logo_geo
როგორ დავეხმაროთ სიმსივნიან პაციენტს, როცა ის წონაში იკლებს
- +

7 ოქტომბერი. 2021. 14:28

 

ითვლება, რომ კიბოს მქონე ადამიანების დაახლოებით 85% ცუდად იკვებება. მიზეზები განსხვავებულია. ზოგს მადა ეკარგება, ვიღაცას საკვების გადაყლაპვა უჭირს, სხვას კი მონელების პრობლემა აქვს. არასწორი კვების რეჟიმმა  მკურნალობის მიმდინარეობასა და თერაპიის ეფექტიანობაზე შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს. გარდა ამისა, კვების პრობლემები ცხოვრების ხარისხსა და ნორმალური საქმიანობის უნარზე უარყოფითად მოქმედებს.

 

რატომ ხდება ასე?

ამის გამომწვევი შეიძლება იყოს თავად დაავადება, ზოგჯერ კი - მკურნალობის პროცესი. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულმა სიმსივნემ შეიძლება სიმაძღრის შეგრძნება გამოიწვიოს ან საკვების ათვისება შეაფერხოს. მკურნალობის დროს (ქიმიოთერაპია და / ან სხივური თერაპია) შეიძლება არასასურველი ეფექტები განვითარდეს, რაც საკვების მიღების პროცესს ართულებს (გულისრევა, გემოს აღქმის დარღვევა). ზოგიერთ ადამიანს პირის ღრუში წყლულის არსებობის ან თავისა და კისრის სიმსივნეების დასხივებით გამოწვეული სიმშრალის გამო საჭმლის გადაყლაპვა უჭირს. იმ შემთხვევაში, თუ გემოსა და სუნის აღქმა დარღვეულია, ადამიანისთვის ყველა საკვები ერთნაირია და მას შეიძლება მეტალის ან ქიმიური მინაერთის გემო დაჰკრავდეს. ტკივილმა, სტრესმა და დეპრესიამაც შეიძლება გამოიწვიოს ცუდი მადა და საკვები ნივთიერებების დეფიციტის (კვების დეფიციტის) განვითარებას შეუწყოს ხელი.

 

შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანი საკვები ნივთიერებების დეფიციტს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს?

 

დიახ, შეგიძლიათ სცადოთ. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭიროა სწორი კვება. გარდა ამისა, ავადმყოფობისა და კიბოს მკურნალობის დროს ადამიანებს შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობის ცილისა და კალორიის მიღება დასჭირდეს. აქ არის რამდენიმე რჩევა, რომელიც  სწორი კვების რეჟიმის დაცვაში დაგეხმარებათ:

 

 

-    დღის განმავლობაში მიირთვით რამდენჯერმე და არა - დღეში სამჯერ და დიდი ულუფებით;

-    თქვენი საყვარელი საკვები დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიირთვით. საჭმელი, რომელსაც ჩვეულებრივ დილით იღებთ, შეგიძლიათ საღამოსაც მიირთვათ, თუ ის უფრო მოგწონთ;

-    არ დაელოდოთ შიმშილის შეგრძნებას - ჭამეთ ყოველ რამდენიმე საათში;

-    ყველაზე დიდი ულუფა მოიტოვეთ იმ დროისთვის, როდესაც ყველაზე მეტად მშიერი იქნებით;

-    ყოველი კვებისა და საუზმის დროს ეცადეთ მიირთვათ კალორიული და ცილოვანი საკვები - ყველი, ხაჭო, კვერცხი, ხორცი, კარაქი;

-    დალიეთ ცილოვანი, მაღალკალორიული სასმელები, როგორიცაა მილქშეიკი;

-    სითხის უმეტესი ნაწილი მიიღეთ ჭამის პერიოდებს შორის და არა საკვებთან ერთად;

-    სცადეთ სახლში დამზადებული ან ნაყიდი პუდინგი.

 

და თუ ადამიანს მადა არ აქვს?

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს მადის პრობლემა გაქვთ,  აი, რა შეიძლება დაგეხმაროთ:

 

-    საკვების მიღების პროცესი უფრო სასიამოვნო გახადეთ: გაშალეთ სუფრა ლამაზად, ჩართეთ თქვენთვის საყვარელი მუსიკა ან გადაცემა, ისადილეთ კარგ კომპანიაში;

-    მოამზადეთ მილქშეიკი, სმუზები და წვნიანი კერძები, თუ მყარი საკვების მიღება არ გსიამოვნებთ;

-    მოიხმარეთ ის პროდუქტები, რომელთაც კარგი სუნი აქვთ;

-    თუ საკვების სუნი გაღიზიანებთ, სცადეთ ცივი ან ოთახის ტემპერატურის კერძი მიირთვათ;

-    იხელმძღვანელეთ ახალი რეცეპტებით და მიირთვით საკვები, რომელიც ჯერ არ გიცდიათ;

-    ჭამეთ მეტი, როცა თავს უკეთ გრძნობთ და როცა მშიერი ხართ - არ აქვს მნიშვნელობა ეს საუზმეა, სადილი თუ ვახშამი;

-    გქონდეთ თქვენი საყვარელი საკვების მარაგი, რომ შეჭამოთ, როგორც კი მოგშივდებათ;

-    იყავით ფიზიკურად აქტიური: ეს შიმშილის გრძნობის პროვოცირებაში დაგეხმარებათ;

-    თუ გაქვთ გულისრევა, ღებინება და საკვების გემოსა და სუნს ვერ აღიქვამთ, ეს სიმპტომები ექიმთან განიხილეთ.

 

როგორ გავუმკლავდე გვერდით ეფექტებს? თუ ღებინება ან გულისრევის შეგრძნება მაწუხებს, როგორ ვჭამო?

 

გულისრევის შეგრძნების დასაძლევად, ექსპერტები გვირჩევენ, თქვენთვის სასურველი საკვები მიირთვათ. არ ჭამოთ ის პროდუქტი ან კერძი, რომელიც გულს გირევთ. მოერიდეთ საკვებსა და სასმელს, რომელთაც მძაფრი სუნი აქვს. ჭამეთ დროულად, რადგანაც შიმშილმა შეიძლება  გულისრევის შეგრძნება ან ღებინება გამოიწვიოს. საკვები მიიღეთ დღეში 5-6-ჯერ, ნაცვლად სამჯერადი დიდი ულუფებისა და ჭამის დროს დიდი რაოდენობით სითხე არ მიიღოთ. უმჯობესია, საკვები და სასმელი ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ.

 

 

თუ ადამიანი საჭმლის გემოს ვერ გრძნობს, შეგიძლიათ სცადოთ საკვებში ლიმონის, ნივრის, კამის ან როზმარინის დამატება. თუ თქვენს ახლობელს მეტალის გემო აქვს, უმჯობესია, ჩვეულებრივის ნაცვლად პლასტიკური დანები და ჩანგლები გამოიყენოთ.

 

დიარეის დროს, ექსპერტები მეტი სითხის მიღებას გვირჩევენ: წყალი, არც თუ ისე მაგარი ჩაი, ვაშლის წვენი. ასევე რეკომენდებულია კალიუმის შემცველი პროდუქტები: ბანანი, კარტოფილი, გარგარი. თავიდან უნდა იყოს აცილებული ისეთი მჟავე სასმელები, როგორიცაა ტომატისა და ციტრუსის წვენები, ასევე- გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები.

 

ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ კუნთოვანი მასისა და ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებაში, სტრესის, დეპრესიის, გულისრევისა და ყაბზობის მართვასა და მადის გაუმჯობესებაში. იდეალურია კვირაში 150-300 წუთით ზომიერი ფიზიკური დატვირთვა (სიარული), თუმცა შეგიძლიათ დღეში 5-10 წუთით დაიწყოთ.

 

ზემოთ ჩამოთვლილთაგან ეფექტიანი არცერთი არ არის. ა უნდა ვქნა?

 

მიმართეთ ექიმს. მათ შორის, სპეციალისტთან უნდა განიხილოთ, სჭირდება თუ არა თქვენს ახლობელ ადამიანს სპეციალიზებული კვება. როგორც წესი, ეს სპეციალიზებული სასმელები პაციენტის ჩვეული დიეტის პირობებში დანამატის სახით გამოიყენება და ისინი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩევა.

 

https://imedinews.ge/ge/theme/826/rogor-davekhmarot-simsivnian-patsients-rotsa-is-tsonashi-iklebs

 

 

big_banner
არქივი