logo_geo
სტალინის ჩარევით, დახვრეტას გადარჩენილი მეუფე და წმინდად შერაცხვა წლების შემდეგ
- +

9 ოქტომბერი. 2021. 02:49

 

 

 

აბაშიძეთა თავადური საგვარეულოს წარმომადგენელი ანტონ აბაშიძე (ერისკაცობაში დავით ილიას ძე) დაიბადა ვეჯინში 1867 წლის 12 ოქტომბერს. დედის მხრიდან ბაგრატიონებს ენათესავებოდა. აღზრდა წარმომავლობის შესაბამისი მიიღო, დაამთავრა ტფილისის გიმნაზია. იყო მარდი მხედარი, მოფარიკავე და მოცეკვავე. ოდესის ნოვოროსიის უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების (1891 წ.) შემდეგ ბრწყინვალე საერო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად იმავე წელს კიევის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა და ბერად აღიკვეცა დიმიტრის სახელით (დიმიტრი როსტოველის სახელობაზე). 1896 წელს დაამთავრა აკადემია და ტფილისის სასულიერო სემინარიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. სემინარიის მოსწავლეთა შორის იყო იოსებ ჯუღაშვილიც, რომელთან ურთიერთობამაც, როგორც ამბობენ, ანტონ აბაშიძე 30-იანი წლების რეპრესიებს გადაარჩინა.

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ანტონ აბაშიძე 1897 წლიდან ქუთაისის სასულიერო სემინარიის, ხოლო 1898 წლიდან – ტფილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორია. 1900 წელს არქიმანდრიტი ანტონ აბაშიძე ალექსანდრეს სამისიონერო სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა. 1920 წლიდან ასრულებდა ალავერდელი ეპისკოპოსის, ქართლის საეგზარქოსოს ვიკარიუსის, თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობებს. 1903 წელს გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსია. ამის შემდეგ მსახურებას რუსეთის იმპერიის ფარგლებში აგრძელებს: 1905 წლიდან პოდოლსკის ეპარქიაში, 1906 წლიდან – თურქესტანისა და ტაშკენტის ეპისკოპოსია. იმპერიის ეკლესიის სამსახურში მყოფი მეუფე მტკიცედ იდგა რუსული სახელმწიფოებრიობის დაცვის სადარაჯოზე. მან უზარმაზარი წვლილი შეიტანა შუა აზიაში მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად. თურქესტანში მისი მსახურებისას ტაძრების რიცხვი ერთიორად გაიზარდა. მის მიერ დაარსებული ეპარქიის ბეჭდვითი ორგანო – “თურქესტანის ეპარქიული უწყებანი” ეპოქალური მოვლენა იყო მთელი რეგიონისთვის. ხშირად ჩადიოდა რუსეთში და იქიდან ჩამოჰყავდა მღვდლები “სამოციქულო ღვაწლისათვის”, აგროვებდა რუს ქველმოქმედთა შემოწირულობებს, ჩამოჰქონდა წმინდა ნაწილები, ხატები. თურქესტანში დაარსა რელიგიურ–ზნეობრივი განათლების თურქესტანის საზოგადოება, აშხაბადში – წმ. ჯვრის იმიერკასპიის საძმო. 1912 წელს ანტონ აბაშიძე გადაიყვანეს ყირიმში, თავრიდელ–სიმფოროპოლელ ეპისკოპოსად ტავრიის ეპარქიაში. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩაეწერა, შავი ზღვის ესკადაში და რიგით საეკლესიო მუშაკად მსახურობდა ერთ–ერთ სამხედრო გემზე. აქ გამოჩენილი გმირობისათვის მიიღო იშვიათი ჯილდო – პანაღია გიორგის ბაფთით.ს

 

1915 წელს ანტონ აბაშიძე არქიეპისკოპოსად აკურთხეს. 1917 წელს მეუფემ მიიღო კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობა. ამავე წელს, საქართველოში ავტოკეფალიის გამოცხადების გამო, არჩეულ იქნა წმინდა სინოდის წევრის მოადგილედ. როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტიური მოწინააღმდეგე, ანტონ აბაშიძე გამოვიდა “თვითნებური” ავტოკეფალიის გამოცხადების წინააღმდეგ. ამით მან გზა დაიხშო საქართველოსკენ. 1918 წელს ანტონ აბაშიძე დაბრუნდა ტავრიის ეპარქიაში. იცავდა მეფის ოფიცრებს რევოლუციონერთა ანგარიშსწორებისგან. თანამშრომლობდა თეთრგვარდიელებთან – დენიკინთან და ვრანგელთან. 1919 წელს,  ყირიმში ვრანგელის შენაერთების შესვლის შემდეგ, ის აირჩიეს დროებითი უმაღლესი საეკლესიო სამმართველოს თავმჯდომარედ რუსეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში. ვრანგელის დამარცხებისა და თეთრგვარდიელების ყირიმიდან ევაკუაციის შემდეგ არქიეპისკოპოსმა არ მოისურვა რუსეთის დატოვება, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. 1923 წელს ბოლშევიკებმა დააპატიმრეს, მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა, მაგრამ სტალინის ჩარევის შემდეგ სასჯელი შეუმსუბუქეს. ორი წელი გაატარა ციხეში. პატიმრობისას დაკარგა მხედველობა. 1924 წელს გაათავისუფლეს, მაგრამ ყირიმში ცხოვრება აუკრძალეს (მოსახლეობაში მისი პოპულარობის ეშინოდათ). დასახლდა კიევში, პეჩორის ლავრაში. 1926 წელს მხედველობა ნაწილობრივ აღუდგა.

 

1927 წელს მიტროპოლიტმა სერგიმ საბჭოთა ხელისუფლებასთან ლოიალობის დეკლარაცია გამოაქვეყნა. ანტონ აბაშიძე, ა. ჟურაკოვსკისთან ერთად, ითვლება ამ დეკლარაციის საწინააღმდეგო, ანტისერგიანული მოწოდების – “К чадам Русской Церкви”– ავტორად.

 

1928 წელს მეუფემ მიიღო დიდი სქიმა – ანტონ პეჩორელის სახელის საპატივცემულოდ. 1931 წელს კიევო–პეჩორის ლავრა დაიკეტა და საძმო მონასტრიდან განიდევნა. ანტონ აბაშიძეს აეკრძალა ქვეყნის ექვს მთავარ ქალაქში ცხოვრება. 1933 წელს მეუფე ანტონი დააპატიმრეს, თუმცა შემდეგ საგანგებო დადგენილებით გაანთავისუფლეს. 1933-1941 წლებში ცხოვრობდა მორწმუნეთა ოჯახებში კარიდან კარზე გადაადგილებით, ასრულებდა ფარულ ღვთისმსახურებებს და ხელდასხმებს.

 

ანტონ აბაშიძე ითვლებოდა კიევის ჯგუფის კატაკომბური ეკლესიის სულიერ მწყემსმთავრად. 1937-41 წლებში ერთადერთი მღვდელმთავარია კიევში. ზოგიერთი მონაცემებით, იყო ქართული კატაკომბური ეკლესიის ორგანიზატორიც და მისი პირველიერარქი 1926 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე.

 

1941 წლის სექტემბერში გერმანიის საოკუპაციო რეჟიმმა ლავრა აამოქმედა, ანტონი გადასახლდა მონასტერში და იქვე მიიცვალა 1942 წლის დეკემბრის თვეში, დაასაფლავეს კიევო–პეჩორის ლავრის ეზოში.

 

2011 წლის 14 ივნისს ანტონ აბაშიძის საფლავი გახსნეს. 2012 წლის 22 აპრილს, კვირაცხოვლობას, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერის მიერ, სადღესასწაულო ღვთისმსახურების დროს, შესრულდა კიევის ეპარქიის ადგილობრივ წმინდანთა რიგში ეპისკოპოს ანტონ აბაშიძის შერაცხვის საეკლესიო წესი. წაკითხულ იქნა 2011 წლის 14 ივნისით დათარიღებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება – ეპისკპოს ანტონის სახელის საეკლესიო კალენდარში შეტანის შესახებ. არქიეპისკოპოსმა გააცნო სამღვდელოებასა და მორწმუნეებს მისი ცხოვრება, ტაძრის შუაგულში გამოიტანეს მისი ხატი. იქ მყოფმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მუხლი მოიყარეს ახლადშერაცხული წმინდანის ნაწილების წინაშე.

 

 

 

big_banner
არქივი