფსიქოლოგიური ასპექტი ძალიან ძლიერია. ნაწიბურებს შეუძლია ადამიანს მტკივნეული და ტრავმული მოვლენა გაახსენოს და ეს არც თუ ისე მარტივად გადასალახია.

 

ფსიქოლოგების განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვია, რა იყო ნაიარევის გამომწვევი მიზეზი. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ნაწიბურების არსებობა თქვენი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს, ფსიქოთერაპიის კურსის გავლა ნამდვილად ღირს. მაგალითად, თუ თქვენ არ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც გსურთ: არ ყიდულობთ ტანსაცმელს, რომელიც მოგწონთ, არ მიდიხართ პაემანზე, სამაგიეროდ ბევრს ფიქრობთ ნაიარევზე და ეს თქვენს განწყობას ანგრევს, გავლენას ახდენს თქვენს თვითშეფასებაზე და შესაბამისად, ცხოვრების წესიც გეცვლებათ.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი