logo_geo
სახიფათო გზები, რომლებიც გამოცდილ მძღოლებსაც აშინებთ
- +

16 ოქტომბერი. 2021. 22:48

 

ყველა  გამოცდილმა მძღოლმა იცის, რომ არცერთი გზა არ იძლევა სრული უსაფრთხოების გარანტიას, თუმცა მსოფლიოში არსებობს გზები, სადაც ყველაზე გამოცდილ მძღოლებსაც კი შიშით გული ეკუმშებათ.

 

პასაჟ-დე-გუა, საფრანგეთი

 

 

ეს გზა პირდაპირ ზღვის ფსკერზე გადის და კუნძულ ნუარმუტიეს მატერიკულ საფრანგეთთან აკავშირებს. გზის სიგრძე სულ რაღაც 4 კილომეტრია, თუმცა საქმე იმაშია, რომ აქ მოძრაობა მხოლოდ რამდენიმე საათით, ზღვის მიქცევის დროსაა შესაძლებელი.

 

მოქცევის დროს გზა მთლიანად წყლის ქვეშ ექცევა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ხშირად ხდება ისე, რომ ავტომობილები წყლის ხაფანგში ექცევიან.

 

სკიპერსის კანიონი, ახალი ზელანდია

 

 

საშიში, მაგრამ ლამაზი. ეს სკიპერსის კანიონზე გამავალი გზაა, სადაც ქვათაცვენა ჩვეულებრივი მოვლენაა და არაერთი დამცავი ბარიერის მიუხედავად, გზაზე არაერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს გზა გასული საუკუნის დასაწყისში ააშენეს მაღაროელებისთვის, რომლებიც სკიპერსის კანიონში ოქროს მოიპოვებდნენ.

 

 

ტროლსტიგენი, ნორვეგია

 

 

ნორვეგიულად ტროლსტიგენი ტროლების კიბეს ნიშნავს. რთული რელიეფი და ულამაზესი პეიჟაზები უამრავ ტურისტს იზიდავს, თუმცა გზა იმდენად ვიწროა, რომ 14 მეტრზე გრძელი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აქ აკრძალულია. ხშირია ქვათაცვენა და ზამთარში ზვავებიც.

 

 

სტელვიოს უღელტეხილი, იტალია

 

 

ამ გზის საშუალებით იტალიური ლომბარდია ავსტრიას უკავშირდება. თითქმის იდეალური გზის საფარის მიუხედავად, სტელვიოს უღელტეხილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია უბედური შემთხვევების რაოდენობით. ქვათაცვენის და ხშირი ზვავების გამო, ნოემბრიდან მაისის ჩათვლით ის დაკეტილია.

 

დალტონი, ალასკა

 

 

660-კილომეტრიანი ტრასა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უკაცრიელ ადგილებში გადის. რთული კლიმატური პირობები მძღოლებს ხშირ შემთხვევაში გადაულახავ ბარიერებს უქმნის. ხშირი ნამქერის გამო, მძღოლებს ურჩევენ, საკვებ პროდუქტებთან ერთად თბილი ტანსაცმელი და საწვავის დიდი რაოდენობა მოიმარაგონ.

 

 

გუოლილანის გვირაბი, ჩინეთი

 

 

ხენას პროვინციას დანარჩენ ჩინეთთან სწორედ ეს გვირაბი აკავშირებს. ადგილობრივები დიდხანს ითხოვდნენ გზის მშენებლობას, თუმცა ამაოდ და იძულებულები გახდნენ, გზა საკუთარი სახსრებით და სახელდახელოდ შეძენილი ტექნიკით თავად აეშენებინათ. კილომეტრნახევრიანი გვირაბის სიგანე სულ რაღაც 4 მეტრია. გვირაბში განათებაა არაა და ადგილობრივები იძულებულები იყვნენ გვირაბის კედლებში პატარა ხვრელები გაეთხარათ, საიდანაც შესული სინათლე მძღოლებს გადაადგილების საშუალებას მისცემდა. გვირაბი დიდი უფსკულის პირზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გადის. ერთი არასწორი მანევრი და ფატალური შედეგი გარანტირებულია.

 

ზოდჟი ლა, ინდოეთი

 

 

ზოდჟი ლა – 11 კილომეტრი ზღვის დონიდან 3529 მეტრზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზა მსოფლიოში, რომელიც ქაშმირის შტატს ინდოეთში, ქალაქ ლოხთან აკავშირებს. გზა ვიწრო და ცალმხრივია, ამიტომ მოძრაობა იქ გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ ერთი მიმართულებითაა შესაძლებელი. ზოდჟი ლა, როგორც სატრანსპორტო არტერია, მხოლოდ მაისიდან ოქტომბრამდე ფუნქციონირებს. აქ მოძრაობა დღის განმავლობაშიც შეზღუდულია. ტრანსპორტის გადაადგილება 16 საათიდან ღამის 5 საათამდე აკრძალულია.

 

 

big_banner
არქივი