logo_geo
ლენინგრადის პლასტმასის სახლი – 1961 წლის ექსპერიმენტი
- +

17 ოქტომბერი. 2021. 01:48

 

1961 წელს ლენინგრადში (დღესდღეობით, სანქტ-პეტერბურგი) უნიკალური სამშენებლო ექსპერიმენტი ჩაატარეს: ტარჟკოვოს ქუჩაზე სახლებს შორის პატარა სახლი ააშენეს. მის უნიკალურობას არ წარმოადგენდა განსაკუთრებული არქიტექტურული გარეგნობა და არც ის, რომ მრავალ-სართულიანებს შორის პატარა სახლი ჩაიდგა, არამედ ის, რომ სახლი პლასტმასისგან იყო გაკეთებული.

 

სახლი ორსართულიანი იყო, მაგრამ პირველი სართული ტექნიკური მნიშვნელობის გახლდათ, სადაც სხვადასხვა კომუნიკაცია იყო განთავსებული – საჰაერო გათბობისა და ვენტილაციის დანადგარები. მისი კედლები რკინა-ბეტონის კარკასით იყო აგებული, ხოლო მეორე სართული – პლასტმასით. სამწუხაროდ, პლასტმასის სახლმა ჩვენ დრომდე ვერ მოაღწია.

 

აღნიშნული პროექტის ავტორები იყვნენ არქიტექტორი ა.პ. შერბენოკი და ინჟინერი ლ.გ. ლევინსკი.

 

სახლის კედლები პანელებით იყო აგებული, რომლებიც მინაბოჭკოვანი ფენებისგან შედგებოდა. კედლების მაქსიმალური სისქე 14 სმ-ს შეადგენდა. ინჟინრების გამოთვლით, მაშინ ასეთი კედლის თბოიზოლაცია ორი მეტრის სისქის აგურის კედელს უდრიდა. სახლი ერთოთახიანი იყო, თუმცა სამზარეულოთი, თანამედროვე სველი წერტილით, საწყობი ოთახითა და მცირე ტერასით.

 

ამ პატარა სახლში არავინ ცხოვრობდა. ექსპერიმენტის ძირითადი მიზანი იყო, შეემოწმებინათ სხვადასხვა სამშენებლო მასალის პლასტმასისგან წარმოება, ასევე მათი ექსპლუატაციის მაჩვენებელი.

 

აღნიშნულ პროექტზე დაყრდნობით და მიღებული კვლევის შედეგების მიხედვით, მომდევნო წლებში საბჭოთა მშენებლობაში მკაფიოდ დაიწყო პლასტმასის, როგორც საშენი მასალის გამოყენება. მოსკოვში პლასტმასის ხუთსართულიანი სახლიც კი აშენდა.

 

ექსპერიმენტი ფართოდ გაშუქდა. გარდა საბჭოური გამოცემებისა, ლენინგრადის პლასტმასის სახლი საზღვარგარეთის ჟურნალებშიც გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პლასტმასის სახლი არ იყო ერთადერთი მსოფლიოში. 1957 წელს „მომავლის სახლი“ დისნეილენდშიც ააშენეს, ხოლო 1963 წელს დიტერ მშიდტმა ლენინგრადის მსგავსი კონსტრუქციის საკუთარი სახლი ააშენა.

 

1969 წელს გერმანიაში კიდევ ერთი პლასტმასის სახლი აშენდა, რომელიც მის „წინაპრებზე“ დიდი იყო. პირველი საბჭოთა პლასტმასის სახლი თავიდან ლაბორატორიად გამოიყენებოდა, შემდეგ კი, ის უბრალოდ დაავიწყდათ. სახლი თანდათან ფუჭდებოდა, ინგრეოდა დროისა და ვანდალიზმის შედეგად.

 

 

right_banner big_banner
არქივი