logo_geo
რატომ დაატარებენ დედა მაიმუნები მკვდარ ნაშიერთა სხეულებს — ახალი კვლევა
- +

20 სექტემბერი. 2021. 14:23

 

 

მეცნიერებს ველურ ბუნებაში მრავალჯერ აქვთ შემჩნეული, როგორ დაატარებენ პრიმატები საკუთარ მკვდარ ნაშიერებს, ბაბუინებიდან დაწყებული, ადამიანის მსგავსი მაიმუნებით დამთავრებული. ასეთი რამ რეგულარულად ხდება სხვა არაპრიმატ სახეობებშიც, მაგრამ უცნობია მოტივაცია.

 

პრიმატების ასეთი ქცევის შესახებ ამ დროისათვის უდიდესი ანალიზის შემდეგ, ახალი კვლევა მიუთითებს, რომ მკვდარი ნაშიერის სხეულის ტარება შეიძლება მწუხარების გამოხატულება იყოს. მაგალითად, არსებობს კავშირები დედა-შვილის ურთიერთკავშირსა და მკვდარი სხეულის ტარების ხანგრძლივობას შორის.

 

კვლევის ფარგლებში მიმოიხილეს წარსულში ჩატარებული 126 კვლევა, რომლებშიც აღწერილი იყო პრიმატი დედის პასუხი ჩვილი ნაშიერის სიკვდილზე. ანალიზები პრიმატთა 50 სახეობას მოიცავდა, რომელთაგან 80 პროცენტი მკვდარი ნაშიერის ტარების ქცევის გარკვეულ ფორმას გამოხატავდა.

 

„ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ პრიმატებს შეიძლება ადამიანების მსგავსად ესმოდეთ სიკვდილი: შეიძლება გამოცდილება გახდეს საჭირო იმის გასაგებად, რომ სიკვდილი „ფუნქციონირების ხანგრძლივ შეწყვეტას“ იწვევს; სწორედ ასეთია სიკვდილის ერთ-ერთი კონცეფცია ადამიანებში“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ანთროპოლოგი ალესია კარტერი.

 

 

მისივე განცხადებით, არ ვიცით და შეიძლება ვერც ვერასოდეს გავიგოთ, შეუძლიათ თუ არა პრიმატებს იმის გაცნობიერება, რომ სიკვდილი უნივერსალურია, რომ ყველა ცხოველი, მათ შორის თავადაც მოკვდებიან.

 

მართალია, ძნელია იმის დადგენა, მართლაც აცნობიერებენ თუ არა პრიმატები, რომ მათი ნაშიერი მოკვდა, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ მკვდარი ნაშიერის სხეულებს უფრო მეტად ახალგაზრდა დედები ატარებდნენ; ამას გარდა, ტრავმის შედეგად მკვდარ ან სხვა მაიმუნების მიერ მოკლულ ნაშიერთა გვამებს დედები იშვიათად ატარებდნენ.

 

მკვდარ ნაშიერთა ტარება ყველაზე ხშირად ადამიანის მსგავს მაიმუნებსა და ძველი მსოფლიოს მაიმუნებში შეიმჩნეოდა; ისინი საშუალოდ ყველაზე დიდხანს ატარებდნენ ნაშიერთა გვამებს. ყველაზე დიდხანს ატარებდნენ უფრო პატარა ასაკში მკვდარ შვილებს, რომლებსაც ალბათ ყველაზე დიდი ბმა უნდა ჰქონოდათ დედებთან.

 

გავლენა არ აღმოაჩნდა მხედველობაში მიღებულ სხვა ფაქტორებს, მაგალითად, კლიმატს; ნაშიერის გვამის ტარება 409 შემთხვევაში უნივერსალური არ იყო. ზოგიერთ პრიმატში, მაგალითად, ლემურებში ასეთი ქცევა არ აღინიშნებოდა, მაგრამ ხანდახან, ისინი ნაშიერის გვამს უბრუნდებოდნენ და სინჯავდნენ, გამოეხმაურებოდნენ თუ არა საკონტაქტო დაძახილს.

 

„ჩვენმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სიკვდილისა და გარე მინიშნებების გამოცდილებით, პრიმატი დედები სიკვდილს შეიძლება უკეთ ეცნობოდნენ და შესაბამისად, გადაწყვიტონ, მკვდარ ნაშიერთა სხეული აღარ ატარონ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მაინც განიცდიდნენ დაკარგვით გამოწვეულ ემოციებს“, — ამბობს ბიოლოგიური ანთროპოლოგი ელისა ფერნანდეს ფუეიო.

 

როგორც მკვლევრები შენიშნავენ, ჩვენი საერთო ევოლუციური წარსული იმას ნიშნავს, რომ პრიმატების სოციალური კავშირები ჩვენსას ჰგავს, მაგრამ იმის დასადგენად, თუ ზუსტად რა ხდება, დამატებითი კვლევებია საჭირო.

 

არ არის გამორიცხული, ადრეული ადამიანებიც დღევანდელი მაიმუნების მსგავსად დაატარებდნენ ნაშიერთა გვამებს და ის სამგლოვიარო რიტუალები, რომლებიც დღეს გვაქვს, სწორედ ამ წერტილიდან განვითარდა.

 

ამჯერად, მკვლევართა ჯგუფი ადამიანებსა და პრიმატებს შორის ტანატოლოგიური ქცევის შესახებ კავშირებს ეძებს. ტანატოლოგია არის დარგი, რომელიც სიკვდილს, მის მიზეზებსა და გამოვლინებებს შეისწავლის.

 

„ჩვენი კვლევა სარგებელს მოგვიტანს პრიმატებში დარდის გაჩენისა და შესწავლის თვალსაზრისითაც. ცნობილია, რომ ადამიანებში ის დედები, რომლებსაც მკვდარი ნაყოფი უჩნდებათ და შეუძლიათ მისი ხელში დაჭერა, ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში, რადგან მათ საკუთარი კავშირის გამოხატვის საშუალება ეძლევათ“, — ამბობს კარტერი.

 

მისი განცხადებით, დანაკარგის შესამსუბუქებლად შეიძლება იგივე დრო სჭირდებოდეს ზოგიერთ პრიმატ დედას, რაც აჩვენებს, რამდენად ძლიერი და მნიშვნელოვანია დედაშვილური კავშირი პრიმატებში და უფრო ზოგადად ძუძუმწოვრებში.

 

კვლევა Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.

 

მომზადებულია ucl.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

 

 

big_banner
არქივი