logo_geo
უტრუხუნეს ტრახტირი და ნიკო ფიროსმანი
- +

7 ოქტომბერი. 2021. 15:44

 

1911-12 წლებში მტკვრის მარცხენა მხარეს ციცაბო კლდეზე მდებარე ორსართულიან შენობაში ერთმა კახელმა, მეტსახელად უტრუხუნემ გახსნა ტრახტირი. მაშინ სამიკიტნოს ან ტრახტირს აუცილებლად რაიმე სახელს არქმევდნენ. ჰოდა, უტრუხუნემაც არც აცია და არც აცხელა და თავის ტრახტირს აეროპლანი დაარქვა.

 

უტრუხუნეს საქმე კარგად მისდიოდა და მოგებაც მატულობდა. მაგრამ მალე ზოგიერთ გავლენიან და მდიდარ მუშტარს მისთვის უთქვამს: აღარ გვინდა შენს ტრახტირში პურის ჭამა და შემოსვლაც კი, რადგან ღვთისგან წყეულ აეროპლანს ეძახიო (საქმე იმაშია, რომ ქალაქში ამბობდნენ, აეროპლანს კაცი კი არა, გადაცმული ეშმაკი მართავსო). თუ არ გადაარქმევ, ფეხს აღარ შემოვდგამთ შენთანო. უტრუხუნე ორ ცეცხლს შუა ჩავარდა: ტრახტირისთვის იმავე სახელის დატოვება მდიდარი მუშტრის დაკარგვას ნიშნავდა.

 

ამავე დროს ხალხის დიდი ნაწილი მიეჩვია „აეროპლანს“ და სახელის გადარქმევით შეეძლო მუშტრის ეს ნაწილიც დაეკარგა. ერთ მშვენიერ დღესაც უტრუხუნემ ნიკო ფიროსმანაშვილს, რომელიც მასთან ხშირად დადიოდა და კედლებიც მისი მოხატული იყო, სთხოვა, წასულიყო სხვებთან ერთად აეროდრომზე და შემდეგ ყველასთვის მოეყოლა, რომ აეროპლანი, ისევე როგორც ტრამვაი, ახალი გამოგონებაა და არა ეშმაკისეული. 

 

უტრუხუნემ ფიროსმანისთვის და კიდევ ორი ცნობილი მოქალაქისათვის ფაეტონი დაიქირავა, ისინიც დუდუკითა და ზურნით მიადგნენ საფრენ ადგილს, საიდანაც ქებურიას საჩვენებელი ფრენა უნდა მოეწყო. ფიროსმანაშვილმა ბესარიონს სთხოვა, - თუ ძმა ხარ, აიღე ორი ტომარა ბატიბუტი, რომ აფრინდები, იქიდან გადმოყარე, ყველა ნახავს, რომ ადამიანი მართავს აეროპლანსო. ქებურიამ თხოვნა შეუსრულა, ხალხს ზემოდან ბატიბუტი გადმოაყარა და საქმეც გაიჩარხა. იმ საღამოს უტრუხუნეს ტრახტირში დილამდე იქეიფეს.

 

წყარო: ირაკლი მახარაძის წიგნიდან „თბილისური ჭორ-მართალი“

 

 

right_banner big_banner
არქივი